როგორ გავაღვიძოთ დილით ბავშვი სწრაფად: 5 ოქროს წესი

დილით გაღვიძება ყველა ბავშვს უჭირს, რა დასამალია და თბილი საწოლიდან მშობელსაც ეძნელება ადგომა. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომლებიც დილით ბავშვის გაღვიძებაში დაგეხმარებათ.

წესი პირველი
მოიფიქრეთ რაღაც მნიშვნელოვანი და საინტერესო, რის გამოც ბავშვს ადრე გაღვიძება მოუნდება. მართალია, ყოველდღე ძნელია ახალ-ახალი გასართობის გამოგონებები, მაგრამ მაინც სცადეთ, დააინტერესეთ ბავშვი: ბალიშის ქვეშ საჩუქარი გელოდება, სამზარეულოში – სასუსნავი, საბავშვო ბაღის კარადაში – სიურპრიზი… გარდა ამისა, თუ დედა მხიარულ პიჟამაში იქნება გამოწყობილი და ბავშვსაც მხიარული ხმით და კოცნით გააღვიძებს, ხოლო მამა, რომელიც დათვს განასახიერებს, ბავშვს “მოიტაცებს” და  სააბაზანოსკენ “გაიტაცებს”, კიდევ უკეთესი.

წესი მეორე
საბავშვო ოთახში შესვლამდე, ჯერ კარზე მიუკაკუნეთ, მერე ბავშვს სახელით მიმართეთ, მერე შეუღუტუნეთ, მძინარეს ყურებზე, ცხვირზე მოუთათუნეთ, თვალები დაუკოცნეთ და მოესიყვარულეთ: “ვის ცხვირს სძინავს, ვისმა თვალებმა არ გაიღვიძა, აქ ვინ წამოწოლილა და ტკბილად სძინავს”… ამასთანავე შეგიძლიათ, ტერფებზე, ხელებსა და ბეჭებზე მასაჟი გაუკეთოთ.

წესი მესამე
მუსიკა! მხიარული, ენერგიული, რიტმული – ჩართეთ მაღალ ხმაზე (მთავარია, მეზობლები არ შეაწუხოთ). მუსიკა საშუალებას მოგცემთ, სწრაფად გამოღვიძებულ ბავშვს დროულად დაბანოთ, ჩააცვათ, ავარჯიშოთ, ასაუზმოთ და არც სკოლაში/ბაღში დააგვიანოთ. სასურველია, მუსიკა ბავშვის ასაკსა და გემოვნებას შეესაბამებოდეს.
სხვათა შორის, მუსიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის ცხოვრებაში. მშვიდი მელოდია ბავშვს ძილის წინ ჩაურთეთ, მხიარული – დილით და მოწყენილ ხასიათზე ყოფნისას.

წესი მეოთხე
გემრიელი სურნელი ძილისგუდასაც კი წამოაგდებს საწოლიდან.

წესი მეხუთე
ახალგაღვიძებულ ბავშვს ერთი ხრიკი ასწავლეთ, რათა სწრაფად გამოფხიზლდეს – ცხვირის მარცხენა ნესტოზე თითი დააჭერინეთ და მარჯვენათი ასუნთქებინეთ, ამგვარად, ბავშვი ენერგიით დაიმუხტება და თავადაც აღარ გაჩერდება საწოლში.

წყარო:http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები