ტყეში დაკარგული ბავშვები მოხალისეებმა კანფეტის ქაღალდების წყალობით იპოვეს

თითქმის 2 დღე-ღამე 250 მოხალისე კალიფორნიის ტყეში 5 და 8 წლის ორ გოგონას ეძებდა. მათი გადარჩენა კი კანფეტების ქაღალდების წყალობით მოხერხდა. ამის შესახებ გუმბოლდტის ოლქის შერიფმა განაცხადა.
პოლიციელების განმარტებით, 1 მარტს დები სახლთან ახლოს თამაშობდნენ. მათ ირმის კვალი შენიშნეს, გაყვნენ და ტყეში დაიკარგნენ. რაღაც მომენტში მიხვდნენ, რომ სახლის გზას ვეღარ პოულობდნენ.
საბედნიეროდ, უფროს დას სკაუტის პროგრამა ჰქონდა გავლილი და თავის გადარჩენის მარტივი უნარები კარგად ჰქონდა ათვისებული. ბავშვებმა გადაწყვიტეს უცნობ ადგილებში ტყუილად არ ევლოთ და დახმარებას დალოდებოდნენ. მათი თავშესაფარი დავარდნილი ტოტები გახდა, ხოლო წყალს გოგოები ფოთლებიდან აგროვებდნენ. საბნის მაგივრად ბავშვებმა საწვიმარი გამოიყენეს.
ამასობაში მათმა მშობლებმა განგაში ატეხეს, დაიწყო სამძებრო ოპერაციაც, თუმცა არავინ იცოდა სად იყვნენ დები. ამ დროს კი ერთ-ერთმა მოხალისემ კანფეტის ქაღალდი იპოვა და შესაბამისად ძებნა გამარტივდა. მალევე ჯერ გოგოების ფეხის კვალი, შემდეგ კი თავად ისინიც იპოვეს – ცოცხლები და უვნებლები. გოგონებს მცირე გაუწყლოება ჰქონდათ, თუმცა ამ დროისთვის, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები