ფ.გოგიჩაიშვილის კერძო სკოლის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმს ესტუმრნენ

ფ.გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის მოსწავლეები სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იმყოფებოდნენ.
როგორც სკოლის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსწავლეებმა დაათვალიერეს გამოფენა სახელწოდებით „ლეონარდო – Opera Omnia“.
“მოგეხსენებათ, რომ ლეონარდო და ვინჩი მხატვრობის გარდა, დაინტერესებული იყო მეცნიერების სხვადასხვა დარგით. შესაბამისად, ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ლეონარდოს ფენომენი სხვადასხვა მიმართულებით იყო საინტერესო.
გამოფენაზე მათ დაათვალიერეს ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრების მაღალი ხარისხის ციფრული რეპროდუქციები. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო, როგორც მხატვრის ადრეული პერიოდის ნამუშევრები ისე, შედარებით გვიანი პერიოდის მხატვრობა.
მოსწავლეებს სახვითი ხელოვნების პედაგოგმა ადგილზევე ჩაუტარა გაკვეთილი. გაკვეთილის განმავლობაში ბავშვებმა გაიგეს და დაინახეს განსხვავება მხატვრის ადრეულ და გვიანდელ ნამუშევრებს შორის. ასევე გაიაზრეს ლეონარდოს მხატვრობის მნიშვნელობა, როგორც მხატვრული ისე ეპოქალური თვალსაზრისით.
ცხადია, რომ მოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს მსოფლიოში ერთ-ერთი ცნობილი ნამუშევრის „მონა ლიზას“ მიმართ. მათ პედაგოგმა ადგილზე გააცნო ის მხატვრული თავისებურებები, რაც ახასიათებს ამ ნამუშევარს.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ბავშვებზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება დატოვა „საიდუმლო სერობის“ ციფრულმა რეპროდუქციამ. დიდი ზომის ნამუშევარი, რა თქმა უნდა, ექსპოზიციის ცენტრია. ბავშვებმა ყურადღებით დაათვალიერეს ნამუშევარზე გამოსახული თითოეული ფიგურა, დაინახეს მათ მიმიკებს შორის განსხვავება და შეეცადნენ ნამუშევრის ხასიათის გააზრებას.
გასვლითი გაკვეთილის მიზანს წარმოადგენდა ლეონარდოს როგორც მხატვრის, შემოქმედების მაქსიმალურად ახლოს გაცნობა. ამგვარი აქტივობა მოსწავლეებში ავითარებს მხატვრული ნაწარმოების აღქმის უნარებს და ამასთანავე, ნელ-ნელა მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობა ხდება”, – აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები