როგორ ემზადება მაკა ცინცაძე ბიძინა ივანიშვილის გადაცემის წასაყვანად

მაკა ცინცაძე ერთ-ერთი იშვიათი გამონაკლისია იმ საერთო წესიდან, რომლის თანახმადაც, საქართველოში ჟურნალისტები ძალიან ხშირად ინაცვლებენ პოლიტიკური გადაცემებიდან გასარ-თობში, მაგრამ ნაკლებად – პირიქით. მაკამ თავისი ტელეკარიერა ”პირველ არხზე”სწორედ გასართობი გადაცემით დაიწყო, თუმცა ყოველთვის უნდოდა პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში და ამ სურვილს მოგვიანებით შეასხა ხორცი. იყო საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ”მაესტროზე”, თუმცა წინა წელს ტელეარხი დატოვა და ”ჯი-დი-ეს”-ზე გაუძღვება ბიძინა ივანიშვილის იდეით შექმნილ ახალ გადაცემას, რომელსაც მარტიდან ვიხილავთ.

– ”მაესტროდან”წამოსული რამდენ ხანს უსაქმურობდი?
– 27 ოქტომბერს დავტოვე ”მაესტრო”და ნოემბრიდან ”ჯი-დი-ეს”-ში ვარ, თუმცა ”მაესტროდან”ჩემი წამოსვლა ”ჯი-დი-ეს”-ზე პორტირებას არ უკავშირდებოდა, რადგან იმ პერიოდში ეს შემოთავაზება არ მქონია. არხის დატოვებიდან მალევე რამდენიმე წინადადება მივიღე, მათ შორის ვასილ მაღლაფერიძისგან, რომელიც გახლავთ პროექტ ”20-30”-ის პროდიუსერი.

– რა ფორმატი აქვს ახალ გადაცემას? შენ რით დაგაინტერესა?
– ჩემთვის სრულიად ახალი გამოწვევაა. პროექტს ამზადებს ”საზოგადოება 20-30”, რომლის ანალიტიკოსების მოსაზრებებს მიმდინარე საინტერესო მოვლენებზე მოისმენს ჩვენი მაყურებელი. ეს იქნება ჯანსაღი ანალიტიკა იმის შესახებ, რა დგას კონკრეტული მოვლენების უკან, მიზეზებსა და შესაძლო შედეგებზე. ჩვენი გადაცემა არ არის ორიენტირებული დებატებზე, დაპირისპირებაზე და ამით შოუს შექმნაზე, როგორც ეს ზოგადად ხდება და შესაძლოა ითქვას, გარკვეულწილად მომგებიანია. ეს წერს რეიტინგს, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ ჩვენი გადაცემის რეიტინგზე და მას სულ სხვა დეტალებით მოვიპოვებთ, ანუ რეალურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებით და მათი აღმოფხვრის გზის ძიებით.

– როგორ ფიქრობ, სერიოზულ ანალიტიკურ გადაცემას ეყოლება მაყურებელი?
– რასაკვირველია. ამ გადაცემას მაყურებელი თუნდაც იმიტომ ეყოლება, რომ სტუმარი პერიოდულად იქნება ბიძინა ივანიშვილი, რაც თავისთავად გულისხმობს რეიტინგს, რადგან მას აქვს საზოგადოების მაღალი ნდობა. გარდა ამისა, მაყურებელი ნახავს, რომ ანალიტიკოსების არგუმენტები, პროგნოზი და ანალიზი იქნება ძალიან მყარი და აუცილებლად დააინტერესებს მათი მოსმენა.

– ვიცი, რომ გადაცემის საპილოტე ვერსიები უკვე იწერება. როგორ გრძნობ თავს?
– კამერები მქონდა მონატრებული, მენატრებოდა დრაივი ეთერში გასვლის წინ. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
– ბიძინა ივანიშვილის გადაცემას ძალიან დიდი ინტერესით ელოდებიან. უკვე გააკრიტიკეს კიდეც ამის გამო.
– კრიტიკა კარგია, ეს იმას ნიშნავს, რომ დიდი ინტერესი არსებობს, რაც ბუნებრივია.

– ფსიქოლოგიური წნეხი არ არის?
– ერთმნიშვნელოვნად არა. რასაკვირველია, მეშინია, უფრო სწორად, ვნერვიულობ იმაზე, რომ დავდოთ საზოგადოების მოლოდინის ადეკვატური შედეგი. რაც შეეხება წნეხს, ჩემთვის საინტერესო უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მაკრიტიკებს, უნდა ჰქონდეს გამოცდილება და სიტყვა ეთქმოდეს. არ მინდა ჩამოვთვალო, რადგან შესაძლოა, ზოგს ეწყინოს, მაგრამ კრიტიკოსთა შორის არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც თუ ეწყინებათ, ეს მე პრობლემას არ შემიქმნის (იღიმის). ძნელი მისახვედრი არ არის, ვის ვგულისხმობ. კრიტიკას კრიტიკით არ ვუპასუხებ, არ მინდა წარსულზე ლაპარაკი, თუმცა შესაძლოა, ესეც მოგვიწიოს. ჯანსაღი კრიტიკა მისაღებია და გინდა თუ არა, გზრდის. ჩემი პირადი დამოკიდებულება ასეთია, დიდი მადლობა მათ, მე ეს მხოლოდ მეხმარება.

– პოლიტიკური გადაცემები თითქმის ყველა არხზე გადის და ძალიან გამოცდილ წამყვანებს მიჰყავთ. მათთან კონკურენციას როგორ ხედავ, მაყურებლის წართმევას?
– რატომ, არ შეიძლება, ყველას თავისი მაყურებელი ჰყავდეს (იღიმის)? თანაც, დროში არ ვემთხვევით. ჩვენი გადაცემა გავა საღამოს 9-ის ნახევარზე.

– ვისი მოსაზრება გაინტერესებს პირველი გადაცემის შემდეგ?
– პირველ რიგში, იმ გუნდის, რომელთან ერთადაც ვმუშაობ და დარწმუნებული ვარ, არც ერთი ნიუანსი არ გამოეპარებათ. შესაძლოა, პირველი გადაცემა არ იყოს იდეალური, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ძალიან მაგარი იქნება (იღიმის). მაინტერესებს როგორც ”ტელევიზიონშჩიკების”, ასევე უბრალო მაყურებლის აზრი, ისევე, როგორც ჩემი ახლობლების. აქ არ ვგულისხმობ ჩასაფრებულ ადამიანებს, რომლებიც, ალბათ, ყოველთვის იპოვიან გასაკრიტიკებელს. ამგვარი დამოკიდებულება ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა.

– თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაცემას ბიძინა ივანიშვილთან ერთად გაუძღვებოდი.
– არ ვიცი, საიდან გავრცელდა ეს ინფორმაცია, მაგრამ გარკვეულმა სააგენტოებმა დაწერეს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა გადაცემის წაყვანაზე. არც არასდროს დათანხმებია ამას. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ეს ცნობილი არ იყო. ის იქნება სტუმრის ამპლუაში, ისევე, რო-გორც სხვა ანალიტიკოსები. ბუნებრივია, მისდამი ინტერესის გამო იგონებენ სხვადასხვა ჭორს, ხმას და ავრცელებენ ინფორმაციას. თავიდან იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მე, გიორგი უძილაური და შადიმან შამანაძე გავუძღვებოდით გადაცემას. შემდეგ ფორმატი რამდენჯერმე შეიცვალა და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გადაცემას წავიყვან მე. გიორგი და შადიმანი რჩებიან გუნდის წევრებად, თუმცა სხვა ფუნქციები შეითავსეს.

– ბიძინა ივანიშვილი თუ არის ჩართული მზადების პროცესში?
– პერმანენტულად მოდის, ძირითადად, ფორმატი აინტერესებს. გვაძლევს
რჩევებსა და შენიშვნებს, თუმცა ისინი არ ეხება მიმართულებას, არამედ დეტალებს.

– მას ამ გადაცემამდე თუ იცნობდი?
– მხოლოდ რამდენჯერმე შევხვედრივართ ერთმანეთს.

– გასართობი გადაცემიდან სერიოზულ ჟურნალისტიკაში გადაინაცვლე.
– ზუსტად ვიცოდი, რომ მე მინდოდა პოლიტიკა, ეს სფერო მაინტერესებდა, რადიოში ამ კუთხით ვმუშაობდი, სანამ ”პირველ არხზე”გასართობი გადაცემის წასაყვანად მიმიწვევდნენ, რაც ჩემთვის ასევე საინტერესო იყო, თუმცა არა პოლიტიკაზე მეტად. საქართველოში ამ სფეროში მუდმივად არის სიახლეები და ამას თავისი მიზეზები აქვს, ამიტომაც ზუსტად ვიცოდი, რომ ხვალ ამ მიმართულებით წავიდოდი.

– გავრცელებულია მოსაზრება, რომ პოლიტიკური გადაცემის წამყვანი ქალი არ უნდა იყოს ძალიან ლამაზი. თუ გქონია როდისმე იმის კომპლექსი, რომ უფრო მეტად გიყურებენ, ვიდრე გისმენენ?
– ნებისმიერი ქალი ლამაზია, თუკი არ ეზარება თავის მოვლა და ამას გულწრფელად ვამბობ. მგონია, ბევრს ეზარება თავის მოვლა. სილამაზესთან დაკავშირებული კომპლექსები არ მაქვს. არ მგონია, რომ მხოლოდ ვიზუალის გამო შეიძლება შემოგხედონ ან არ შემოგხედონ სერიოზულად. ამას შენი ქმედებები, თვისებები, აზროვნება, განათლება განაპირობებს.

– საზოგადოების აზრი შენ შესახებ თუ გაინტერესებს?
– რა თქმა უნდა. საზოგადოების აზრით ვინტერესდები, ხშირად მწყენია ან გამხარებია, მიგრძნია, რომ ვიღაც პირფერობს, მაგრამ ეს ყველას ცხოვრებაში ასეა. რაღაცებს ვითვა-ლისწინებ, რაღაცებს – არა.

– მეუღლე როგორ უყურებს შენს ახალ საქმიანობას? გამხნევებს?
– უყურებს ჩვეულებრივად. გამხნევება არ მჭირდება (იცინის). თუკი ჩემი თავის იმედი არ მაქვს, იმ საქმეზე უარს ვამბობ.

– დასვენების დრო გაქვს? შვილთან ურთიერთობის?
– გრაფიკი დატვირთულია, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ვმუშაობთ. მიმდინარეობს პროექტზე მუშაობა, მისი შეფუთვა. ნონ-სტოპ რეჟიმია. შაბათ-კვირას ჩიტივით თავისუფალი ვარ, ამ დროს ვახმარ ოჯახთან ურთიერთობას, შვილსა და მეუღლეს. კესო 4 წლის ხდება. ადრე, როცა ვენატრებოდი, ტელევიზორს რთავდა. შვილისთვის დრო ყოველთვის მაქვს, ახლა მით უმეტეს, საღამოობით თავისუფალი დრო მრჩება, რომელსაც მხოლოდ კესოს ვუთმობ.

წყარო: რეიტინგი 

კომენტარები

სხვა სიახლეები