უსაფრთხოა თუ არა სილიკონის საცხობი ფორმები – ეს უნდა იცოდეთ!

დღეს ბევრ ოჯახშია სილიკონის გამოსაცხობი ფორმები, რომლებსაც დიასახლისები სიამოვნებით იყენებენ. ის მრავალნაირია, მსუბუქი, ადვილად გასარეცხი და ადვილად გამოსაყენებელი – ანუ საქმესაც აიოლებს და შედეგსაც ამრავალფეროვნებს. თუმცა რამდენად უსაფრთხოა და რა უნდა იცოდეთ აუცილებლად, თუ ამ ფორმებს იყენებთ ან ყიდვას აპირებთ?
ბოლო დროს ხშირად საუბრობენ მის მავნებლობაზე. თუმცა ცალსახად ის შეიძლება ითქვას, რომ ნებისმიერი ჭურჭელი შეიძლება იყოს მავნე, თუ მისი მოხმარების წესებს არ დავიცავთ. გარდა ამისა, ბაზარი სავსეა უხარისხო და მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ნაწარმით, ამიტომ ყიდვის დროს ხარისხს აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ეტიკეტი რაც შეიძლება მკაფიო და გასაგები უნდა იყოს და მწარმოებლის შესახებ ინფორმაციაც – ზუსტი.
არსებობს სილიკონის სხვადასხვა სახეობა, სხვადასხვა რეცეპტურითა და გამოყენების სფეროებით. მის შემადგენლობაში შეიძლება იყოს სხვადასხვა ქიმიური ელემენტი: ბორიუმი, კობალტი, ქრომი, ნიკელი, მარგანეცი, სელენი, თუთია და სხვები. ყველა ამ კომპონენტს შეუძლიათ საფრთხის მოტანა.
რასაკვირველია, იმ სილიკონის მიმართ, რომელიც სამედიცინო და საცხობი მიზნებით გამოიეყენება, მეტი მოთხოვნებია. ასეთი სილიკონი უნდა იყოს არატოქსიკური, ჰიპოალერგიული და არ შედიოდეს რეაქციაში ორგანულ მჟავებთან. ეს ყველაფერი რომ დაცული იყოს, წარმოების დროს გაცილებით რთული და ნელი ტექნოლოგიური პროცესის გავლაა საჭირო. გარდა ამისა, ზოგიერთმა კულინარიულმა ნაწარმმა დაბალ და მაღალ ტემპერატურასაც უნდა გაუძლოს. ამის მიღწევა იოლი არ არის, შესაბამისად, ყველა მწარმოებელი არ გაირთულებს საქმეს და ამდენ ძალისხმევას არ გაიღებს. ამიტომ ბაზარზე უამრავია უხარისხოდ და სწრაფად წარმოებული სილიკონი, რომელიც განსაკუთრებულ საფრთხეს შეიცავს.
როგორ ავიცილოთ თავიდან უხარისხო ნაწარმის ყიდვა? აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება პროდუქტის ანოტაციას და შეფუთვას. ნაწარმი გადის ხოლმე გარკვეულ ექსპერტიზას უსაფრთხოებაზე. ამის დამადასტურებელი ნიშანი უნდა ჰქონდეს – აშშ-ის საკვები პროდუქტების კონტროლის მიერ შემოწმების (FDA) ან ევროკავშირის (CE). ეს მარკირება ნიშნავს, რომ პროდუქტი უსაფრთხო და მაღალი ხარისხის არის. ასევე

უნდა იყოს დაწვრილებითი ინსტრუქცია პროდუქციის მოხმარების და შენახვის შესახებ – დასაშვები ტემპერატურული რეჟიმის და ა.შ.

ხანდახან ფორმებზე ტემპერატურა მითითებულია არა ცელსიუსის შკალით, არამედ ფარენგეიტის შკალით. მაგალითად, ამ ფორმისთვის მაქსიმალურად დასაშვები ტემპერატურა 450 გრადუსია ფარენგეიტით, ანუ 232 გრადუსი ცელსიუსით.
ფორმებს ასევე უნდა ჰქონდეს ნიშნები, რომ:
შეიძლება იყოს გამოყენებული საკვებად;
არ შეიძლება ღია ცეცხლზე დადგმა;
არ შეიძლება ფორმის ელექტროქურაზე დადგმა
არ შეიძლება მჭრელი საგნების გამოყენება.

გარდა ამისა, გამოყენებამდე სილიკონის ფორმა უნდა გამოიწვას. გამოწვის პროცესში იწვება ის ნივთიერებები, რომლებიც წარმოებისას გამოიყენეს. არაფერი სირთულე არ ახლავს ამ პროცედურას. სილიკონის ფორმა უნდა გარეცხოთ რომელიმე მსუბუქი სარეცხი საშუალებით, გააშროთ, წაისვათ მცენარეული ზეთი და დაახლოებით 200 გრადუს ტემპერატურაზე გაცხელებულ ღუმელში შედგათ 10 წუთით. ამის მერე ფორმის გამოყენება უკვე შეგიძლიათ.

silikon2

silikon1

წყარო: http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები