ტრაგედია ფეხბურთელის ოჯახში – ვის მიუძღვნა გამარჯვება ლანჩხუთელმა გოგომ, რომლის გატანილი ბურთიც რუმინელების კარში ისტორიული აღმოჩნდა

19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“  “ფლეი ოფის” ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი „ლანჩხუთი” ადგილობრივ „კლუჟს” დაუპირისპირდა და 1-0 მოიგო.

ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფა-ს ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან.

გადამწყვეტი გოლი რუმინელების კარში გუნდის 31 წლის ბომბარდირმა, ხატია ჭყონიამ გაიტანა. როდის დაინტერესდა ფეხბურთით, როგორი ბავშვობა ჰქონდა, რა სამომავლო გეგმები აქვს, ხატიამ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„პრაიმტაიმის“ სახელით გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას და კიდევ უამრავ წარმატებას გისურვებთ.

ხატია ჭყონია: „უღრმესი მადლობა ყველა ჩვენს გულშემატკივარს, ისეთი გამოხმაურება გვაქვს, ალბათ ვერც წარმოვიდგენდით… ისეთი მაგარი დახვედრა მოგვიწყვეს ლანჩხუთში, როგორც ჩვენ გავახარეთ ყველა, იგივე ემოციები მივიღეთ ჩვენი ქომაგებისგან, ძალიან ბედნიერები ვართ…“

– მოგვიყევით როგორ გაჩნდა ფეხბურთი შენს ცხოვრებაში, რამდენი წლის იყავი როდესაც დაინტერესდი ამ სპორტით?

– რაც მახსოვს, სულ ფეხბურთს ვთამაშობ.ჯერ უბნის ბავშვებთან, მერე სკოლის შეჯიბრებებში ვიღებდი მონაწილეობას. ღამე ბურთთან ერთად მეძინა. შეპყრობილი ვიყავი ამ სპორტით და დღემდე ასეა…ქობულეთში ზურა კახიძემ ჩამოაყალიბა გოგონათა გუნდი. 11 წლის ვიყავი, როდესაც ამ გუნდში დავიწყე თამაში. ეს ჩვეულებრივი მოყვარულთა გუნდი იყო, მერე გადავედი ბათუმის გოგონათა გუნდში, ერთხელ თბილისის გუნდთან მოგვიწია თამაშმა, მაია ჯაფარიძე ესწრებოდა ამ შეხვედრას, მოეწონა ჩემი თამაში და მან საქართველოს გოგონათა საფეხბურთო გუნდში მიმიწვია. მაშინ 13 წლის ვიყავი. მერე გავიდა წლები და მეგობრის დახმარებით, წავედი თურქეთში. 10 წელი ვთამაშობდი იქ სახვადასხვა გუნდში. თავიდან თამაში „ტრაპზონ სპორში“ დავიწყე, მერე იზმირის „კონაკში“ბოლოს ისევ ლანჩხუთში დავბრუნდი, ოჯახური პრობლემების გამო. მინდოდა ჩემს ოჯახთან ვყოფილიყავი და ბოლო ერთი წელია, რაც ლანჩხუთის გოგონათა გუნდში ვთამაშობ.

– რომელი ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი თამაში ბოლო ერთი წლის განმავლობაში?

– 14 სექტემბერს გვქონდა ფინალი თბილისის „ნიკესთან“. 6 სექტემბერს დამეღუპა 5 წლის დისშვილი. ვერავინ იფიქრებდა რომ მე ამის შემდეგ კიდევ შევძლებდი თამაშს. მაგრამ გავედი სტადიონზე და ჩემი მაქსიმუმი დავდე. ორი ბურთის სხვაობით უნდა მოგვეგო ეგ თამაში რომ გამარჯვებულები გავმხდარიყავით, 3-0 მოვიგეთ და აქედან ის გადმწყვეტი ორი გოლი მე გავიტანე. მეორე მაისური შიგნიდან, ჩემი დისშვილის ფოტოს გამოსახულებით მეცვა და გოლის მერე ავიწიე მაისური… ძალიან ემოციური თამაში იყო, ყველანაირი ტკივილი ამ თამაშში და ამ გოლებში ჩავდე, მას მივუძღვენი ეს გამარჯვება… ამ ბოლო თამაშებზე მეტად, ყოველთვის ის თამაში იქნება ჩემთვის დასამახსოვრებელი…

– ყველაზე გადამწყვეტ მომენტში გაგაქვს გოლები, ძალიან გამორჩეული მოთამაშე ხარ გუნდში, შენ თუ თვლი რომ ეს ასეა?

– მე ბოლო შემსრულებელი ვარ, მე გამაქვს გოლი. მაგრამ ვფიქრობ რომ სტადიონი არ არის რინგი, ესაა გუნდური თამაში, ჩვენ ყველანი თანაბრად ვმონაწილეობთ თითოეულ გამარჯვებაში, ყველა ძალიან კარგად აკეთებს თავის საქმეს. უბრალოდ ჭყონია, ჭყონია, შენ მაგარი ხარ, ყველა მაღიარებს ალბათ გადამწყვეტი გოლების გამო, თუმცა მე ვთვლი ეს მთელი გუნდის დამსახურებაა.

– რა მნიშვნელოვანი უნარები განავითარე და წამოიღე უცხოურ გუნდებში თამაშებისგან, რაც აქ ძალიან დაგეხმარა პროფესიულ წინსვლაში?

– პირველ რიგში დისციპლინა, მერე ვარჯიშები, რომელზეც არასდროს უნდა დააგვიანო. ასევე კვების დისციპლინა, საათობრივი კვება და განსაკუთრებული რაციონი. ელემენტარულად თურქეთში პირველად აღვიქვი ის რომ მოედნის საფარი მწვანე უნდა იყოს და არა ქვიშისფერი. დიდი გამოცდილება მომცა იმ გუნდებში თამაშმა, ჩემი გუნდი თურქეთის ჩემპიონი გახდა, ვთამაშობდით ევროპის ლიგაზეც.

– ფეხბურთის გარდა თუ გიფიქრია სხვა პროფესიაზე, ან თუ ხარ რამით გატაცებული?

– ფეხბურთის გარდა, არც სხვა სპორტი, არც ხელოვნების რომელიმე სფერო, არაფრის ინტერესი არ მქონია არასდროს. მხოლოდ ფეხბურთი, სულ ასე იყო და დარწმუნებული ვარ ბოლომდე ასე იქნება.

– შეიძლება ითქვას,  კარიერულ ზენიტიში ხარ, განვლილ პროფესიულ ცხოვრებაზე როცა ფიქრობ, შეიძლებოდა თუ არა რაღაცეები სხვანაირად განვითარებულიყო?

– მიფიქრია მაგაზეც, როცა პატარა ვიყავი, უკეთესი ვარჯიშები რომ მქონოდა, უკეთესი პატრონი. არც ბუცები, არც მოედანზე ვარჯიში, ელემენტარული ნივთების არქონა და მაინც  უზომოდ მიყვარდა ფეხბურთი. ტელევიზორიც კი არ იყო ნორმალური რომ მეყურებინა თამაშებისთვის.

 მშობლებზე და ოჯახზე მომიყევი, როგორ შეხვდნენ პატარა გოგოს უჩვეულო გატაცებას?

– ძალიან დიდი ოჯახი მაქვს. შვიდი დედმამიშვილი ვართ,ექვსი და და ნაბოლარა ძმა. მყავს ტყუპისცალი და. ძალიან განსხვავებულია ჩემგან, ლამაზია ძალიან…

ფეხბურთს თამაშობდა ჩემი დაც, მაგრამ მოკლედ ერთი ბიჭი შეუყვარდა და ოჯახი შექმნა. ჩემი ძმაც დადიოდა ფეხბურთზე, მონაცემებიც ქონდა მაგრამ ცოტა ზარმაცი აღმოჩნდა და თავი დაანება.

დედაჩემი თავიდან არ მიშვებდა ხოლმე, როცა ფეხბურთის სათამაშოდ მეძახდნენ. ასე ფიქრობდნენ რომ ფეხბურთი ბიჭების თამაშია და არა გოგოსი, მერე უკვე მიხვდა რომ მე ფეხბურთის გარეშე ვერ ვიცხოვრებდი, სულ გვერდში მედგა, მინდობილობა იყო თუ ფულის სესხება, როგორც მამა, ასევე დედაც მუდმივად ზრუნავდნენ ჩემზე.გაჭირვება იყო მაშინ ასე დალაგებული ფული არავის გვქონდა. მამა ყველა თამაშზე დამყვებოდა, დღემდე ყველანაირად ხელს მიწყობს.მშობლები ძალიან მეხმარებოდნენ როგორც შეეძლოთ. როდესაც საზღვარგარეთ თამაშებზე მივდივარ, მთელი ოჯახი იკრიბება და უყურებს ჩემს თამაშს, ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. ფეხბურთი და ჩემი ოჯახი, ესაა ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში.

 როგორ ერთობი თავისუფალ დროს?

– ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მაქვს და მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო ჩემს ოჯახთან, დიშვილებთან და ძმიშვილებთან, თოთმეტი მყავს სულ და ვგიჟდები ამ ბავშვებზე.სულ მგულშემატკივრობენ, უყურებენ ჩემს თამაშებს და მეც სულ მათთან მინდა ყოფნა. დიდი ადგილი უჭირავთ ჩემს ცხოვრებაში ასევე ჩემს მეგობრებს, უამრავი მყავს, ძირითადად თბილისში. ვიკრიბებით და გავდივართ კლუბებში, ძალიან მიყვარს კლუბური ცხოვრება.

 სიყვარული…?
– ამ ეტაპზე არფერი ხდება ჩემს პირადში, დიდად არც ვარ დაინტერესებული, არც დრო მაქვს და არც სურვილი. ბევრი გულისგატეხვა მქონია და ახლა მთლიანად ფეხბურთს ვუთმობ ჩემს დროს…

– დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია თქვენმა საჯარო აღიარებამ, რომ გუნდს ძალიან უჭირს ფინანსურად, ისაუბრეთ იმაზეც თუ როგორ პირობებში გიხდებოდათ კლუბის ბაზაზე ცხოვრება. ამაზე რას გვეტყვით?
– ძალიან რთული პერიოდები გამოვიარეთ, მაგრამ გვპირდებიან რომ უკეთ იქნება ყველაფერი და იმედია ასეც იქნება. ფედერაცია ძალიან ცდილობს, თანხაც გამოგვიყვეს, ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც, საკმაოდ სოლიდური დაფინანსება გვაქვს, იმედია ამის შემდეგ უკეთ მოგვაქცევენ ყურადღებას.

– სამომავლო გეგმებზეც მოგვიყევი?
– უფრო ცხოვრების დინებას მივყვები, დიდად არ ვფიქრობ მერე რა იქნება. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ უკვე 31 წლის ვარ, შორი არ არის ის დრო როცა აქტიური ფეხბურთიდან წასვლა მომიწევს, ყველაზე  უფროსი ვინც ქალ ფეხბურთელებს გვყავს საქართველოში არის 37 წლის. გააჩნია როგორ ფიზიკურ ფორმას შეინარჩუნებ, თუმცა რაღაც ასაკში წასვლა ყველას უწევს. მინდა მწვრთნელი გავხდე და ბავშვები ვავარჯიშო, C-ე კატეგორია მაქვს და მინდა ავიღო B-ე კატეგორია, არის კიდევ მაღალი კატეგორიებიც. ისევ ამ სფეროში მინდა ვიყო და ჩემი გამოცდილება გავუზიარო სხვებს.

წყარო :primetime.ge

 

 

 

 

 

კომენტარები

სხვა სიახლეები