როგორ უნდა იყოს მოწყობილი სახლში ხატების კუთხე – ამ წესების გარეშე ეს კუთხე, უბრალოდ, გამოფენაა

დღეს ძალიან ბევრ ოჯახში შეხვდებით ხატებით გაფორმებულ სალოცავ კუთხეს. ვინაიდან არ გვაქვს საშუალება, რომ ყოველ დილა-საღამოს ტაძარში ვიაროთ, ხატების სახლში ქონა აუცილებელი ხდება, თუმცა ყველამ არ იცის, რომ ამ კუთხის მოწყობას თავისი წესები აქვს.
როგორ უნდა მოვაწყოთ სახლში წმიდა კუთხე – გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

– ხატები ერთგვარი “ფანჯარაა”, რომლის საშუალებითაც მიღმიერ სამყაროს ვუკავშირდებით. კუთხის დანიშნულებაა ოჯახი ბოროტისგან დაიფაროს, გაამხნევოს და ლოცვისკენ მოუწოდოს, სურვილი აღუძრას ღვთის ხმობისა. შფოთი, კონფლიქტი, სიგარეტის მოწევა, ლოთობა და ღრეობა ოჯახში არღვევს სულიერ ატმოსფეროს.
ოჯახის ერთ-ერთი ძირითადი წარმმართველი ძალა მორჩილებითი ლოცვაა. ოჯახის წევრებს ვურჩევთ, რომ ერთად წარდგნენ ღვთის წინაშე, ეს ერთობა ერთსულოვნების “მასტიმულირებელია”, თან ლოცვის შემდეგ უნდა მივიღოთ ნაკურთხი წყალი და სეფისკვერი. ლოცვის დამთავრებისას ერთმანეთისგან შენდობა ვითხოვოთ განვლილი ღამისთვის და დილის ლოცვის შემდგომ მომავალი დღე ვუკურთხოთ სამსახურსა და სასწავლებელში წამსვლელთ. ასე იქმნება სალოცავი კუთხე.
თავისთავად “კუთხე” ვერ იქნება სამლოცველო, თუ იქ არ სრულდება ლოცვა, სახარების კითხვა, გალობა და ა.შ. ჩვენ ვქმნით უფალთან კომუნიკაციის საშუალებას, ხოლო უფალი თავის მხრივ გვიწყალობებს სიხარულსა და ცხონებას.

– როგორ მოვაწყოთ სალოცავი კუთხე?
– ყველაზე მაღალ ადგილას განთავსდება ჯვარი, გამოხსნის სიმბოლო. შემდეგ ყოვლადწმინდა სამების ხატი. მარჯვნივ მაცხოვრისა, ხოლო მარცხნივ ღვთისმშობლის ხატები. დაუშვებელია, მაცხოვრის ზემოთ რომელიმე წმინდანის ხატი განთავსდეს, უნდა დავიცვათ იერარქიულობა და თან ხატი კანონიკური უნდა იყოს. ქვედა რიგში – წინასწარმეტყველების, მათ გვერდით ან ქვევით –  მოციქულთა, მღვდელმთავართა, დიდმოწამეთა, წმინდათა უვეცხლოთა მკურნალთა, წმინდა იოაკიმე და ანას ხატები შეიძლება ჩამოვკიდოთ.
აუცილებელი არ არის, სახლი გამოფენად ვაქციოთ. თუ ვერ ვლოცულობთ და ვერ ვცემთ თაყვანს, თუ უყურადღებოდ გვრჩება ხატები, უმჯობესია გადავცეთ მას, ვინც ჯეროვნად მოეპყრობა.
ბეჭდვის გაადვილებით, რეპროდუქციული ხატების გამრავლებასთან ერთად გამრავლდა ჩვენი მხრიდან მათ მიმართ უპატივცემულობაც. სიწმინდისადმი უკრძალველობას სჯობს, ორი ხატი გვქონდეს სახლში და გულით ვილოცოთ მათზე, მოვუაროთ და ისინი ჩვენ თავად გვიპატრონებენ.
არის ისეთი ხატები, სადაც ყველა წმინდანია გამოსახული – “საქართველოს იმედი”, “საქართველოს დიდება”, შეგვიძლია ამ ხატზე გამოსახულ წმინდანებს ვევედროთ და ცალკეული ხატების გამოფენად არ ვაქციოთ სახლი. ხატისთვის სპეციალურად იწერება ტროპარ-კონდაქი, პარაკლისი, სავედრებელი გალობა, დაუჯდომელი… ადამიანმა უნდა იცოდეს სწორი თაყვანისცემა ხატისა, ხშირად ევედროს მათ საჭიროებისამებრ, იაროს ტაძარში და მოძღვრის ლოცვა-კურთხევა შეასრულოს. ყოველი ლოცვის შემდეგ უნდა ვაკმიოთ საკმეველი.
ხატების კუთხეს უნდა მოვარიდოთ ტელევიზორი, კომპიუტერი, რადიო და ა.შ. მათი შეხედვისას მიწიერი სულსწრაფობა გვიპყრობს, შეიძლება ვიჩქაროთ კიდეც ლოცვის დასრულება. როგორც ტაძარშია მიუღებელი ტელევიზორი, ასევე სამლოცველო კუთხესაც გაამიწიერებს და ვერ შევძლებთ ლოცვის განწყობის შექმნას. აქაც არის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც გამომცემლობაში ან სამსახურში უწევს ადამიანს ყოფნა, იქ მას უწევს ტელევიზორისა და ტექნიკის ქონაც, რაც მოვალეობის შესრულებისთვის აუცილებელი პირობაა.

არ შეიძლება ხატები განთავსდეს თაროების გასამშვენებლად, საერო ფოტოების გვერდით.
mshoblebi
– რომელ მხარეს უნდა შევურჩიოთ სალოცავ კუთხეს ადგილი?
– მოკლედ შეიძლება ითქვას: თავისუფლად და მოსახერხებლად მისასვლელ ადგილას. თუმცა კუთხე აღმოსავლეთ მხარეს უნდა იყოს (თუ ამის შესაძლებლობა გვაქვს), რადგან ედემი აღმოსავლეთით დაინერგა სამოთხეში; იუდას ტომიც, როგორც უფრო ღირსეული, აღმოსავლეთით იყო დაბანაკებული. სოლომონის სახელგანთქმულ ტაძარშიც უფლის კარიბჭე აღმოსავლეთით იყო მოთავსებული. თვით უფალიც ჯვარცმისას დასავლეთისკენ იყო მხედველი, ამიტომ ჩვენც ასე ვასრულებთ თაყვანისცემას.

– შეიძლება თუ არა საძინებელში ხატების განთავსება?
– ადამიანის სახლი ტაძარია და თუ ტაძარში ყველგან არის განთავსებული სიწმინდეები, ასევე შეიძლება სახლშიც. სახლის შესასვლელ კარებზე ჯვარი უნდა დავკიდოთ. სამზარეულოში საიდუმლო სერობის ხატს ვკიდებთ, მაგრამ აუცილებელია საზრდელის მიღებისა და დასრულების შემდეგ ვილოცოთ. საძინებელშიც შეიძლება. ჩვენ ძილის წინაც ვლოცულობთ. ყველა კუთხეს თავისი დატვირთვა უნდა მივცეთ, უბრალოთ თაროზე შემოდებული არ უნდა გვქონდეს: საძინებელში, შემოსასვლელში, სამზარეულოში, ყველგან უფალს უნდა ვმადლობდეთ და არასდროსაა ზედმეტი მისი ხსოვნა გონებისთვის.

– სახლის კურთხევა
– ადამიანის ცხოვრება მღვდლის მიერ სახლის კურთხევით ილოცება. როდესაც ოჯახში მოეწყობა ლოცვითი გარემო, წმინდა კუთხე და ოჯახს ჰყავს მოძღვარი, მაშინ მოიწვევენ მღვდელს და მღვდელმსახური ლოცვით ოჯახის წევრების მფარველობას შეავედრებს სულიწმინდასა და “ფუძის” ანგელოზს.

– როგორ უნდა გამოვიყენოთ სახლში ნაკურთხი წყალი?
– ნაკურთხი წყალი მორწმუნეებმა ხშირად უნდა მიიღონ უზმოზე, ასხურონ სახლს, საწოლს, საკვებსა და ახალნაყიდ ნივთებს. ამით ჩვენ გამოვხატავთ ღვთისადმი ნდობას. ნაკურთხი წყლის მეშვეობით ბოროტი ძალებისგან გვიცავს უფალი და სულს სიმტკიცეს სძენს.

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები