რომელი მწერებია გავრცელებული საქართველოში და რა უნდა გავითვალისწინოთ მათი ნაკბენის დროს

ცხელი სეზონის მოახლოებასთან ერთად აქტიურდებიან მწერებიც, რომელთა ნაკბენსაც ადამიანებში როგორც მსუბუქი, ისე მწვავე ალერგიული რეაქციების გამოწვევა შეუძლია. გარდა ამისა, ზოგიერთი მათგანი სხვადასხვა ინფექციური დაავადების გადამტანიც არის.
რა უნდა ვიცოდეთ მწერების შესახებ? რა ტიპის ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს მათი კბენის შემდეგ? როგორ უნდა მოვუაროთ ნაკბენს? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის ალერგოლოგ-იმუნოლოგს, ქეთევან ომიაძეს მივმართეთ.

– რომელი მწერები არიან საქართველოში ყველაზე გავრცელებული? რა რეაქციებს იწვევს მათი ნაკბენი?
– საქართველოში ყველაზე გავრცელებული მწერები, რომელთა ნაკბენიც გარკვეულ ალერგიულ რეაქციებს იწვევს, არიან
კოღო, ქინქლა, ჭიანჭველა, კრაზანა და ფუტკარი. მათ შხამზე შეიძლება განვითარდეს ლოკალური ალერგიული რეაქცია, რაც ვლინდება ნაკბენის ადგილის შეწითლებით, შეშუპებით, ტკივილითა და ქავილით. ასევე, ნაკბენმა შესაძლოა სწრაფი ტიპის, სისტემური ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, რომელშიც სხვადასხვა ორგანოთა სისტემა მონაწილეობს და ვლინდება სუნთქვის გაძნელებით, ბრონქოსპაზმით, გენერალიზებული ჭინჭრის ციებით, წნევის ვარდნით, მუცლის ტკივილით, ღებინებით. აღნიშნული რეაქცია, ძირითადად, კბენიდან 5-30 წუთის განმავლობაში ვითარდება.

სისტემური ალერგიული რეაქცია სიცოცხლისთვის საშიშია და აუცილებელია სწრაფი და სპეციფიკური დახმარება. თუ ადამიანს ანამნეზში ან ოჯახურ ანამნეზში ამ ტიპის ალერგიული რეაქცია აქვს, აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს, რათა შეძლოს დროულად და სწორად იმოქმედოს ასეთი გართულებების დროს.

– როგორ უნდა მოვუაროთ მწერის ნაკბენს, რათა არ გაღიზიანდეს და გართულდეს?

– თუ
ნესტრიანი მწერის ნაკბენია, ყურადღება უნდა მივაქციოთ, ხომ არ დარჩა ნესტარი კანში. სასურველია, ნაკბენის არეალს გადავატაროთ ბასრი ზედაპირის მქონე ნებისმიერი საგანი და ამოვიღოთ ნესტარი, შემდეგ ჩამოვიბანოთ წყლით და საპნით, დავიდოთ ცივი საფენი. არასწორმა მოვლამ შესაძლოა ნაკბენი არეალის დაინფიცირება გამოიწვიოს.

– გარდა ალერგიული რეაქციების გამოწვევისა, რა დაავადებებით დაინფიცირების ალბათობა არსებობს მწერის ნაკბენით?

– საქართველოში გვხვდება დაავადება ლეიშმანიოზი, რომლის გადამტანიც ფეხსახსრიანი მწერები არიან. ასევე, ტკიპას გადააქვს ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიცაა ბორელიოზი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და იშვიათად ტკიპისმიერი ენცეფალიტი. ამ დაავადებების დროული დიაგნოსტირება მნიშვნელოვანია, ამიტომ, ტკიპას ნაკბენის შემდეგ თუ განვითარდა ცხელება, გამონაყარი და თავის ტკივილი, პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს.

– რა არის თქვენი რეკომენდაციები, რომლებიც ზაფხულში უნდა გავითვალისწინოთ?
– პირველ რიგში, ალერგიულმა პაციენტმა, სასურველია, ზაფხულის დადგომამდე კონსულტაცია ალერგოლოგთან გაიაროს და მისგან ინდივიდუალურად მიიღოს კონკრეტული რეკომენდაციები.

ზოგადად კი, ზაფხულის პერიოდში ბუნებაში გასვლისას ყველამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:

ჩაიცვით ისე, რომ სხეული სრულად იყოს დაფარული
ტანისამოსი უნდა იყოს მუქი ფერის
არ გამოიყენოთ მძაფრი სუნის კოსმეტიკური საშუალებები
საკვები მოათავსეთ დახურულ კონტეინერში
კარავი არ გაშალოთ ტბის პირას
ჩააქრეთ სინათლე, დახურეთ ფანჯრები
გამოიყენეთ ე.წ. მწერების დამაფრთხობელი საშუალებები.

 

 

 

 

 

 

 

წყარო: https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები