რუსთავში ჯარისკაცებმა ალმოდებული სახლიდან 2 ბავშვი გამოიყვანეს

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე სამმა სამხედრო მომსახურემ  ხანძრის დროს  2 მცირეწლოვანი ბავშვი გადაარჩინა.
ჯარისკაცები რუსთავში ერთ-ერთ ღონისძიებაზე მიდიოდნენ, რა დროსაც გზიდან შეამჩნიეს, რომ ფანჯრიდან კვამლი გამოდიოდა, ადგილზე მისულებს კი ბინაში ძლიერი ხანძარი დახვდათ. იყო ინფორმაცია, რომ სახლში 2 მცირეწლოვანი იმყოფებოდა, მეზობლების თქმით, ბავშვების მამა სახლში ვერ შედიოდა.
ხანძართან ერთად იყო ძლიერი დაკვამლიანება – ჯარისკაცმებმა საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ბინაში შეაღწიეს და 2 მცირეწლოვანი ალმოდებული სახლიდან გამოიყვანეს.
მაღალი დაკვამლიანების შედეგად, სამხედროებმა მძიმე ინტოქსიკაცია მიიღეს. ერთ-ერთი მათგანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ორს  კლინიკა “რუსთავში” შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება.
“ინფო რუსთავის“ ინფორმაციით, ჯარისკაცები არიან: 26 წლის დავით კვიწინაძე და 34 წლის ალექსანდრე ჯანიაშვილი, მესამე ჯარისკაცი, რომელიც შედარებით მძიმედ იყო და ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, გიორგი მუსელიანია.
შეგახსენებთ, რომ ხანძარი მეგობრობის გამზირზე საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე  გუშინ, დილის საათებში გაჩნდა.
როგორც „კვირა +“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: „ინფო რუსთავი“

 

კომენტარები

სხვა სიახლეები