რა არ უნდა უთხრათ დედამთილს, როცა ოჯახში ბავშვია

რძალ-დედამთილის თემა მართლაც რომ უკვდავია, ყოველ შემთხვევაში, ქართულ სინამდვილეში. ეს მეტად ფაქიზი და მგრძნობიარე ურთიერთობა განსაკუთრებით მაშინ იძაბება, როცა ოჯახში ბავშვი ჩნდება.
თუ დედამთილთან ერთად ცხოვრობთ და ოჯახის სიმშვიდე თქვენთვის ძვირფასია, მით უმეტეს, თუ საოჯახო საქმეებში დედამთილის გამრჯე ხელიც გჭირდებათ, სიტყვები კარგად უნდა შეარჩიოთ.
უტაქტოდ და ზედმეტი ემოციით წამოსროლილმა სიტყვებმა შეიძლება თქვენს ურთიერთობაში გამოუსწორებელი ბზარი შეიტანოს.
გასწავლით, რა არ უნდა უთხრათ დედამთილს ბავშვის აღზრდის პროცესში, რომ ზედმეტად არ გააღიზიანოთ.

1. ბავშვის მოვლის რა გესმით, თქვენი მეთოდები უკვე დიდი ხნის მოძველებულია
ამით ერთდროულად 2 დარტყმას აყენებთ: პირველი, რომ ასაკს ახსენებთ, მეორე – წყალში უყრით ცოდნასა და გამოცდილებას, რომელსაც თვითონ ძალიან აფასებს. ჯობია ჯერ მშვიდად მოუსმინოთ და მერე არგუმენტირებულად, ყოველგვარი ნიშნის მოგების გარეშე აუხსნათ, რაშია პრობლემა.
მაგალითად, ფიქრობს, რომ ბავშვი ზეწარჩაფენილ აბაზანაში უნდა აბანაოს. მიზეზი? – “ასე უნდა, შვილო. 2 ბავშვი გავზარდე და ვიცი”. თქვენ კი აუხსენით, რომ ეს ტრადიცია ჯერ კიდევ იმ დროიდან მოდის, როცა ბავშვებს ხის ვარცლში აბანავებდნენ, ზეწარი კი მათ სათუთ კანს ხიჭვებისგან იცავდა. თანამედროვე აბაზანები ბავშვის კანს საფრთხეს არ უქმნის. თუ დედამთილი გონიერი ქალია, ამ არგუმენტს აუცილებლად კარგად გაიგებს.
2. დედა მე ვარ და თავად გადავწყვეტ, როდის რა სჭირდება ჩემს შვილს
რა თქმა უნდა, ეს ასეა. მშობლები წყვეტენ, როგორ უნდა წარიმართოს ბავშვის აღზრდა-განვითარების პროცესი, მაგრამ ამის ხმამაღლა აფიშირება და დედამთილისთვის “თავის ადგილის მიჩენა” რა საჭიროა. ვთქვათ დედამთილს არ მოსწონს “კენგურუ” ან “სლინგი” (ბავშვის მუცელზე მიკვრა ზეწრის საშუალებით). ჰგონია, რომ ეს მავნებელია, თქვენ კი რეკლამის მსხვერპლი ხართ. ხმამაღლა ნუ იდავებთ. როცა პატარას პედიართან ვიზიტის დრო მოვა, დედამთილიც წაიყვანეთ და სლინგთან დაკავშირებით ექიმის რეკომენდაცია მოასმენინეთ. სულაც წიგნში ან ინტერნეტში უჩვენეთ ამ მოწყობილობის შესახებ საინტერესო ცნობები.

3. მე თქვენი იმედი მქონდა, თქვენ კი…
ეს იმ რძლებს ეხებათ, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ბავშვს გააჩენენ თუ არა, დედამთილი ავტომატურად უნდა დაჯდეს სახლში და მთელი თავისი დრო თუ ენერგია შვილიშვილს უნდა შესწიროს.
ნუ დაგავიწყდებათ – ის თქვენი შვილია და არა მისი. თქვენი სურვილების და მოლოდინების ყურმოჭრილი განმახორციელებელი სხვა ვერ იქნება. ასე ფიქრი ეგოისტობაა, გინდ დედამთილზე ფიქრობდეთ ასე და გინდ საკუთარ დედაზე. თუ რამის მიღწევა გინდათ, პირველ რიგში თავაზიანობა და მადლიერების გრძნობა უნდა გამოხატოთ. არ დაგავიწყდეთ – ნახელავიც შეუქეთ. მაგალითად: “რა კარგად აუთოვებთ ბავშვის ტანსაცმელს, მე ასე არ გამომდის”. ასეთი ქათინაურის შემდეგ დაუთოვებული დაგვხვდებათ არა მარტო ბავშვის, არამედ ქმრის და შეიძლება თქვენი სამოსიც.

4. ნუ ანებივრებთ ბავშვს, თორემ მშობლების სიტყვა აღარ ესმის
ბებიები შვილიშვილებთან მიმართებაში ზომიერების გრძნობას ხშირად კარგავენ – ყველაფრის უფლებას აძლევენ, ყველაფერს პატიობენ, იმისაც კი, რის უფლებასაც საკუთარ შვილებს არ აძლევდნენ. ამ ფენომენის ახსნა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ფაქტია, რომ მისი შეცვლა ძნელია. ღირს კი? იქნებ ბებიების განებივრებას ემოციურად მეტი დადებითი მოაქვს ბავშვისთვის, ვიდრე თქვენს წესებს მისი მომავალი კეთილდღეობისთვის?
თუ მართლაც ბავშვის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა დგება საფრთხის ქვეშ, რა თქმა უნდა, ბებიას ზუსტი საზღვრები უნდა დაუდგინოთ. მაგალითად, თუ ბავშვს ციტრუსებზე ალერგია აქვს, ბებოს კიდევ ერთხელ შეახსენეთ, რომ თქვენს არყოფნაში ახლოს არ გააკაროს. შეგიძლიათ ისიც დაამატოთ, თუ რა აჭამოს ციტრუსის ნაცვლად.
მართალია, რძალ-დედამთილობა ადვილი არ არის, მაგრამ გაითვალისწინეთ – მასთან ურთიერთობის აწყობა აუცილებელია, თუნდაც თქვენი შვილისთვის. ბებოს გარეშე მისთვის ბავშვობა ისეთი ტკბილი არ იქნება, როგორც ბებოს გვერდით. დიპლომატიური და წყნარი ურთიერთობით კი ყველაფრის მოგვარება შეიძლება.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები