რას იწვევს პატარისთვის გავრცელებული მიმართვები – “უზრდელი, ქვეშაფსია, დებილი”: ფსიქოლოგი ბავშვების ყველა კრიზისულ პერიოდზე

მშობლისა და შვილის ურთიერთობა – ამ თემაზე რჩევები მოვისმინოთ ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრისგან,ნინო ახალაიასგან.

– არც თუ ისე მარტივია ნდობის მოპოვება მშობლისა და შვილის ურთიერთობაში. დავიწყოთ ადრეული პერიოდიდან, რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა პირველ რიგში, რა შემთხვევაშია საჭირო ფსიქოლოგის კონსულტაცია?
– ნდობის მოპოვება, ზოგადად, არ არის ადვილი. ყველა მშობელი ამბობს, რომ ყველაზე უკეთესად იცნობს შვილს. ვიტყოდი იმას, რომ მშობლის მისია, ეს არის რთული მისია, რამდენადაც ეს არის სერიები, ხანდახან სურპრიზებისა, სიტუაციური შემთხვევებისა. თითქმის ყველაფერი დამოკიდებულია მშობლის საპასუხო რეაქციებზე, რა რეაქცია აქვს მშობელს საკუთარი შვილის ქცევებზე, სიტყვებზე, მოთხოვნილებებზე.
დავიწყოთ ადრეული ასაკიდან, ამ დროს მშობელმა უნდა იცოდეს, რომ სიყვარული თავისთავად არ კმარა და არ ეყოფა ბავშვის ყოველდღიურ ჭირვეულობებთან გასამკლავებლად. შესაძლებელია, “ჭარბი სიყვარულის” გამომჟღავნება მავნეც იყოს. ალბათ, მნიშვნელოვანია ფსიქოგანათლება, მშობლის კონსულტაცია სპეციალისტთან, თუკი მას კრიზისი აქვს ბავშვთან ურთიერთობაში. მან უნდა იცოდეს იმ კრიზისების შესახებ, რომელიც ბავშვის ცხოვრებაში არსებობს. ეს არ არის მხოლოდ გარდატეხის კრიზისი, პირველი ფსიქოლოგიური კრიზისი სამი წლის ასაკშია.

– როგორ ვლინდება ეს კრიზისი?
– ეს არის ბავშვის ჭირვეულობა, კაპრიზები, ავტორიტარული დამოკიდებულება, ავტონომიურობის მოთხოვნა, თავისუფალი აზრის გამოხატვის მოთხოვნილება, თვითდამკვიდრების მოთხოვნილება: მე მინდა, მე ვიცი, ჩემია… ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლის საპასუხო რეაქცია ასეთ სიტუაციაზე. ამ დროს მშობელმა უნდა იცოდეს, რომ ბავშვისთვის ეს არის ფსიქოლოგიური კრიზისი და როგორ გადალახავს მას, ამაზეა დამოკიდებული მისი შემდგომი ჰარმონიული განვითარება.

– რომელიმე კონკრეტული შემთხვევა თუ შეიძლება განვიხილოთ…
– სურვილების დაკმაყოფილება მეტ-ნაკლებად გონივრულ ფარგლებში უნდა მოხდეს, რადგან შესაძლოა, გავანებივროთ. დილეტანტურად რომ შევხედოთ, ეს ფსიქოლოგიური კრიზისია და ამიტომ უნდა დაუთმო ყველაფერი, შეუსრულო ყველა სურვილი, მაგრამ ამან შეიძლება განებივრება გამოიწვიოს. ადამიანთა ურთიერთობაში გადამდებია როგორც სიმშვიდე, ისე უარყოფითი ემოციები. ყველაზე მნიშვნელოვანი ასეთ სიტუაციაში არის მოსმენა.
მნიშვნელოვანია პატარა არსებასაც მოუსმინოთ ძალიან ყურადღებით, გაიგოთ რა უნდა მას. მოსმენის შემდგომ მნიშვნელოვანია აღუწერო საკუთარი ქცევები – იმის გამო, რომ შენ გინდოდა, გვეყიდა ეს სათამაშო და მე უარი გითხარი, შენ ფეხებს აბაკუნებ, ტირი, იატაკზე დაწექი, ჭირვეულობ, ძალიან ხმამაღლა ტირი და მე ვბრაზობ.
ბუნებრივია, არსებობს მდგომარეობა, როდესაც მშობელი უკიდურესად ბრაზდება პატარას საქციელზე, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, რომ ამ დროს იყოთ თავშეკავებული.

– კიდევ რა კრიზისი იჩენს თავს ზრდასთან ერთად?
– შემდგომ შეიძლება იყოს პირველი სასკოლო ასაკის კრიზისი, ამ დროს შფოთვები არის ძალიან აქტუალური. მინდა ხაზი გავუსვა ამას, რომ მშობელმა აუცილებლად თავი უნდა შეიკავოს იარლიყების მიწებებისგან, თუკი ბავშვს უზრდელს, ქვეშაფსიას, სულელს, დეგენერატს, დებილს უწოდებს მშობელი, ის მიდრეკილია, რომ შესატყვისად იქცეოდეს. თუკი უზრდელია, მოიქცევა უზრდელურად, მით უმეტეს, ხანდახან ცდუნება ნამდვილად არის – დაარღვია დადგენილი ქცევის ნორმები, კანონები და გამოხატა თავისი საკუთარი პროტესტი.
პირველი სასკოლო ასაკის კრიზისს, რასაც ჩვენ, სპეციალისტები მნიშვნელოვან კრიზისს ვეძახით, ადეკვატურად უნდა შეხვდეს მშობელი.
ბავშვის ჭირვეულობა
შეიძლება გამოიხატოს სკოლის გაცდენის სურვილით… ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ფაქიზი დამოკიდებულება, გარკვევა, სინამდვილეში რა უჭირს ბავშვს.
პირველ წელს დიდი სირთულეებია, იმიტომ რომ, ცხოვრების რეჟიმი ძალიან იცვლება – თამაშის აკრძალვა სერიოზული წნეხია. უბრალოდ, უნდა მოხდეს დროის გადანაწილება. მშობელს, რომელსაც მიაჩნია, რომ ბავშვი სკოლისთვის მზად არის, უხარია და უცებ ბავშვი უარს ამბობს ამ ყველაფერზე, ცხადია აუცილებელია სპეციალისტის დროული ჩარევა.

– როგორ გავუმკლავდეთ გარდატეხის ასაკის კრიზისს?
– ამ დროს სრულიად იცვლება მოზარდის თვალთახედვა, ავტორიტეტები ილახება, მშობელთან დამოკიდებულება რთულდება და ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელია მაშინ, როდესაც მშობელმა უკვე დაამყარა ნდობით აღსავსე ურთიერთობები საკუთარ შვილთან, თუკი მშობელმა ცხადად გააგებინა ბავშვს, რომ ადრეული ასაკიდანვე, დაბადებიდანვე, ჩასახვისთანავე, შვილი როგორიც არის, ისეთი უყვარს, პირობების გარეშე.
თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ტყუილი, გაღიზიანება, აგრესიული იმპულსები სწორედ იმის დასტურია, რომ თავის დროზე არასწორად მოხდა ურთიერთობის ჩამოყალიბება. არ უნდა აიძულოს სიტუაციამ ბავშვი, მოიტყუოს, ნუგეში ჰპოვოს სხვაგან. არ არის საუბარი, რომ მშობელი მეგობრით ჩანაცვლდეს, პირიქით, ეს ერთ-ერთი მტკივნეული მომენტია მშობლისთვის გარდატეხის ასაკში, იმიტომ რომ, მშობელს უნდა, რომ შვილის მეგობარი იყოს.
მეგობარს თავისი დანიშნულება აქვს, მაგრამ მეგობრულ ურთიერთობას საკუთარ შვილთან არაფერი სჯობს, ამას სჭირდება ნდობა, ამისთვის არის მნიშვნელოვანი შვილმა იცოდეს, რომ მშობელს ის უყვარს პირობების გარეშე.
ყველაზე ადვილი გზა და ყველაზე არასწორი, ამავდროულად, არის კრიტიკა, ყველაზე ადვილი გზა კოპლექსებით სავსე ადამიანი გაზარდო, არის აკრიტიკო გაუთავებლად. კრიტიკა იწვევს თავდაცვის მოთხოვნილებას, ამ დროს პიროვნება ითრგუნება და რა ნდობაზეა საუბარი? საერთოდ არ მოგინდება ადამიანთან საუბარი, რომლისგანაც მუდმივად ელი კრიტიკულ შენიშვნებს.

– არაფერი სჯობს, როცა მშობელს მეგობრული ურთიერთობა აქვს შვილთან, ამაყობენ კიდეც ბავშვები, როცა მშობლები მათთან მეგობრობენ…
– ცხადია, საიმედო ადამიანი ყველას უყვარს, მით უმეტეს, ცხოვრება სავსეა სტრესული სიტუაციებით და ამ სტრესული სიტუაციების გადალახვის შემდგომ, ადამიანი იწრთობა, უფრო გამოცდილი ხდება და რა სჯობს, როდესაც საყვარელ მშობლებთან, საიმედო ადამიანებთან ერთად ბავშვი ლახავს ცხოვრებისეულ გამოწვევებს. გამოწვევები ირგვლივ მრავალფეროვანია, მთავარია საყრდენი შიდა ოჯახურ ურთიერთობაში იყოს ჯანსაღი – არ აკრიტიკოთ, დასკვნას თვითონ გააკეთებს.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები