სუფთა ჰაერი ქილებით იყიდება

უცხოელმა ჟურნალისტმა ახალ ზელანდიაში, ოკლენდის საერთაშორისო აეროპორტში, „დუთი ფრი“-ს ზონაში რამდენიმე ქილას ფოტო გადაუღო, რამაც სოციალური ქსელების მომხმარებლების დიდი ინტერესი გამოიწვია. საქმე იმაშია, რომ ფოტოზე აღბეჭდილი 4 ქილის ფასი 98.99 დოლარია, ხოლო მათში არც მეტი, არც ნაკლები „ახალი ზელანდიის სუფთა ჰაერია“ მოთავსებული. სწორედ ასეთი წარწერა ამშვენებს ამ ნაწარმს.
როგორც აღმოჩნდა, მსგავსი ჰაერით სავსე ქილები ინტერნეტშიც, საიტზე „Kiwiana“ იყიდება და ერთი ქილის ფასი 34.50 დოლარია. პროდუქტის აღწერაში კი ნათქვამია, რომ უნიკალური სუფთა ჰაერი ახალი ზელანდიის სამხრეთ ალპებშია მოპოვებული, ცივილიზაციისგან ასობით კილომეტრის მოშორებით, სადაც მის სისუფთავეს ადამიანის უხეში ჩარევა ვერ წაბილწავს. ასევე ნათქვამია, რომ ეს არის ალპური ზონის ყველაზე სუფთა ჰაერი, რომელიც ოდესმე შეგისუნთქავთ.
როგორც ირკვევა, აღნიშნულ ნაწარმზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაც გაჩნდა, რაც სავსებით არ უნდა იყოს გასაკვირი. საინტერესოა, ხომ არ გახდება ეს ინფორმაცია ქართველი ბიზნესმენებისთვის ინსპირაციის წყარო.

კომენტარები

სხვა სიახლეები