როგორ ინარჩუნებს გელა ჩარკვიანი მაგიურ კონტაქტს გარდაცვლილ მეუღლესთან

გელა ჩარკვიანს ტრადიციებზე სასაუბროდ შინ ვესტუმრეთ. ინტერვიუ ზოგადად ტრადიციის განსაზღვრებით დავიწყეთ. ”ჩემთვის ტრადიცია არის ქცევა ან რიტუალი, რომელიც თაობიდან თაობაზე გადადის, მაგალითად, ეროვნული ტრადიციები, თუმცა, ტრადიცია შესაძლოა იყოს ოჯახური, რომელსაც ერთი თაობის ფარგლებში ეძლევა რეგულარული სახე. მაგალითად, ჩემს ოჯახში გვქონდა ოჯახური ტრადიცია, შაბათობით შვილები, რძლები, სიძეები სადილზე ვიკრიბებოდით ერთმანეთისთვის იმის გასაზიარებლად, როგორ ვცხოვრობთ, რას ვაკეთებთ, რა შევქმენით ახალი და ა.შ.”, – აღნიშნა ბატონმა გელამ ჩვენთან საუბრისას.

– ის ტრადიციები, რომლებიც თბილისში არსებობს, არაფერს ვამბობ რეგიონულ, ამა თუ იმ სოფლის ტრადიციებზე, რომელთა შესახებაც ბევრი რამ არ ვიცი, შეესაბამება დღევანდელობას და არავითარი პრეტენზია არ მაქვს, ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად ყველა დადებითია. დროის განმავლობაში დიდია კულტურული დანაკარგი, გარკვეული წეს-ჩვეულებები აღარ არსებობს, თუნდაც, სისხლის აღება, დუელი, რომელსაც შეეწირა ორი უდიდესი რომანტიკოსი პოეტი ლერმონტოვი და პუშკინი. თუ მეორე მხრიდან შევხედავთ, ვნახავთ, რომ დუელი გარკვეულწილად ღირსების დაცვასაც ემსახურებოდა, თუმცა მადლობა ღმერთს, ჩვენ ღირსებას სხვა საშუალებებით ვიცავთ, ზოგჯერ კი, სამწუხაროდ, სულ არ ვიცავთ (იღიმის). თუ ქალის მოტაცებას ჩავთვლით ტრადიციად, რასაკვირველია, ვეწინააღმდეგები ამას, რადგან მაინც ძალადობაა, მაგრამ ჩემს ოჯახში ხდებოდა ეს, ჩემმა შვილმა ირაკლიმ თავისი პირველი სიყვარული მოიტაცა, შემდეგ კი თავის მეგობარ გეგა კობახიძეს დაეხმარა ერთი გოგოს მოტაცებაში. ვერ გეტყვით, რომ ამ ყველაფრით აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ ასეთი ფაქტები ჩემს ოჯახშიც ხდებოდა.

– სუფრის ტრადიციები, თამადის ინსტიტუტი…?
– ძალიან მომწონს ქართული სუფრა და მისი ტრადიციები, მაგრამ ეს ყველაფერი კარგი და აუცილებელია მაშინ, როცა საქმე გვაქვს რიტუალურ, ხალხმრავალ სუფრასთან, მაგალითად, ქორწილთან, დიდ დაბადების დღესთან. ჩემთვის გაუგებარია, როცა სამი მეგობარი ჯდება სუფრასთან, იწყებენ თამადობას და სადღეგრძელოების სმას, თუ სურვილი აქვთ, ღვინო დალიონ, მაგრამ ერთმანეთთან ისაუბრონ საქმეზე ან საინტერესო ამბებზე, არ დახარჯონ დრო ერთმანეთის სიყვარულის ფორმალურ ფიცზე.

– რას ნიშნავდა თქვენს ახალგაზრდობაში ”ქუჩის აკადემია”?
– მიმაჩნია, რომ ბიჭმა უნდა შეძლოს ურთიერთობა სხვადასხვა ტიპის ადამიანთან, ბიჭებთან, რისთვისაც საჭიროა ქუჩაშიც გადიოდეს, მაგრამ გულწრფელად მინდა გითხრათ, ჩემი ცოდნა ქუჩის აკადემიიდან არ მიმიღია (იცინის). დღევანდელ სიტუაციაში დამსაქმებელი ინტერესდება შენი განათლებით, შესაძლებლობებით და თუ შენ საქმეების გარჩევის გარდა არაფერი შეგიძლია, არავის აღარ სჭირდები.

– ქალისა და მამაკაცის მეგობრობა ვნების გარეშე შესაძლებელია?
– ჩემს ასაკში უკვე შესაძლებელია (იცინის). ასევე შესაძლებელია მეგობრობა შორიდან, მაგალითად, ჩემი მეუღლის მეგობრებს ვხვდები წელიწადში სამჯერ, ოთხჯერ, შორიდან ვართ მეგობრები. მე და ჩემი უახლოესი მეგობარი ოთარ წერეთელი მოსკოვში გასართობად დავდიოდით, მე და რომელიმე მეგობარი ქალბატონი რომ წავსულიყავით მოსკოვში გასართობად, ერთ ნომერში გვეცხოვრა, რესტორნებში დრო ერთად გაგვეტარებინა, ბოლოს ეს რით დამთავრდებოდა?!

– თქვენი აზრით, რას გულისხმობს წყვილს შორს ღალატი და გააჩნია თუ არა მას სქესი?
– მინდა, თავიდანვე აღვნიშნო, მამაკაცები და ქალები ერთმანეთისაგან დიდად განსხვავდებიან თავიანთი მიდგომით სექსისა და სიყვარულის მიმართ. ქალებს სწყინთ, როცა ამას ვამბობ, განსაკუთრებით ფემინისტებს, მაგრამ ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილება მკარნახობს, რომ ქალები ეძებენ ურთიერთობებს და მათთვის გრძნობისაგან იზოლირებული სექსუალური აქტი ნაკლებად მისაღებია ან სულაც მიუღებელია, მათთვის ეს აქტი სასიყვარულო ურთიერთობის ნაწილია. მამაკაცს სიყვარული და სექსი ერთმანეთისგან გამიჯნული აქვს და მაშინაც კი, როცა თავდავიწყებით უყვარს თავისი სატრფო, მისთვის ერთჯერადი სექსუალური კავშირი კატეგორიულად მიუღებელი არ არის. ამის კარგი მაგალითია ავთანდილის ფატმანთან გატარებული ღამე, იტყვით, საქმისთვის გააკეთაო, მაგრამ თინათინს ამგვარი რამის თუნდაც ძალიან კეთილშობილური მიზნით ჩადენას ქართველი ხალხი არასდროს აპატიებდა. ერთ სატელევიზიო გადაცემაში ასე ვთქვი, მე რომ რიო-დე-ჟანეიროში ბორდელში შევიდე, განა ეს ცოლის ღალატი იქნება? ეს ხომ იგივეა, რესტორანში ბიფშტექსი ვჭამო-მეთქი? ქალებმა უმალ შემომიტიეს, ესე იგი ქალი ბიფშტექსიაო? ხმამაღლა ვეღარ გავბედე თქმა, მაგრამ ჩემთვის ჩავილაპარაკე, ქალი, რომელიც იყიდება, ცოტათი ბიფშტექსი ნამდვილად არის-მეთქი (იცინის). მამაკაცი მაშინ ღალატობს მეუღლეს, როცა მას სხვა ქალი ნამდვილად უყვარდება და მასთან იმავე რანგის ურთიერთობებს ამყარებს, როგორიც საყვარელ ადამიანთან აქვს.

– რაც შეხება ქორწინებამდე თანაცხოვრებას…
– ამას ჰქვია კოჰაბიტაცია, უბრალოდ, ჩვენთან კოჰაბიტაციამ რატომღაც მხოლოდ პოლიტიკური მნიშვნელობა მიიღო. მე ნორმალურად ვუყურებ თანაცხოვრებას, ვფიქრობ, სიყვარულს არ ესაჭიროება ცნობა სიყვარულის შესახებ, არც ფიცი და ირგვლივ მყოფების დარწმუნება, რომ წყვილს ერთმანეთი უყვარს. მაგრამ ერთი დამაფიქრებელი მომენტია, ვაკვირდები, რომ თანაცხოვრების დროს ახალგაზრდა წყვილი არ ჩქარობს შვილის ყოლას. როდესაც ქორწინდებიან, ეს რიტუალი თითქოს ავალდებულებს მათ, შვილი პირველსავე პერიოდში გააჩინონ, ამ თვალსაზრისით მე კოჰაბიტაციას ქორწინებას ვამჯობინებდი, თუმცა, თუ წყვილს თანაცხოვრება ქორწინებამდე მიიყვანს, მაშინ ნორმალურია.

– როგორია თქვენი დამოკიდებულება არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების მიმართ?
– პირდაპირ უნდა განვაცხადო, რომ სხვა ადამიანების ინტიმური ცხოვრება ჩემთვის არავითარ ინტერესს არ წარმოადგენს, თუკი ეს ინტიმური ცხოვრება არ შორდება კანონის ფარგლებს. თუ ეს ყველაფერი კანონს სცილდება, ვთქვათ, პედოფილიის შემთხვევაში, მაშინ საქმე სხვაგვარადაა. ვეჭვობ, რომ ადამიანებს, რომელთაც სხვების სექსუალური პრაქტიკა აინტერესებთ, თავად აქვთ სექსუალური პრობლემები. ვფიქრობ, თქვენს შეკითხვას ყველაზე ზუსტად ჩემივე წიგნიდან ციტირებით ვუპასუხებ, ”როცა მეუბნებიან, ეგ თათარია, იეღოველია თუ გეია, ეს იგივეა მითხრან, ფეხის ზომა აქვს 42, მე ადამიანებს სხვა პარამეტრებით ვაფასებ”.

– ტრადიცია, რომელსაც დღემდე ინარჩუნებთ….
– დღესასწაული, რომელთანაც მაქვს მაგიური კავშირი, არის ახალი წელი, ჩემი უცვლელი ტრადიცია არის სამდღიანი ქეიფი, ეს მაძლევს საშუალებას ჩემები, ყველა ვნახო. როდესაც ჩემი მეუღლე ნანა გარდაიცვალა, ვიფიქრე, რომ აღარ ღირდა ახალი წლის ასე აღნიშვნა, მაგრამ მაინც არ დავარღვიე ეს ტრადიცია. ახლა კი განსაკუთრებულად აღვნიშნავ ჩემი მეუღლის, ნანას დაბადების დღეს, რომელმაც ჩემთვის ახალი წელი დაჩრდილა – ამ დღეს ჩემს გარდაცვლილ მეუღლესთან მაგიური კონტაქტი მაქვს.

წყარო: რეიტინგი 

კომენტარები

სხვა სიახლეები