საფრანგეთში პოლიციამ ქალი გააცოცხლა, რომელიც „სასწრაფო დახმარების“ ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში პოლიციელებმა ქალი გააცოცხლეს, რომელიც ერთი საათით ადრე „სასწრაფო დახმარების“ ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
49 წლის ქალი დიდი ხნის განმავლობაში ანორექსიით იყო დაავადებული. ის ქალიშვილმა ძირს დავარდნილი იპოვა და, ერთი შეხედვით, ქალმა ინფარქტი გადაიტანა.
როდესაც შემთხვევის ადგილზე ექიმები მივიდნენ, მათ მიერ ქალის გაცოცხლების ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მათ ოფიციალურად დაადასტურეს გარდაცვალების ფაქტი.
1 საათის შემდეგ ადგილზე პოლიციის ორი თანამშრომელი მივიდა და მათ მოულოდნელად ქალს პულსი აღმოუჩინეს. ამის შემდეგ პოლიციელი ტელეფონით ექიმებს დაუკავშირდა, რომლებმაც მას აუხსნეს, თუ როგორ უნდა ჩაატაროს ხელოვნური სუნთქვა. 30 წუთის შემდეგ ქალი დამოუკიდებლად სუნთქავდა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი კვირის შემდეგ ქალი გამოჯანმრთელდა.
პოლიციის და საავადმყოფოს წარმომადგენლები ამ ფაქტს „ფანტასტიურს“ უწოდებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები