„ტყუპები რომ გააჩინა, დაინახა, გაუცინა და უცებ გული გაუჩერდა“ – გარდაცვლილი მშობიარე ქალის გამზრდელი დეიდა

3 აგვისტოს კლინიკა „ჰერაში“ მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. თამუნა მინაშვილმა საკეისრო კვეთა გაიკეთა და ტყუპები გააჩინა. სწორედ ოპერაციის მიწურულს გაუჩერდა მას გული.

თამუნა ინგლისელ პოლ-რობერტ ქერელზე 9 წლის წინ დაქორწინდა. მეუღლის შესახებ ქერელი სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი ლამაზი მეუღლე თამუნა ტრაგიკულად გარდაიცვალა 2020 წლის 3 აგვისტოს, ჩვენი შვილების – ენი როუზ ქერელის და დანიელ ჯეიმს ქერელის დაბადებიდან მალევე. ისეთი ლამაზი ცოლი იყო, თან ისეთი დიდი და მოსიყვარულე გულით, სიტყვები ძლივს აღწერს. მწუხარებით სავსე ვარ ჩემი ლამაზი თამუნას გამო.

თამუნა, სადაც უნდა იყოს შენი სული, ძალიან მიყვარხარ“, – წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეუღლე.

მომხდარზე კომენტარს თამუნას გამზრდელი დეიდაც აკეთებს:

„თამუნამ ტყუპები რომ გააჩინა, დაინახა, გაუცინა და უცებ გული გაუჩერდა“, – იხსენებს ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში თამუნას გამზრდელი დეიდა, ანა ყუბანეიშვილი.

„ბავშვის გაჩენაზე გვიან იფიქრეს და ინ ვიტრო განაყოფიერებით დაფეხძიმდა. კარგი ფეხმძიმობა ჰქონდა. კონტროლის ქვეშაც იყო, მეუღლეც თავზე ევლებოდა და ყველა…

ბავშვები დაიბადნენ და მერე გაუჩერდა გული. მხოლოდ ეს ვიცით. ერთხელ აუმუშავეს თურმე გული და მეორედ ვეღარ მოახერხეს. დაესივნენ ყველანი, მაგრამ… ბავშვები ნახა თამუნამ, უყურებდა და უცინოდა თურმე“, – ყვება გარდაცვლილის დეიდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები