ტკივილს ახალშობილებიც გრძნობენ

ადრე მეცნიერები თვლიდნენ, რომ რადგან ახალშობილებს ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვთ ნერვული სისტემა, ისინი ტკივილს ვერ გრძნობენ. დღესაც კეთდება სხვადასხვა სახის მანიპულაცია, რომლის დროსაც ახალშობილს არ უკეთებენ გაუტკივარებას.
არადა, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს მთელი რიგი გამოკვლევებისა და დაადგინეს, რომ ახალშობილის ტვინის აქტივობა – საპასუხო რეაქცია ტკივილზე ისეთივეა, როგორიც მოზრდილი ადამიანის.
პროფესორმა რებეკა სლეიტერმა და მისმა კოლეგებმა გამოიკვლიეს 10 ჯანმრთელი ახალშობილი, 1-დან 6 დღემდე ასაკის, და 10 ჯანმრთელი ადამიანი 23-დან 36 წლის ასაკამდე. გამოკვლევისთვის გამოიყენეს მოწყობილობა, რომელშიც მოათავსეს ექსპერიმენტის მონაწილეები. ექსპერიმენტის დაწყებამდე პატარები დააძინეს. მონაწილეებს ფეხის გულზე უჩხვლიტეს ნემსი (პატარებს, რა თქმა უნდა, ნაკლები სიმძლავრით). ასეთი სტიმულაციის შედეგად დააფიქსირეს თავის ტვინში მომხდარი ცვლილებები. მოზრდილებში ცვლილება დაფიქსირდა 20 ზონაში, ხოლო ახალშობილებში – 18 ზონაში.
ახალშობილის ნერვულმა სისტემამ სუსტ ჩხვლეტაზე ისეთივე რეაგირება მოახდინა, როგორიც დიდზე – უფრო ძლიერი ჩხვლეტის დროს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ საჭიროა გადაიხედოს და შევიდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები სახვადასხვა მანიპულციის დროს ბავშვთა გაუტკივარების სფეროში. ჩვილი ბავშვები ნამდვილად გრძნობენ ტკივილს.

წყარო: http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები