რა უნდა ვიცოდეთ ბრმა ნაწლავზე?

მუცლის ტკივილი არც ერთი ადამიანისათვის უცხო არ არის. ასეთ დროს მომენტალურად ჩნდება კითხვა – “ნეტავ ბრმა ნაწლავი ხომ არ მტკივა?” იმისათვის, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შევძლოთ, გარკვეული წარმოდგენა უნდა გვქონდეს ბრმა ნაწლავზე და მისი ტკივილის წარმომშობ მიზეზებზე, რათა რთულ სიტუაციაში თავს ზიანი არ მივაყენოთ და სწორად ვიმოქმედოთ.

რა არის ბრმა ნაწლავის შეტევა?
ბრმა ნაწლავის შეტევა – ეს ჭიაყელასებრი დანამატის ანთებაა, აპენდიქსი. მის შესახებ ჯერ კიდევ ძველმა ეგვიპტელებმა იცოდნენ და ნაწლავის ჭიაყელას უწოდებდნენ. მოგვიანებით, XV საუკუნეში, ლეონარდო და ვინჩიმ თავის ანატომიურ სურათებში

ჭიაყელასებრი დანამატი დახატა კიდეც. ბრმა ნაწლავის ამოკვეთის პირველი ოპერაცია XIX საუკუნეში ჩაატარეს.
ბრმა ნაწლავი ანატომიურად მარჯვენა თეძოს არეში მდებარეობს, ამიტომ ანთებითი პროცესის დროს, როგორც წესი, ტკივილები მუცლის მარჯვენა, ქვედა არეში იჩენს თავს.
მათ, ვისაც ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაკეთებული აქვთ, დაგვეთანხმება, რომ ტკივილი ყოველთვის მარჯვენა მხარეს არ იჩენს თავს. ამას თავისი ახსნა აქვს: მარჯვენა მხარეს მოთავსებული დანამატი შესაძლოა სხვადასხვა სიბრტყეში მდებარეობდეს – ღრმად ან შედარებით ზედაპირულად, ამდენად, ტკივილიც მუცლის სხვადასხვა უბანში ვითარდება ან მთლიანად მოიცავს მას. ამ პროცესს ხშირად თან ახლავს ღებინება და სხეულის ტემპერატურის მომატება, სისუსტე.
სწორედ ასეთი სიმპტომების დროს ვიწყებთ ზომების მიღებას, რომლებსაც კატეგორიული უკუჩვენება აქვს მწვავე აპენდიციტის დროს. ერთ-ერთი ძირითადი წესი, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ, ისაა, რომ თუ მუცლის ტკივილი დაგვეწყო და მიზეზს ვერ ვხვდებით, არავითარ შემთხვევაში ტკივილგამაყუჩებლები არ უნდა დავლიოთ.
მეორე, არ შეიძლება ასეთ დროს მუცელზე ცხელი სათბუნის დადება. ასეთი ქმედებით შესაძლოა დანამატის გაღიზიანება მოხდეს და პერიტონიტი განვითარდეს. ასევე დაუშვებელია ოყნის გაკეთებაც.
მუცლის მწვავე ტკივილის შემთხვევაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება სასწრაფოს გამოძახებაა, რათა კვალიფიციურმა ექიმმა სწორი დიაგნოზი დაგვისვას.

 

წყარო

კომენტარები

სხვა სიახლეები