„სიმღერა ღორის გრიპზე”, რომელსაც ასიათასობით ნახვა აქვს-ვინ არის 19 წლის შემსრულებელი

ბოლო პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდება სამოყვარულო ვიდეორგოლი „სიმღერა ღორის გრიპზე“, რომელსაც 2 კვირაში უკვე ნახევარი მილიონი ნახვა ჰქონდა – ვიდეოს ავტორი და სიმღერის შემსრულებელი ლუკა კვარაცხელიაა. 19 წლის „იუთუბერს“ “კვირა+” პოპულარული ვიდეოსა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

როგორც თავად ამბობს, ვიდეოს შექმნის იდეა სპონტანურად გაუჩნდა. ამბობს, რომ ელოდა ასეთ გამოხმაურებას, რადგან ეს წინასწარ თავადვე გათვალა.

„ერთხელაც მომბეზრდა ეს ერთფეროვნება და გადავწყვიტე, რამე ახალი გამეკეთებინა. გადავწყვიტე, სიმღერა აქტუალურ თემაზე ჩამეწერა და ასე შეიქმნა სიმღერა ღორის გრიპზე. ყველაფერი მქონდა გათვლილი და შესაბამისად, ველოდი ასეთ დიდ გამოხმაურებას, მაგრამ მთლად ასეთსაც არა – ღორის ვირუსივით ვირუსული გახდა ეს სიმღერა”, – აღნიშნავს კვარაცხელია.

ბავშვობიდან გატაცებული იყო ვიდეოების გადაღებით, თუმცა ინტერნეტში განთავსება და ხალხისთვის გაზიარება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკმარისად დაიხვეწა. დღეს უკვე „იუთუბზე“ 30 000 გამომწერი ჰყავს და ძირითადად სახალისო ვიდეოებს აქვეყნებს.

„ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი ვიდეოების გადაღებით. ერთ დღესაც, როცა უფრო დავიხვეწე, გადავწყვიტე ჩემი ნაშრომი ხალხისთვის მეჩვენებინა და ამაში იუთუბი დამეხმარა. დაახლოებით 1 წლის წინ დავიწყე იუთუბზე ვლოგერობა, მანამდე ფეისბუქზე ვდებდი ჩემს გახმოვანებულ ანიმაციებს და სხვადასხვა თემატიკის ვიდეოებს. ამ 1 წლის განმავლობაში, დაახლოებით, 50 ვიდეომდე განვათავსე და 30 000 გამომწერამდეც ავედი. დღესდღეობით, ძირითადად, ჩემი ვიდეოები არის სახალისო ვიდეო-ვლოგები. სულ რამდენიმე კვირის წინ, შემოვიღე ახალი მუსიკალური კონტენტი – ცნობილ მელოდიებს ქართულ ტექსტებს ვუთავსებ. მაქსიმალურად ვცდილობ, ეს ყველაფერი როგორც სასიამოვნო მოსასმენი, ასევე სახალისოც იყოს”, – ამბობს კვარაცხელია.

ამჟამად, 19 წლის „იუთუბერი“ თსუ-ის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯში, ვიდეო-საოპერატორო ხელოვნებაზე სწავლობს. ამბობს, რომ სამომავლოდ გააგრძელებს თუ არა ვიდეოების გადაღებას ხალხსა და მათ გამოხმაურებაზეა დამოკიდებული. „ჯერჯერობით კარგად დავიწყე და თუ ასე გაგრძელდა, რატომაც არა, ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული”

კომენტარები

სხვა სიახლეები