“სადღესასწაულო დღეებში ბავშვების ემოციურ გადაღლაზეც იფიქრეთ. არ არის სასურველი, “მოსწრების” რეჟიმში ყოფნა და ყოველდღიურად ახალ-ახალ აქტივობებზე წაყვანა”

ბავშვები საახალწლო არდადეგებს, როგორც წესი, მხიარული მოუთმენლობით ელიან: ნაძვის ხე, საჩუქრები, სტუმრები, არდადეგები – მთელი ეს აურზაური უამრავ გართობას, სიცილს და სხვა დადებით ემოციებს ჰპირდება. მაგრამ ამავდროულად, ეს წელიწადის ემოციურად რთული პერიოდია, რომელსაც ჩვეულ ყოველდღიურ რუტინაში მრავალი ცვლილება და, შესაბამისად, ბევრი სტრესი შემოაქვს.

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, სადღესასწაულო საზრუნავში გამონახონ დრო და ხშირად განიხილონ შვილებთან ერთად, რა ხდება ოჯახში, რა არის დაგეგმილი, რა, როგორ და რატომ ხდება. ისაუბრონ დღესასწაულის როგორც დადებით, ასევე უარყოფით მხარეებზე.

1. განიხილეთ ემოციები
მნიშვნელოვანია ბავშვებთან საუბარი იმ ემოციებზე, რომლებსაც ისინი ახლა განიცდიან, მხარი დაუჭირეთ მათ და აუხსენით, რომ ყველა ეს შერეული გრძნობა ნორმალურია – ოჯახში გამეფებულ ქაოსს და აურზაურს, ერთი მხრივ, სიხარული და გართობა მოაქვს, მაგრამ მეორეს მხრივ, მათ შეუძლიათ შფოთვა, გაურკვევლობა, ნერვული დაძაბულობა და ემოციური დაღლილობა გამოიწვიონ.

უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვები ძალიან დაკვირვებულები არიან და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად ჩვენივე ანარეკლია. იმის დემონსტრირებით, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეთ სადღესასწაულო ქაოსს და აჩვენებთ, რომ ამ დროს ემოციებზე საუბარი უფროსებთან საჭიროა, ბავშვი სწავლობს სტრესთან გამკლავებას.

2. შექმენით უსაფრთხო სივრცე
თუ თქვენი შვილი ამ დღეებში დისკომფორტს განიცდის, შექმენით მისთვის მშვიდი, უსაფრთხო სივრცე, სადაც მას არავინ შეაწუხებს, სადაც ის შეძლებს იყოს მშვიდად, სტუმრებთან აქტიური კონტაქტის გარეშე, ითამაშოს ან სხვა საყვარელი აქტივობებით გაერთოს. როცა ხალმრავალი სიტუაციისგან თავის გარიდება მოუნდება, უნდა შეეძლოს, რომ ნებისმიერ დროს მივიდეს ამ წყნარ ადგილას.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი „სადღესასწაულო“ რუტინის შემოღებაა. მართალია, ის ნაკლებად მკაცრი და ზუსტი იქნება, მაგრამ რაღაცები ყოველდღიურად, რუტინულად უნდა შესრულდეს.ეს ბავშვს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის განცდას გაუჩენს და მას ცვლილებებთან ადაპტაციაში დაეხმარება.

3. ზედმეტი აქტივობები საჭირო არაა
ნუ იქნებოთ „მოსწრებაზე“, თუ სად წახვიდეთ და კიდევ რა მოინახულოთ. სულაც არ არის საჭირო ბავშვების ყოველდღიურად წაყვანა „ნაძვის ხეებზე“, სტუმრად, სპექტაკლებზე, მუზეუმებში და ა.შ. უმჯობესია დაისვენოთ, საკუთარ თავსაც ნაკლები მოსთხოვოთ და ოჯახთან ერთად გატარებული დროისგან რაც შეიძლება მეტი სიხარული და სიამოვნება მიიღოთ.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები