როგორ აფასებენ აბიტურიენტები გამოცდის პირველ დღეს და რას ურჩევენ სხვა თანატოლებს

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს, 1-ელ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. როგორია აბიტურიენტების განწყობა, როგორ აფასებენ ისინი გამოცდის პირველ დღეს და რას ურჩევენ სხვა აბიტურიენტებს – ამას „კვირა + -ის“ მომზადებული სტატიიდან შეიტყობთ.
აბიტურიენტებს სხვადასხვა საგამოცდო ცენტრებში ვეწვიეთ და შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ:

სოფიო: გამოცდით კმაყოფილი ვარ. თუ სწავლობ მთელი წლის განმავლობაში, ადვილად დაწერ და შეძლებ რომ ჩააბარო.

პროფესიად ბიზნეს ადმინისტრირება ავირჩიე, რადგან ტექნიკური საგნებისკენ მაქვს მიდრეკილება და ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს სფერო.
აბიტურიენტებს მივცემდი რჩევას, რომ არ ინერვიულონ გამოცდაზე. თავიდან მეც ვღელავდი, მაგრამ რომ შევედი, დავჯექი და მოვემზადე დასაწერად, ყურადღება გადავიტანე ტექსტზე, თემაზე და შევძელი ყველაფრის გადალახვა მარტივად.

გიორგი: კმაყოფილი ვარ. ამინდშიც გაგვიმართლა.

მენეჯმენტის მიმართულება მაქვს არჩეული, უფრო კონკრეტულად „ეიჩარი“, რადგან ასე მგონია, უფრო ფართო სფეროა და ბევრგან შეგიძლია იმუშაო.
აბიტურიენტებს ვურჩევ მოვიდნენ, ჩააბარონ, რადგან აქ სიმშვიდეა, არ არის დაძაბულობა. ნერვიულობა თუ ჩაგჭრის მარტო აქ, თორემ ძალიან რთული გამოცდები არ არის.

აჰმედი: მე ავირჩიე პროფესიად საერთაშორისო ურთიერთობები, რადგან მგონია, რომ საზოგადოებას სჭირდება მეტი დიპლომატი.

მგონია, რომ რაღაც ისეთი უნდა გავაკეთო, რომ საზოგადოებას დავეხმარო. მოდით გამოცდებზე, არაფერი საშიში არ არის.

მარიამი: არ იყო ზედმეტი სიცივე, არც – ზედმეტი სიცხე. დამკვირვებლებიც ძალიან კარგები იყვნენ. ისეთი გარემო იყო, რომ შეგეძლო მშვიდად და წყნარად დაგეწერა ტესტი.
პროფესიად ავირჩიე საერთაშორისო ურთიერთობები დიპლომატიის განხრით, რადგან ვფიქრობ, რომ პოლიტიკა, პოლიტიკური მეცნიერებები და ურთიერთობების მოგვარების მშვიდობიანი გზები ჩემთან ძალიან ახლოსაა. ბავშობიდან ვერ ვიტანდი კონფლიქტებს და ყოველთვის ვცდილობდი მშვიდობიანად მომეგვარებინა ისინი. პროფესიაც შესაბამისად ავირჩიე. 10 წლის შემდეგ ჩემს თავს ვხედავ ელჩად. წარმატებული მაშინ ვიქნები, როდესაც ჩემი ოჯახი ჩემით იამაყებს – მაშინ ვიფიქრებ, რომ წარმატებული ვარ.

კომენტარები

სხვა სიახლეები