„სიყვარულის რეცეპტი“ პარაფსიქოლოგისგან- “ენდეთ ინტუიციას, მეექვსე გრძნობას”…

„ვისაც მეორე ნახევრის პოვნა სურს, სიყვარულის ენერგია უნდა მიიზიდოს“, – ამის შესახებ პარაფსიქოლოგი მაია ყუფარაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ამბობს და მკითხველს „სიყვარულის რეცეპტის“ შესახებ რამდენიმე რეკომენდაციას ურჩევს.
“რჩევები, რომლებსაც მოგცემთ, შესაძლოა, ერთი შეხედვით, სერიოზულად არც კი მიიღოთ, მაგრამ დამიჯერეთ, სამყაროში მიზიდულობის კანონი მუშაობს და აზრების მატერიალიზაციაც ხდება, ასე რომ, აიღეთ ფურცელი, მოიმარჯვეთ საწერ-კალამი და შეადგინეთ იმ თვისებების სია, რომლითაც უნდა იყოს დაჯილდოებული თქვენი პოტენციური პარტნიორი. მეორე ნახევრის მოსაზიდად, უნდა წარმოიდგინოთ, როგორ გამოიყურება, როგორ მეტყველებს და მოქმედებს თქვენი იდეალური პარტნიორი. ამას ვიზუალიზაცია ეწოდება. დახედეთ სიას და წარმოსახვაში ხორცი შეასხით იმ ერთადერთსა და განუმეორებელს, ვისაც ამდენი ხანია, ელით. ეს მომენტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც სამყარო ანუ სივრცე, რომელშიც ვცხოვრობთ, სარკესავითაა და მხოლოდ სახეებს აღიქვამს, რასაც დაანახებთ, იმას მოგცემთ… და კიდევ, მეორე ნახევრის მოსაზიდად სამყაროს თქვენი ნამდვილი სახე უნდა აჩვენოთ. თუ საკუთარ თავს არ შეურიგდებით, ვერავის მიიზიდავთ, შეიყვარეთ თქვენი თავი ახლავე, ხვალისთვის ნუ გადადებთ. მიიღეთ ისეთი როგორიც ხართ, კეთილად განეწყვეთ და პატივი ეცით! საკუთარი თავის სიყვარულს არაფერი აქვს საერთო ამპარტავნობასა და ქედმაღლობასთან. სხვისი სიყვარული რომ მიიზიდოთ, ჯერ საკუთარ თავში უნდა ააღორძინოთ იგი. დაიჯერეთ, რომ უნიკალური ხართ. სულის სიღრმიდან ამოჩიჩქნეთ და გახსენით თქვენი ყველა საიდუმლო, ბოლომდე შეისწავლეთ საკუთარი თავის ხასიათი, რათა გაიგოთ, ვინ იყავით და ახლა რას წარმოადგენთ ან როგორი იქნებით მომავალში. თუ არ შეიცვლებით, თქვენს ცხოვრებაშიც არაფერი შეიცვლება. სიყვარულს ვერ მიიზიდავთ, თუ გამუდმებით უარს ამბობთ ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ ახალ შესაძლებლობებსა და სიტუაციებზე. სამყაროს თანხმობა განუცხადეთ და ახალი კარი გააღეთ. ენდეთ ინტუიციას, მეექვსე გრძნობას და თავად მიხვდებით, როდის ან ვის უნდა დაეთანხმოთ და ვის – არა“, – აცხადებს პარაფსიქოლოგი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

სხვა სიახლეები