„რა კარგია“, – ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და გაღიმებულმა: ისტორია ნიკა რურუაზე

ისტორიკოსმა ბუბა კუდავამ გარდაცვლილ პოლიტიკოსზე, ნიკა რურუაზე საინტერესო ისტორია გაიხსენა და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. “2009 წელი. ახალი მინისტრი იყო. პირველად გვესტუმრა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დაარსების იუბილე გვქონდა. ბოლომდე დარჩა. ღონისძიების დასასრულ, ერთ ახალ კუთხესთან მოვიყარეთ თავი. აქ ცენტრის დამაარსებელთა და პირველი თაობის მეცნიერთა პორტრეტები დავკიდეთ. ბევრი მათგანი დაწესებულების დაარსებიდან მოყოლებული მუშაობდა ხელნაწერებში. ეს ავუხსენი და ვთხოვე, რომ თავად გაეხსნა ეს მცირე „გამოფენა“.
ამგვარ კუთხეებს, სტენდებს, პორტრეტებს, ნაკლებად შეხვდებით ჩვენთან. თითქოს, ასეთი ადამიანების ადგილი მხოლოდ მოგონებებში, არქივებში, წიგნებში, ნაშრომებსა და ნაწერებშია. მახსოვს, რომ მრავალკომპონენტიანი ღონისძიებიდან ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მასზე სწორედ ამ აკორდმა მოახდინა. „რა კარგია“, – ჩაილაპარაკა კმაყოფილმა და გაღიმებულმა. ნიკასთან ყოველი შეხვედრა საინტერესო, პროდუქტიული, კონკრეტული შედეგის მომცემი იყო. და აუცილებლად დასამახსოვრებელი. მოსმენის დიდი უნარი ჰქონდა. და საკითხში გარკვევა და გაგება შეეძლო წამებში. დაბადების დღე აქვს და მიჭირს აღქმა, რომ აღარაა”, – წერს კუდავა სოცქსელში.

კომენტარები

სხვა სიახლეები