საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ახალ პროფესიას ეუფლება – მაია ფანჯიკიძე კულინარიის უფასო კურსებზე სწავლობს (ფოტოები)

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი – მაია ფანჯიკიძე კულინარიულ კოლეჯში მსოფლიო სამზარეულოს ფაკულტეტზე სწავლობს და კულინარის პროფესიას ეუფლება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მაია ფანჯიკიძის და – ნათია ფანჯიკიძე წერს და ფოტოებსაც თავადვე აქვეყნებს. ამასთან, ნათია ფანჯიკიძის ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი ახალ პროფესიას ესპანელი მზარეულის, მანუელის ლექციების საშუალებით ეუფლება, სადაც სწავლა უფასოა.

„ლამის ტენდენციად აღვიქვა, 25-27 წლის ადამიანები მეუბნებიან, ხელმოცარული ვარ, არარაობა ვარ, დრო გავფლანგე, ვერაფერს მივაღწიე, რაც ვისწავლე, არ მომწონს, რაც მომწონს – ვერ ვისწავლე, ყველაფერი გვიანია და უიმედოო. ძალიან განვიცდი მათ ასეთ დეპრესიულ განწყობას, რომელსაც უამრავი რამ განაპირობებს, ზოგადი ატმოსფეროს ტოქსიკური გავლენაა და რა თქმა უნდა, არაფერი აქვს საერთო რეალურ მარცხთან. არცერთ ასაკში და მით უმეტეს, ცხოვრების გარიჟრაჟზე სიტყვა “გვიანაა”ცნობიერებაში არ უნდა ფორმირდებოდეს. ნებისმიერი ასაკის ადამიანებო, დრო პირობითი რამაა, ის არ გარბის, ის თქვენს სამსახურშია. ერთი მთლიანი სიცოცხლე ის ერთი დღეა, რომელიც ახლა გაგითენდათ და ყოველ ახალ დღეს შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი ცხოვრება.

ეს ორი სტუდენტი ქალი – ჩემი და მაია და მისი მეგობარი ლელა გიორგობიანია. არც ერთს არ დაკლებია დაბრკოლებები და სტრესი, მაგრამ არც ერთს არ ჰქონია დღე, რომელიც უმნიშვნელოდ მიიჩნიეს. ეს ორივე ქალი თავისი საქმის პროფესიონალია. ასაკი – 50-ს ზევით. ამა წლის ერთ მშვენიერ (სავარაუდოდ, ცისმარე) დღეს, გადაწყვიტეს ერთით მეტი პროფესია შეიძინონ, დიპლომირებული მზარეულები გახდნენ და ჩააბარეს კულინარიულ კოლეჯში მსოფლიო სამზარეულოს ფაკულტეტზე. სანიმუშო მოსწავლეები არიან, კონსპექტებით, რეცეპტებით, საშინაო დავალებებით და სტუდენტური ცხოვრების ყველა ატრიბუტით. კლასის დამრიგებელიც ბრწყინვალე ჰყავთ, ესპანელი მზარეული მანუელი, რომელმაც ყველა კულტურის გემო და თითქმის ყველა უცხო ენა მშობლიურივით იცის.

იხილეთ ფოტოები, მოიმარჯვეთ ბლოკნოტები, ჩამოწერეთ თქვენი “ვადაგასული” თუ ახალთახალი ოცნებები და დაიწყეთ მათი დაგეგმვა (სანამ უსახსრობას მოიმიზეზებს ვინმე, გამცნობთ, კოლეჯი უფასოა)“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები