როგორ უზრუნველყოფს დიმიტრი ბასილაია ასობით ადამიანს საკვებით და რას უყვებიან მას წინა ხაზზე მებრძოლი ქართველები

დიმიტრი ბასილაია, წარმატებული ქართველი მორაგბე, რომელიც ბოლო პერიოდში უკრაინაში სამწვრთნელო კარიერით იყო დაკავებული, ახლა საკუთარ რესტორანში მზარეულად მუშაობს და ყოველდღიურად რამდენიმე ასეული ადამიანისთვის ამზადებს საკვებს.

დიმიტრი ბასილაია: მესამე წელია, უკრაინაში ვცხოვრობ. აქ ჩემი საქმე მაქვს – რაგბის გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარ. რაგბის გარდა, ჩემი საყვარელი საქმე კულინარიაცაა და ცოტა ხნის წინ მე და ჩემმა ბავშვობის ორმა ძმაკაცმა კიევში რესტორანი გავხსენით. ომი რომ დაიწყო, რესტორანში შევიკრიბეთ. ჩვენი გუნდელები მოვიდნენ თავიანთ ოჯახებთან. ნაწილი საომრად წავიდა, ნაწილი აქ დავრჩით. იმ დღიდან მოყოლებული, დღევანდელი დღით ვცხოვრობთ და არავინ ვიცით, რა იქნება ხვალ. რესტორანი თავშესაფარი გახდა. მალე მივხვდით, რომ ჩვენ ჩვენი საქმით შეგვეძლო ამ პროცესში საკუთარი წვლილი შეგვეტანა. გარშემო ადამიანებს საკვები ესაჭიროებოდათ და ჩვენ მათ დავეხმარებოდით. მანამდე, ომზე საუბარი რომ დაიწყო, გადავწყვიტე, რესტორნის მარაგი შემევსო და ზუსტად წინა დღით ყველაფერი შევიძინე. ასე რომ, პროდუქცია გვქონდა. რაგბის გუნდში მყავს მზარეულები, რომლებსაც ეს საქმე კარგად გამოსდით და ისინი დამიდგნენ გვერდით, რადგან ჩემი მზარეულები ომში წავიდნენ. ეს რესტორანი ოქტომბერში გავხსენით. მეც დავაგროვე გამოცდილება, მანამდე საფრანგეთში გავიარე პრაქტიკა და მოკლედ, საქმეს შევუდექით. ეს ისეთი მომენტია, როგორც უკვე გითხარით, მეორე დღეზე ვერ ფიქრობ, ვერაფერს გეგმავ, იმწუთას როგორც საჭიროა, ისე იქცევი. ასე, დაუგეგმავად შეიქმნა ტელეგრამჯგუფები, რომელშიც მთელი უკრაინა გაერთიანდა და იწერებოდნენ, მაგალითად, კიევის მასშტაბით ვის რა ტიპის დახმარება სჭირდებოდა და მეორე მხრიდან, ვის რა სახის დახმარების გაწევა შეეძლო მათთვის. ასე შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფები, რომლის წევრები ჩვენც ვართ. ჩვენს გუნდში არიან ადამიანები, ვინც მოსახლეობის საჭიროებებს ადევნებს თვალს, ვიღაც ამანათებს ახარისხებს, ვიღაც წამლებს აგროვებს… ბავშვების საკვებს და ასე შემდეგ. უშუალოდ ჩვენ სამზარეულოში ვართ და პირობითად, ხვალისთვის ორასი ადამიანისთვის ვამზადებთ საკვებს. ვეხმარებით საავადმყოფოებს, მოხუცებს, კიევის დამცველ ჯარისკაცებს თუ რიგით მოქალაქეებს.

– მიუხედავად ომისა, ყველაფერი ძალიან ორგანიზებულად ხდება?

– ძალიან. ვხუმრობდით კიდეც, მშვიდობიან დროს, ამ ყველაფრის ორ-სამ დღეში ორგანიზებას ვერავინ შეძლებდა. წარმოიდგინეთ, დღეს ყველაფერი ჩვეულებრივადაა, ხვალ კი ომი იწყება და ასობით ადამიანისთვის გიწევს საკვების მომზადება, მოხუცებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. უნდა გაიგო, რა წამლები ესაჭიროებათ, შეიძინო და მერე გადაანაწილო. გარდა ამისა, ბევრი დეტალია და მოკლედ, ნამდვილად კარგი ლოჯისტიკაა საჭირო.

– თავიდან სამი ადამიანი იყავით, ნამდვილად ვერ გაწვდებოდით ამდენს.

– არა, ამაში უკვე ჩემი რაგბის გუნდი ჩაერთო. ნაწილი სამზარეულოშია, ნაწილი – მომარაგებაზე, ნაწილი – დარიგებაზე. წამლებს რაც შეეხება, ჰუმანიტარული დახმარება არსებობს, გარდა ამისა, ჩვენი ექიმი თავადაც ყიდულობს, ფინანსური დახმარებები გვაქვს, პირადი სახსრები და რაც შეგვიძლია, იმას ვაკეთებთ.

– თვეზე მეტი გავიდა, ყველანაირი მარაგი ამოწურვადია. ფინანსურად როგორ უმკლავდებით ამდენ საჭიროებას?

– „რუსთავი 2“, პირადი ნაცნობები, ჩვენი მორაგბეები, ფონდები, ყველა ძალიან გვეხმარება.

– მესმის დიდი პასუხისმგებლობა, თუმცა წამოსვლა რომ დააპიროთ, არც ეს იქნება გასაკვირი. გიფიქრიათ ამაზე?

– არა, არც ერთი ჩვენგანი ამაზე არ ფიქრობს. ჩემს ყველა ახლობელს ურჩევნია, აქ იყოს და რაღაც გააკეთოს. ახლა უმოქმედოდ ყოფნა ძალიან რთულია. მით უმეტეს, ამდენი ხანია, აქ ვცხოვრობ, მეგობრები მყავს და ახლა მათ ტკივილს რომ ვხედავ, ეს 40-მილიონიანი ერი როგორ შეიკრა ერთ მუშტად, მეც უფრო მეტი ძალა მეძლევა და მინდა, მათ გვერდით ვიყო, ელემენტარული და მინიმალური გავაკეთო და ჩემი წვლილი შევიტანო ამ პროცესში. ჩვენ საერთო მტერი გვყავს. ეს ჩვენი ომიცაა და რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ.

– კიევში სიმშვიდეა, თუკი შეიძლება ამას ასე ვუწოდოთ, მაგრამ ძალიან მძიმე მდგომარეობაა რამდენიმე ქალაქში. ამის ამსახველი კადრები ვნახეთ. ალბათ, ყველაფერთან ერთად, ადამიანებს ემოციურადაც სჭირდებათ დახმარება.

– ამასთან დაკავშირებით, ჩემთვის ჩანაწერებსაც ვაკეთებდი. ადამიანების გრძნობები და აზრები ყოველდღე იცვლება. პირველია ეიფორია, ბოლომდე ვერ ხვდები, რა ხდება შენ გარშემო. შემდეგ მოდის შიში, შენ გვერდით ყველაფერი იბომბება. კიევში ყველაზე დიდი აფეთქება ჩვენი რესტორნიდან ერთ კილომეტრში იყო. ოცი დღის შემდეგ კი შფოთვა და ერთმანეთში არეული ათასი გრძნობა სადღაც მიდის და უკვე ავტომატურად აგრძელებ არსებობას და მუშაობას, რობოტივით შრომობ. ეს ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო – ომამდე და შემდეგ. ბუჩაში მომხდარმა ხომ სულ შეცვალა ყველაფერი. ბუჩა არ არის კიევიდან შორს, ოც კილომეტრშია. იქ ჩემი ბევრი კარგი მეგობარი ცხოვრობს. ირპენში, რომელიც ბუჩას გვერდითაა, ჩემი გუნდელები ცხოვრობენ. რესტორნის გახსნამდე ყოველდღე მიწევდა იქ ჩასვლა. რაც იქ მოხდა, ამან ყველას ცხოვრება შეცვალა. აქამდე თუ იყო ომამდე და ომის შემდეგ, ახლა არის ბუჩამდე და ბუჩას შემდეგ. სულ ამაზე ვფიქრობ. ჩვენს ქართველ მებრძოლებთან გვაქვს ურთიერთობა, ისინი წინა ხაზზე დგანან და პირველივე დღიდან იცავენ ირპენს. ჩვენთან დადიან ჩვენი ბიჭები და რაც შეგვიძლია, ვცდილობთ შევუმსუბუქოთ მდგომარეობა. ისინი გვიყვებიან, რა ხდებოდა იქ და ასეთი სისასტიკე, ალბათ, ფაშისტებსაც არ ჩაუდენიათ. ერთი და ორი დღე კი არა, კვირები გრძელდებოდა ადამიანების წამება. ყველა შოკშია, ყველა ამაზე ფიქრობს, არც ითქმის ყველაფერი, რაც რუსებმა იქ ჩაიდინეს. კიდევ კარგი, რომ რესტორანი მაქვს და აქ ძალიან ბევრი საქმეა, მაგრამ არის დღეები, როცა კომენდანტის საათია და სახლიდან გასვლის უფლება არ გაქვს. იმ დროს საინფორმაციოს გარდა გულს ვერაფერს უდებ, სულ მომხდარზე ფიქრობ, თავში ათასი აზრი და კითხვა გიტრიალებს, რაც ძალიან რთულია. როცა ბევრს მუშაობ და იღლები არაუშავს, მაგრამ როცა ფიქრის საშუალება გეძლევა, ეს უკვე ძალიან დამთრგუნველია.

– ოჯახი არ გეუბნებათ, იქნებ ჩამოხვიდეო?

– დედა და და საქართველოში მყავს. მათ ყველაზე მეტად არ უნდათ ჩემი ამ მდგომარეობაში ყოფნა, მე ეს კარგად მესმის. დედა რომ ძალიან ნერვიულობს, ესეც ვიცი. ამიტომ მეც ძალიან განვიცდიდი, არ მინდოდა, ჩემებს ჩემ გამო ენერვიულათ. მერე კი, საუბრის დროს, დედამ მითხრა, თუ საჭირო გახდა, ხელში იარაღიც აიღე და იომე. სხვისი შვილები თუ ომობენ, ჩემმა რატომ არ უნდა იომოსო?! მისგან რომ ეს მოვისმინე, დიდი შვება ვიგრძენი.

– უკრაინაში სპორტული კარიერის გამო ჩახვედით?

– არა, მეგობრები ჩამოვედით აქ ჩვენი ბიზნესის განვითარებისთვის. რესტორანს რაც შეეხება, კულინარია ყოველთვის მიზიდავდა. მერე რაგბის გუნდის მთავარი მწვრთნელი გავხდი და ცხოვრებაში რაც ყველაზე მეტად მიყვარს – რაგბი და კულინარია, ახლა ერთად მაქვს. მწვრთნელის ამპლუაც საკმაოდ წარმატებულია, ჩემპიონებიც გავხდით.

– რას ფიქრობთ მომავალთან დაკავშირებით, ამ ყველაფრის გათვალისწინებით?

– ბუჩას შემდეგ, ყველა ძალიან გამწარებულია. არც ვიცი, ამ მდგომარეობას სხვა რა უნდა ვუწოდო. უკან დახევას ხომ ისედაც არ აპირებდნენ, ახლა – მით უმეტეს. ამიტომ, სანამ არ დასრულდება, ერთი თვე დასჭირდება ამას თუ ერთი წელი, უკრაინელები სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებენ. ეს ომი აუცილებლად უკრაინელების გამარჯვებით დასრულდება. მსოფლიო ძალიან ეხმარება უკრაინას. ასეა პირველივე დღიდან, ასე, ალბათ, არცერთ ქვეყანას არ დახმარებიან და ეს ერთიანობა ნამდვილად გამოიღებს შედეგს. არ მინდა, სისასტიკეში ჩამითვალოთ, მაგრამ ისეთმა ადამიანებმა, ვინც ეს სისასტიკე ჩაიდინეს, ალბათ, არც არის საჭირო, რომ დედამიწაზე იარსებონ.

წყარო: “თბილისელები”

კომენტარები

სხვა სიახლეები