სიყვარულის ორი ისტორია – როგორ შექმნა მსახიობმა ლაშა რამიშვილმა ახალი სიმღერა (ვიდეო)

„იცი, არ გეტყვი იმ სიტყვებს, გულს რომ გატკენს“…

ტელეწამყვანისა და პოეტის ლელა ნინუას ლექსის ამ ფრაზაზე ახალი სიმღერა შეიქმნა. ლექსი მან მსახიობ ლაშა რამიშვილის მელოდიას მოარგო. როგორც „კვირა+“- მა გაარკვია, ლაშასთვის ეს მეორე სიმღერაა, რამაც ახალგაზრდა, ნიჭიერ ხელოვანს ახალ ამპლუაში კიდევ ერთი წარმატება მოუტანა.

სიმღერის პრემიერა – „ნუ მეძებ, აქა ვარ“- სატელევიზიო პროექტ „პროფილში“ შედგა. ის მალევე აიტაცეს ინტერნეტმომხმარებლებმა და, შეიძლება ითქვას, რომ დღეს სოციალურ ქსელებში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

სიმღერა, რომელსაც მელოდიის ავტორი ლაშა რამიშვილი თავადვე ასრულებს, სიყვარულზეა. ის ძალიან მელოდიურია. როგორც მომღერალმა „კვირა +“ -ს განუცხადა, ახალ სიმღერაზე მალე კლიპის გადაღება იგეგმება, თუმცა ავტორმა კლიპის სიუჟეტი ჯერ არ გაგვიმხილა.

„ ჯერ დაიწერა სიმღერის მისამღერი, შემდეგ – ტექსტი, რომელიც ლელა ნინუამ არაჩვეულებრივი, შინაგანი ემოციით შექმნა. მგონი, სიმღერის ტექსტი მისთვის პირველი იყო და ძალიან კარგად გაართვა თავი. სხვადასხვა ქართულ რადიოში უკვე ბევრი ითხოვს ამ სიმღერას, მაგრამ ვცდილობ, არ გავაჟღერო … ჩემს თავზე საუბარი ცოტა მეუხერხულება. სხვათა შორის, ამ სიმღერაზე კლიპის გადაღება იგეგმება.

პროდიუსერი მადონა ხარატიშვილი იქნება, რომელიც ძალიან ნიჭიერი დიზაინერია. იდეა მოფიქრებულია, თუმცა წინასწარ დეტალურად ვერაფერს გეტყვით, კლიპი შეიძლება სიყვარულზე, უიღბლო სიყვარულზე, ან იღბლიან სიყვარულზე იყოს“, – განაცხადა ლაშა რამიშვილმა.

სიმღერის დაბადების შესახებ „კვირას+“-თან ექსკლუზიურად ისაუბრა ტექსტის ავტორმა ლელა ნინუამაც.

როგორც პოეტი ამბობს, აღნიშნული სიმღერა მისი და ლაშას პირველი, ერთობლივი ნამუშევარია და არ გამორიცხავს, რომ მომავალში ისევ ითანამშრომლონ.

,,დიზაინერმა მადონა ხარატიშვილმა, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარია, დამირეკა და მითხრა, რომ ლაშას დაწერილი ჰქონდა ძალიან კარგი მელოდია და შემომთავაზა, იქნებ ტექსტი მე შემექმნა. შევიკრიბეთ. პირველივე აკორდმა მომნუსხა. გულწრფელად რომ გითხრათ, ლაშას მელოდიაზე ლექსის შექმნა ჩემთვის დიდი პატივი იყო. ჩავთვალე, რომ რაღაც ახალი უნდა მეპოვა ჩემს თავში. ეს იყო საინტერესო გამოწვევა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იდეის ავტორსაც და ლაშასაც. მახსოვს, როგორ მიუჯდა ლაშა როილს… ძალიან ემოციური მომენტი იყო …დამიჯერეთ, მუსიკა სიტყვების გარეშეც თავად „მღეროდა“… მელოდიამ იმდენად გამავსო, რომ სიურპრიზი გამახსენდა, რომელიც ძალიან კარგმა ადამიანმა რამდენიმე დღით ადრე მომიმზადა – მან დილით ადრე გარეთ გამოსულს მანქანა ფერადი, საჰაერო ბურთებით მორთული დამახვედრა…

მახსოვს, უზარმაზარი, პოზიტიური ენერგიით დავიმუხტე და მას სოციალურ ქსელში სტატუსიც კი მივუძღვენი, შემდეგი სიტყვებით: „იცი, არ გეტყვი იმ სიტყვებს, გულს რომ გატკენს“, – ასე მოვიდა პირველივე სტროფის დასაწყისის იდეა და მოვიდა მუზაც.

ლაშამაც წაიმღერა და სიმღერაც ასე, თეატრის ცარიელ სცენაზე, ცარიელ დარბაზში ლამაზად და მოულოდნელად დაიბადა… რა გითხრათ, ლაშას მუსიკამ სიცარიელე შემივსო… მონახაზი თავიდანვე გავაკეთეთ. მოგვიანებით კი, ნაფიქრალის გაზიარება ტელეფონით გავაგრძელეთ, ანუ სიმღერის ძირითადი ტექსტი სწორედ მობილურით ნაკარნახევია. სხვათა შორის, სიმღერის ერთი სტროფი თვითონ ლაშას ეკუთვნის, მელოდიას ძალიან ლამაზად მოარგო სიტყვები – აღფრთოვანებული დავრჩი. ის მრავალმხრივ ნიჭიერი ადამიანია.

ლაშა სულით „გაკრიალებული“ ადამიანია. მასთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. ვიცი, მას მუზა არ მოასვენებს, კიდევ ბევრს დაწერს. ულამაზესი მეუღლე ჰყავს – ის მისი მთავარი მუზაა! იმედი მაქვს, ჩვენი შემოქმედებითი გზები მომავალშიც გადაიკვეთება – ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება. ჩემს მუზას, კი, ვინც მე შემოქმედებითი მუხტი მომცა, მინდა ჩემივე ლექსის ტექსტის ამონარიდით მივმართო: „ნუ მეძებ, აქა ვარ. ასეა, შემოქმედი ადამიანების შთაგონების მთავარი წყარო და საფუძველი სწორედ სიყვარულია და ის სულ ჩვენში, ან ჩვენს ირგვლივ არის. უბრალოდ მისი დანახვა, შეგრძნება და მიღება უნდა ვისწავლოთ “, – განაცხადა ლელა ნინუამ.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=C1SWcE2DuU4&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები