რა უნდა აჭამოთ სკოლის მოსწავლეს, რომ უკეთ ისწავლოს – ეს პროდუქტები აჩქარებს აზროვნებასა და ინტელექტუალურ პროცესებს

მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ბავშვებს ყურადღება და ფიქრის უნარი უდუნდებათ, როგორც კი შიმშილს იგრძნობენ. ამიტომ, პედიატრები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ბავშვებმა ყოველ კვებაზე საჭირო რაოდენობის ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები მიიღონ. მათი თქმით, ეს ააჩქარებს ტვინის მუშაობას, აზროვნებას, გაზრდის კონცენტრაციის უნარს და საშუალებას მისცემს ბავშვს, ხანგრძლივი დროით გათავისუფლდეს შიმშილის გრძნობისგან. ზოგიერთი საკვები კი რეგულარულად უნდა ჩართოთ მოსწავლის რაციონში.
უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვსაუბრობთ პროდუქტებზე, რომლებიც ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს შეიცავენ, რადგან ისინი ხელს უწყობენ მეხსიერების განვითარებას, აზროვნების სისხარტეს და სტრესის მიმართ წინააღმდეგობას. ასეთი პროდუქტების გამოყენება სასარგებლო გავლენას ახდენს ბავშვის კონცენტრაციაზე, ზოგად სიმშვიდეზე, სწავლისადმი განწყობაზე და ინტელექტუალური პროცესების სიჩქარეზე. გარდა ამისა, ხელს უწყობენ სისხლძარღვების სიჯანსაღეს, სისხლის მიმოქცევას და იმუნური სისტემის აქტივობას.
რომელი საკვები შეიცავს ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს?
ცხიმიანი თევზი (ორაგული, ტუნა, სკუმბრია, ქაშაყი, სარდინი),
ნიგოზი,
კვერცხი
ხორბლის ღივები.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების გარდა, მონოუჯერი ცხიმების (ზეითუნის ზეთი, კანოლას ზეთი, თხილი/თესლები და ავოკადო) ჭამა ასევე ხელს უწყობს ტვინში სისხლის ჯანსაღ მიმოქცევას.
რა უნდა აჭამოთ სკოლის მოსწავლეს და არსებობს თუ არა საკვები გონებისა და მეხსიერებისთვის?
საუზმე ტვინისთვის
ბევრ მასწავლებელს შეუმჩნევია განსხვავება ბავშვებს შორის, რომლებსაც არ უსაუზმიათ გაკვეთილამდე. მართლაც, ამ თემაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც სკოლამდე დაბალანსებულ საუზმეს მიირთმევენ, უკეთ ითვისებენ ახალ ინფორმაციას და უფრო ხალისიანად ურთიერთობენ თანატოლებთან.
გლუკოზა საწვავია ტვინისთვის. დიეტოლოგების აზრით, პარკოსნები მისი ერთ-ერთი უმდიდრესი წყაროა. პარკოსნებში ბევრი სასარგებლო ნივთიერებაა. მათ შორის B ვიტამინები, მინერალები, აუცილებელი ამინომჟავები და ანტიოქსიდანტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტვინის ფუნქციონირებაში.
მოსწავლისთვის შინ მომზადებული „შაურმის“ ტიპის საკვებიც გამოდგება – ლავაშში გახვეული კვერცხი, ხაჭო, ბოსტნეული, მათ შორის, მსუბუქად მობრაწული მწვანე ლობიოც. დიეტოლოგისა და პედიატრიული სიმსუქნის სპეციალისტის ენ კალცის თქმით, ეს ჯანსაღი საუზმეა, რადგან შეიცავს ცხიმებს (კვერცხის გული), ნახშირწყლებს (ლავაში) და ცილებს (ლობიო და კვერცხის ცილა).
შვრიის ფაფა ასევე გლუკოზის მდიდარი წყაროა. ბავშვებს ის დიდად არ უყვართ. ამიტომ ფაფას დაამატეთ დარიჩინი, თხილი, კენკრა, ხილი და თაფლი. ეს ნაზავი ტვინისთვის კვების შესანიშნავი საშუალებაა.
აუცილებლად შეიტანეთ მთელი მარცვლეული თქვენი ბავშვის რაციონში. მაგალითად, საუზმეზე შეგიძლიათ ბავშვს მთელი მარცვლეულის პურის სენდვიჩი მოუმზადოთ ლორის ნაჭრითა და კვერცხით.
კვერცხი კარგი საშუალებაა დღის დასაწყებად. ყვითრში შემავალი ცხიმი ამშვიდებს ტვინს და უკეთეს ფოკუსირებას და კონცენტრაციის უნარს ანიჭებს. მხოლოდ გულს აქვს ეს თვისება, ასე რომ დარწმუნდით, რომ თქვენმა ბავშვმა მიირთვა მთელი კვერცხი (ზოგიერთი გულს ტოვებს და მხოლოდ ცილას მიირთმევს).
თუ არ გინდათ, რომ თქვენი შვილი შუა გაკვეთილებზე „გადაიწვას“, ნუ გაატანთ ნამცხვრებს, შოკოლადს. ნუ ასაუზმებთ ბევრი თაფლით, მურაბებით, რადგან ისინი მკვეთრად ზრდის სისხლში შაქრის დონეს. მარტივი ნახშირწყლების ენერგია სწრაფად მოინელება და ბავშვი ერთი-ორი საათის შემდეგ ისევ შიმშილს გრძნობს.
ჭკვიანი ლანჩი
სკოლაში გასატანებელი საკვების შერჩევისას, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიაქციოთ მის ცხიმიანობას. ძეხვი, ლორი და სოსისები გაჯერებული ცხიმის წყაროა, მაგრამ რატომღაც ძეხვეულიანი სენდვიჩები ყველაზე ხშირად დააქვთ ბავშვებს სკოლაში.

წყარო: https://mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები