რამაზ გიგაური: ნებისმიერი ცოდნა, მათ შორის ასტროლოგიურიც, როდესაც ფანატიკური ხდება, ის უკვე საშიში და დამანგრეველია

საქართველოში ძნელად მოიძებნებიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით სრულყოფილ ცოდნას ფლობენ. ამ ერთეულ პიროვნებებს შორის უდავოდაა მწერალი, პოეტი და ასტროლოგი რამაზ გიგაური. მისი დამსახურებით, ინტერვიუს კითხვისას, არაერთ ეგზისტენციურ, ფილოსოფიურ კითხვაზე ღრმა და საინტერესო პასუხს მიიღებთ. რამაზ გიგაურის დასკვნები, ჩვენი ქვეყნის წარსულისა და აწმყოს, ადამიანისა და სამყაროს ურთიერთკავშირის გაანალიზებაში დაგეხმარებათ და ფიქრისა და განსჯისთვის თავისუფალ სივრცესაც დაგიტოვებთ. ჩვენი რესპოდენტი, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება კრიტიკულ აზროვნებას ღირებულებათა გადაფასების პროცესში.

– პანდემიის დასრულებას ყოველი ჩვენგანი მოუთმენლად ელის, თქვენი აზრით, როგორი იქნება პოსტპანდემიური ადამიანი, შესაძლოა, რომ პანდემიამ სოციალიზაციის სრულიად ახალი ფორმები წარმოშვას?

როდესაც ვამბობთ, შეცვლის თუ არა კოვიდი და პანდემია ადამიანს, სოციალურ ურთიერთობებს, უნდა ვაღიაროთ, რომ მან ეს უკვე შეძლო. ყველა საუკუნეს თავისი გამოწვევა აქვს. მსოფლიოს ცხოვრებაში ხდება ხოლმე რაღაც კრიზისი, გარდამტეხი მოვლენა და შემდგომში ეს მოვლენა გავლენას ახდენს ათწლეულებზე და ზოგჯერ ასწლეულებზეც.

XXI საუკუნეში ნიუ-იორკის ტერაქტთან (2001 წელს) და მსოფლიო ფინანსური კრიზისთან (2008 წელს) ერთად კოვიდი ყველაზე რეზონანსული მოვლენების სამეულში შედის. უფრო მეტიც, ის ამ ტრიადის ყველაზე მძლავრ წევრად იქცა. აქედან გამომდინარე, პოსტპანდემიური ადამიანი იქნება განსხვავებული იმ ადამიანისგან, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. ცვლილება იქნება არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ დონეზეც. ეს არის მუტაცია, ანუ „დიდი ცვლილება“ და ჩვენ ყველა ამ პროცესის მომსწრე ვართ. ეს ყველაფერი ცხადია, მოიტანს სოციალიზაციის ახალ ფორმებს საზოგადოებრივ თუ სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში და რაც ყველაზე მთავარია, ადამიანის ცნობიერებაში (უნდა ვთქვათ, რომ ეს საკმაოდ მტკივნეული პროცესია). ადამიანებს მოუწევთ შეგუება და შეხამება ახალ, პოსტპანდემიურ რეალობასთან. აქ არ არის საუბარი ეს იქნება კარგი თუ ცუდი. ეს იქნება განსხვავებული. ყველა მუტაციას თან მოაქვს თავისი „კანონები“ და კოვიდიც არ არის გამონაკლისი. როგორც გლობალურ, ისე ინდივიდუალურ დონეზე ამის აღქმა, გააზრება და მართვა განსხვავებული იქნება. ვიღაც იოლად გააცნობიერებს და მართავს, ვიღაც რთულად.

-პანდემიის პერიოდში არაერთმა ადამიანმა დაკარგა მომავლის რწმენა. რას ურჩევდით მათ, ვინც ცხოვრების გაგრძელებას ფსიქიკური და მორალური სირთულეების გამო ვერ ახერხებს?

კარგად გვახსოვს, რომ ევოლუციის დროს ძლიერი კი არ გადარჩა, არამედ ის, რომელიც ყველაზე უკეთ მოერგო და შეეგუა ახალ რეალობას. დღევანდელ გადარჩენაში კი ცხადია, ვგულისხმობ არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ, მორალურ თუ ფინანსურ გადარჩენასაც. პანდემია ჩვენს ცნობიერებაში არის ახალი გამოწვევა, თუმცა მსოფლიოს ის არაერთხელ უნახავს. იგივე 452-630 წლებში „იუსტინიანეს ჭირმა“ (მსოფლიოში პირველმა დადასტურებულმა ეპიდემიამ) და 1226-1425 წლებში „შავმა ჭირმა“ დაანგრია მაშინდელი ცივილიზებული სამყარო. დაახლოებით ასი წლის წინ, XX საუკუნის პირველ მეოთხედში ე. წ. „ესპანურმა გრიპმა“ სხვადასხვა ვერსიით 17 მილიონიდან 100 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მსგავსი პერიოდები იშვიათად, მაგრამ მაინც დგება.

ჩინური ანდაზის მიხედვით, „საინტერესო დრო – ეს რთული დროა“. ჩვენ სწორედ საინტერესო დროში გვიწევს ცხოვრება. ეს გამოწვევაა და ჩვენ უნდა მივიღოთ ის. როდესაც ცვლილების დრო დგება, ადამიანი ხდება ან ცვლილების ინიციატორი ან ცვლილების მსხვერპლი. ადამიანი კი თავისი ბუნებით მსხვერპლი არ არის. ადამიანის თვალების განლაგება წააგავს არა ბალახისმჭამელი ცხოველის, არამედ მტაცებლის თვალების განლაგებას. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანს კი არ ეშინია თავდასხმის ან მას მისდევენ, არამედ თვითონ მისდევს. ამიტომ შეცდომაა, თავი მსხვერპლად წარმოვიდგინოთ. ამასაც რომ თავი დავანებოთ, რომელიმე ერთ ადამიანს არ შეუძლია შეცვალოს პანდემია, მაგრამ მას შეუძლია შეცვალოს აღქმა. შევცვლით რა აღქმას, მოვლენაც იცვლება. ყოველ შემთხვევაში, კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვლება. ამიტომ ყველმა ინდივიდუალურ დონეზე უნდა გააცნობიეროს შექმნილი რეალობა და შეცვალოს აღქმა, გაითვალისწინოს ახალი რეალობა და მისი მიხედვით იმოქმედოს. ოღონდ ეს უნდა იყოს გააზრებული, დაგეგმილი, ორგანიზებული და დისციპლინირებული მოქმედებები. მხოლოდ ასე შევძლებთ შექმნილი წინაღობების გადალახვას.

-კორონავირუსის მასობრივმა გავრცელებამ საზოგადოებაში არაერთი შეთქმულების თეორია წარმოშვა. ხშირად, ეს თეორიები ყოველგვარ მეცნიერულ საფუძველსაა მოკლებული. რა განაპირობებს კონსპირაციული თეორიებისადმი ასეთ დიდ ინტერესს და რატომ გვჯერა ადამიანებს იმის, რისი ხელშესახები მტკიცებულებაც არ გაგვაჩნია?

შეთქმულების თეორია არსებობდა წარსულში, არსებობს ახლაც და იარსებებს მომავალშიც. ხშირად ჰგონიათ, რომ ეს მხოლოდ განვითარებადი ქვეყნების პრობლემაა. მინდა გითხრათ, რომ განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ისეთივე კონსპირაციული წიაღსვლებით არიან დაკავებულები, როგორითაც განვითარებად ქვეყნებში მცხოვრები ხალხი. ნუ გვეგონება, რომ ანტივაქსერობა მხოლოდ საქართველოშია. იგივეს შეიძლება წავაწყდეთ ბევრგან, მათ შორის დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ანდაც ამერიკაში. უბრალოდ, ყველა განვითარებული ქვეყნის ხელისუფლებას სწორი პოლიტიკის წყალობით შეუძლია ხალხამდე მიიტანოს ინფორმაცია, დაარწმუნოს საკუთარი მოსახლეობა მართებული არჩევნის გაკეთების აუცილებლობაში, შესთავაზოს ხალხს პრობლემების მოგვარების მეთოდები. მაშინ როცა, განვითარებად ქვეყნებში ხშირად ავტორიტარული მმართველობა, სუსტი მენეჯმენტი და არასწორი პოლიტიკა კიდევ უფრო ართულებს შექმნილ მდგომარეობას და ადამიანებს აღარაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ ამ ყველაფერში ეჭვი შეიტანონ და არ დაიჯერონ. ცხადია, ამ სიტუაციით ხშირად სარგებლობენ ნაძირლები, პროვოკატორები ან საეჭვო საქმიანობის წარმომადგენლებიც და ადამიანებს სპეციალურად დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდიან, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. მითუმეტეს, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ მოიტანა ის, რომ ერთ ადამიანსაც კი უბრალო მობილური ტელეფონის და სოციალური ქსელის ან იუთუბის საშუალებით შეუძლია საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზიაც კი შექმნას. ადრე თუ ინფორმაციის გავრცელება რთულად ხდებოდა, რადგან ხშირად ეს ინფორმაცია უბრალოდ, ფიზიკურად არ იყო, დღეს უკვე ინფორმაციის ოკეანეში ვართ და თითქმის შეუძლებელია ტყუილისა და სიმართლის გარჩევა. უფრო მეტიც, ხშირად კარგად შეფუთული, კაშკაშა ფერებით ბრწყინავი სიცრუე ჭეშმარიტებას ჰგავს, ხოლო უბრალო, სადა სიმართლე – ტყუილს. აქედან გამომდინარე, ის ადამიანი, რომელსაც არ გააჩნია არც შესაბამისი ცოდნა და არც ინტუიცია, რა გასაკვირია, რომ შეცდეს. ცივილიზაციის ისტორია ამას გვასწავლის, რომ ხალხს ერთმანეთში ხშირად ერევა ბევრი რამ და ის ბრძენი სულაც არ არის. ბრძენი შეიძლება იყოს ინდივიდი და არა ხალხი. არ არის საჭირო მაგალითად, ხალხის მიერ ქრისტეს და ბარაბას შორის გაკეთებულ არჩევანზე ვისაუბროთ. საკმარისი იქნება საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების უკანასკნელ ოცდაათ წელს თვალს თუ გადავავლებთ, დავინახავთ, რომ ხალხი ხშირად ცდება. ასე რომ, არ უნდა გაგვიკვირდეს, როცა ხალხი არ უჯერებს აკადემიური განათლების მქონე ექიმს და უჯერებს ვინმე მჩხიბავს და სწორედ მისიდან მოელის „სასწაულს“. სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ეს „სასწაული“ კარგად შეფუთული თაღლითობაა და მეტი არაფერი, რომელიც მატერიალური ან სხვა სარგებლის მიღებაზეა გათვლილი.

-არაერთი ცნობილი ფსიქოლოგი კრიზისს განიხილავს როგორც შანსს, რომლის დახმარებითაც, უკეთესი ცხოვრების დაწყებაა შესაძლებელი. კრიზისი ჩვენს სასიკეთოდ როგორ უნდა გარდავქმნათ?

ძალიან მიყვარს სიტყვა კრიზისის ჩინური განმარტებაა (სიმბოლურია, რომ კოვიდი, როგორც კრიზისი ჩინეთიდან დაიწყო). ჩინურ ენაში სიტყვა „კრიზისს“ ორი იეროგლიფით აღნიშნავენ. ეს არის „ვეი“ და „ცზი“. პირველი აღნიშნავს ხიფათს, მეორე კი შესაძლებლობას, შანსს, განვითარებას. ასე რომ, ყველა კრიზისი – შანსია! ყველა ადამიანს შეუძლია საკუთარ კრიზისში გარკვეული პერსპექტივის, შანსის მოძებნა. ეს ჰგავს კაკალის გატეხვას და იქიდან ნიგოზის გამორჩევას. თუ გვინდა, რომ პრობლემაში განვითარების გზა ვიპოვოთ, ის უნდა დავშალოთ და შევისწავლოთ. მე ამას მარტივი მათემატიკით ვხსნი ხოლმე. პრობლემას (კრიზისს) თუ გამოვხატავთ რიცხვით 2, მაშინ მისი მოგვარების, გადალახვის რიცხვი უნდა იყოს, მინიმუმ, 2,1 ანუ წინაღობის გადალახვის ძალა ოდნავ მეტი მაინც უნდა იყოს, ვიდრე ეს წინაღობა. ამასთანავე, ჩვენ არ შეგვიძლია კრიზისიდან გამოვიდეთ იმ აზროვნებით და ცნობიერებით, როგორითაც ამ კრიზისში აღმოვჩნდით. საჭიროა განსხვავებული აზროვნება და ცნობიერება. მაგალითად, იგივე პრობლემას ვაწყდებით დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში. ადამიანებში და განსაკუთრებით მმართველ რგოლებში თვალშისაცემია საბჭოური, დაშტამპული აზროვნება. სწორედ ამის გამო ხდება ჩვენს ქვეყანაში კლეპტომანია, ანუ საკუთარი ქვეყნის ძარცვა (რაც ხდებოდა იმ ავადსახსენებელ საბჭოთა კავშირში), ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა და ა. შ.

ასე რომ, როგორც ინდივიდუალურ, ისე სახელმწიფოებრივ დონეზე საჭიროა ახლებური აზროვნება და ცნობიერება, რათა შექმნილი კრიზისი ჩვენდა სასიკეთოდ გარდავქმნათ.

– ხშირად გვესმის ფრაზა „სამყაროსთან ჰარმონიული კავშირი“, გვითხარით, რა არის ამ კავშირის არსი?

ყველაფერი საკუთარი თავიდან იწყება. ცნობილი იამაიკელი გურუ მუჯი ამბობს: „შენ სული არ გაქვს. შენ სხეული გაქვს, რადგან შენ სული ხარ!“ საჭიროა გავიაზროთ, რომ სამყარო – ეს ჩვენ ვართ და ის ჩვენთვის იმიტომ არსებობს რომ ჩვენ თვითონ ვარსებობთ – აქ და ახლა. ამასთანავე, ჩვენშია სული – ღვთიური ენერგიის პროექცია. ადამიანშია მიწა და ცა, ანუ სხეული და სული. მიწიერი ენერგიის ოთხი ჰიპოსტასი და სულიერი სამყაროს სამი ჰიპოსტასი. სწორედ ამ სამისა და ოთხის ჰარმონიული სინთეზი გვაძლევს სამოთხეს, ანუ აბსოლუტურ ჰარმონიას საკუთარ თავთან. ბუნებრივია, სამოთხე – ეს არ არის ზეციური საქართველო, რომელიც ზეციური აზერბაიჯანისა და ზეციური სომხეთის მეზობლად მდებარეობს. თუ ადამიანი ჰარმონიაშია თავის თავთან, მაშინ ჰარმონიაშია სამყაროსთანაც. ადამიანს, რომელიც აგრესიულია (რაც ჩვენი დღევანდელი რეალობის დიდი პრობლემაა), ძალიან ეშინია. აგრესიის საფუძველი არის შიში. ადამიანები ერთმანეთს თავს აგრესიულად ესხმიან, რადგან ეშინიათ ერთმანეთის. ეშინიათ იმიტომ, რომ ვერ ენდობიან ერთმანეთს და ვერ ენდობიან ერთმანეთს იმიტომ, რომ არ უყვართ ერთმანეთი. აქ მივედით სიყვარულის კრიზისამდე. სიყვარული გასცემს და ეგოიზმი ითხოვს. მაგალითად, როდესაც მესმის, რომ ქმარმა მოკლა ცოლი იმის გამო, რომ ცოლს მასთან განქორწინება უნდოდა, ეჭვი არ მეპარება, რომ ის კაცი ლაჩარია. ის შიშით იყო სავსე და თავისმა შიშმა შეჭამა. ასეთ ადამიანს სიყვარული საერთოდ არ გააჩნია. მხოლოდ მესაკუთრის ეგოიზმი აქვს, რომელსაც ცხოველურად ეშინია, რომ ლუკმას სხვა წაართმევს. რა ღვთიურ სიყვარულზეა აქ საუბარი?! სამყაროსთან ჰარმონია – ნიშნავს, ჰარმონიაში ვიყო ჩემს თავთან. გავიაზრო, რომ ჩემს შექმნილ მდგომარეობაში დამნაშავე არ არსებობს – არც დედა, არც მამა, არც მეუღლე, არც სამშობლო, არც პრეზიდენტი, არც ღმერთი და საერთოდ, არავინ. არ არის საჭირო დამნაშავის ძებნა. საჭიროა საკუთარი თავისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და ცხოვრების დაწყება საკუთარი სცენარის მიხედვით.

– სხვადასხვა ცხოვრებისეულ მოვლენას ადამიანები ბედისწერას ვუკავშირებთ. ბედისწერის ფენომენი რეალურია, თუ ეს, უბრალოდ, ჩვენი ქმედებების გამართლების ერთგვარი მცდელობაა?

ერთხელ საი-ბაბას ჰკითხეს, „ღმერთი თუ არსებობს?“ მან უპასუხა: „რახან სიტყვა ღმერთი არსებობს, ე. ი. არსებობს“. ეს ეხება ბედსაც და ბედისწერასაც. უაზრობაა საერთოდ ვუარყოთ ეს ფენომენი, ან მას მივაწეროთ ჩვენი შეცდომები. ინდოეთში არსებობს ასტროლოგიის ძალიან ფაქიზი მიმართულება, რომელსაც ეწოდება ნიმიტა. ეს არის ნიშნების ასტროლოგია, ანუ დავინახოთ სამყაროს (ღმერთისგან) გამოგზავნილი ნიშნები. თუმცა საჭიროა ცოდნა, რომ ეს ნიშნები გავარჩიოთ და არ აგვერიოს ფსევდონიშნებში. მე ასეთ დიფერენცირებას ვახდენ: ბედს თვითონ ქმნის ადამიანი. ილია ჭავჭავაძეც ამას წერს: „ბედს თვითონ კაცი ქმნის და არა ბედი კაცსა“. რეალურად, ეს არის ის, რასაც ვირჩევთ, სადაც არჩევანის გაკეთების საშუალება გვაქვს. რაც შეეხება ბედისწერას, ეს ის არის, სადაც არჩევნის გაკეთების საშუალება არ გვაქვს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ ვერ ვირჩევთ დაბადებას და სიკვდილს. ეს უკვე მიანიშნებს, რომ ჩვენ მოქცეულები ვართ გარკვეულ, ბედისწერულ ჩარჩოში. ყველას არ შეუძლია იშოვოს მილიონი ან მილიარდი დოლარი და ასევე არ შეუძლია იმ შტანგის აწევა, რომელსაც ლაშა ტალახაძე ეწევა. ეს არის პოტენციალი, რომელიც გამჩენმა ჩვენში ჩადო (ბედისწერა), მაგრამ მას როგორ განვავითარებთ, მის რეალიზაციას როგორ მოვახდენთ, ჩვენზეა დამოკიდებული (ბედი).

– ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული ეგზისტენციური მდგომარეობა დგება მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ვიღებთ ისეთს, როგორიც ის სინამდვილეშია. რატომაა ასეთი რთული საკუთარ თავად ყოფნა?

ეს არის შიშის ფაქტორი და უპირველესად კრიტიკის შიშის, ანუ „რას იტყვის ხალხის“ მომენტი. რადგან ასე გაგვზარდეს და აღგვზარდეს. ადამიანები ხშირად ბრაზდებიან საკუთარ მშობლებზე, რომ მათ რაღაც ვერ გაუკეთეს. ამას აზრი არ აქვს, რადგან ის მშობლებიც მათნაირმა მშობლებმა გაზარდეს, ისინი – ასევე მათნაირებმა და ა. შ. ეს არის ე. წ. გენეტიკური კარმის ფსევდოჯაჭვი, რომელიც უნდა გავწყვიტოთ. ამას გაცნობიერება სჭირდება. გახსოვთ, დიალოგი ფილმიდან „ფორესტ გამპი“?

– ფორესტ, შენ უკვე გადაწყვიტე, როცა გაიზრდები, ვინ გახდები?

– მე ვინ გავხდები?

– დიახ.

– მე განა მე არ ვიქნები?!

საოცრებაა იყო ის – ვინც ხარ. გააცნობიერო შენი ინდივიდუალიზმი. როგორი საშიშიც არ უნდა იყოს, ჩვენ როლი, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, სხვა ყველა როლი უკვე დაკავებული და ყველა თავი თამაშს თამაშობს. სიტყვა „თამაში“ ყურში უხეშად ნუ მოგვხვდება. არის ძალიან კარგი ამერიკელი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ერიკ ბერნი. მას აქვს ჯადოსნური წიგნი „თამაშები, რომლებსაც ადამიანები თამაშობენ“. ვისაც ეს წიგნი აქვს წაკითხული, ისინი მიხვდებიან, რისი თქმაც მინდა.

– მიზიდულობის კანონის თანახმად, ადამიანების მდგომარეობა აწმყოში, წარსული ფიქრებითა და ოცნებებითაა განპირობებული. არაერთი პიროვნება ამ მოსაზრებაში ეჭვს შეიტანდა, სკეპტიკოსებს რას ეტყოდით?

სკეპტიკოსი ცხადია ამ ყველაფერს ეჭვს შეიტანს. თუმცა ამაში ეჭვი არ ეპარება გლეხს. ჩვენთან სიტყვა „გლეხი“ ხშირად გაუნათლებლობასთან ასოცირდება. თუმცა ეს დიდი შეცდომაა. მე ვსაუბრობ ისტორიულ საქართველოზე, სადაც გლეხს წერა-კითხვის შესწავლის საშუალებაც არ ჰქონდა (XIX საუკუნემდე ასე იყო). თუმცა გლეხის მასწავლებელი იყო ბუნება და ცხოვრება. აქედან იღებდა გლეხი განათლებას. ეს იყო მისი სიბრძნე. სწორედ ამის გამო თავადები, აზნაურები თავის შვილებს პატარა ასაკში გლეხებს აძლევდნენ გასაზრდელად. არა იმიტომ, რომ ბავშვის გაზრდა მათთვის რთული იყო. არამედ იმიტომ, რომ მას ესწავლა ბუნების, ცხოვრების, ზღაპრების, მითების ენა. ეს ყველაფერი მთელი სისავსით იყო გლეხის ქოხში და არა თავადის სასახლეში. გლეხმა ძალიან კარგად იცის ხვნა-თესვა, იცის, რომ თუ დათესავს სიმინდს – სიმინდს უნდა ელოდოს და არა ხორბალს. იცის, რომელ ნათესს, ხეს, ბუჩქს როგორ მოუაროს. ცხადია არსებობს ამინდიც (რომელიც ზემოთ ხსენებულ ბედისწერას ეკუთვნის), თუმცა მან უნდა დათესოს. ეს მისი ცხოვრებაა. ეს ბუნების კანონია – თესავ და მერე იღებ. ნუგზარ შატაიძეს აქვს ერთი მოთხრობა „ვენახის ანგელოზები“, სადაც გლეხს ვენახის შეწამვლის დროს სეტყვა მოუსწრებს და დაუსეტყვავს. გამწარებული გლეხი (გოგია) ხედავს მის თვალწინ როგორ ინგრევა მისი ნაშრომი. ბოლოს, როცა ყველაფრი სრულდება და მისი შეშინებული ცოლი ეხვეწება, რომ დაანებოს თავი ვენახს და სახლში წავიდეს. ის პირგამეხებული უყურებს ცოლს და ეუბნება: „წადი-მეთქი, დედაკაცო, შინა!“. ამის შემდეგ თავის გაუბედურებულ ვენახს ახლიდან გასხლავს და დარჩენილი შაბიამნით შეწამლავს. ეს არის ბრძენი გლეხის პასუხი ბედისწერასთან, ცხოვრებასთან მიმართებაში. მან იცის, რომ თუ უნდა, რომ მომავალში მიიღოს, აწმყოში უნდა იშრომოს. ზუსტად ასეა წარსულისა და აწმყოს კავშირიც. ჩვენი გუშინ გაცემული აზრი, სიტყვა, ემოცია და მოქმედება – ჩვენს დღევანდელ დღეს აყალიბებს, ხოლო დღეს გაცემულს კი ხვალ მივიღებთ და. ა.შ.

რეალურად, მიზიდულობის კანონი – სწორედ ეს არის, რასაც გასცემ (დათესავ), იმას მიიღებ (მოიმკი). ადამიანი ამას ოთხი კომპონენტით ახერხებს – აზრით (როცა ფიქრობ), სიტყვით (როცა საუბრობ), ემოციით (როცა განიცდი) და მოქმედებით (როცა აკეთებ).

– თქვენ დასახული მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებად სასურველი როლის მორგებას მიიჩნევთ. ამ მეთოდის ეფექტურობაზე გვესაუბრეთ.

ბუნებრივია, დასახულ მიზნამდე მისვლას მიზანსწრაფვა, სწორი შრომა, ორგანიზებული მოქმედებები და დისციპლინა სჭირდება. თუმცა ეს ფიზიკური ასპექტია. მიზნის მიღწევის ფსიქოლოგიური ასპექტია, გავიაზროთ ვინ უნდა გავხდე, როგორი უნდა გავხდე, რომ მივაღწიო იმ მიზანს, მივიღო ის, რაც მინდა. ყველას სურს ანგარიშზე მილიონი დოლარი ჰქონდეს, მაგრამ როგორ აზროვნებს, ხასიათის რა თვისებებს ფლობს, კრიზისის დროს როგორ მოქმედებს ის ადამიანი, ვისაც ეს მილიონი უკვე აქვს, გაცილებით საინტერესოა. ამიტომ სანამ რაიმე ფიზიკურ მდგომარეობას მივაღწევთ, ფსიქოლოგიურად მზად უნდა ვიყოთ ამისთვის. თუმცა საქმე უფრო რთულად არის და ამის განვითარება საკმაოდ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია. როდესაც სავარჯიშო დარბაზში პირველად მივდივართ, გარშემო ვხედავთ დაკუნთულ, ლამაზი სხეულის მქონე ინსტრუქტორებს და ჩვენ წამოზრდილ ღიპს. პირველი აზრი შეიძლება იყოს, რომ „ეს არასდროს გამომივა“. ცხადია, ეს არასწორი აღქმაა. სწორი კვება, სწორი ვარჯიშის სისტემა, რაც მთავარია, დისციპლინა და შედეგი იქნება. ასევე საჭიროა, წარმოვიდგინოთ, რომ ეს უკვე მაქვს ან ასეთი უკვე ვარ. რას ვგრძნობთ ამ დროს?! ეს საოცრად დისკომფორტული განცდაა, რომ ჩვენი ქვეცნობიერი ეწინააღმდეგება ცნობიერის გზავნილს და არ იჯერებს. ამიტომ არ მუშაობს ზედაპირული პოზიტიური აზროვნება. თუ ქვეცნობიერში სტრესი და შიშია, მაშინ ცნობიერის პოზიტივს არაფრის გაკეთება არ ძალუძს. სასურველი როლის მორგებაში სწორედ ქვეცნობიერამდე მიტანა და იმის დაჯერებაა, რომ „მე ეს შემიძლია“, „მე ამას ვიმსახურებ“, მე ამის ღირსი ვარ“ და ა. შ.

– ტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, სამყაროს შესახებ პასუხების მისაღებად ხშირად საუკუნეების უკან მომხდარ ამბებს, გამქრალი ცივილიზაციის მიერ დატოვებულ ცოდნას ვუბრუნდებით. ადამიანის ფორმირების პროცესში, რა როლს ასრულებს ეს მუდმივი კავშირი წარსულთან?

ეკლესიასტე ამბობს: „აღმოხდება მზე და ჩადის იგი, უბრუნდება თავის ადგილს და კვლავ იქიდან ამობრწყინდება. რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“. წრე – ეს ღვთიური ფორმაა. ამიტომ ჩვენს წინაპრებს მრგვალი ან მომრგვალებული ფორმები უყვარდათ. ეს იყო ქოხები, ჯარგვალები, ციხე-კოშკები, მაგიდები, სკამები, ფარები, ხმლები, ქუდები და ა. შ. მრგვალ ფორმაში დადებითი ენერგიაა, ხოლო ოთხკუთხედ ფორმაში ნეგატიური, კონფლიქტური ენერგიაა. სწორედ ამიტომ კუთხეების გადაკვეთა ასუსტებს ადამიანს. სად ხდება ხშირად ავტოავარიები?! გზაჯვარედინებზე. ძველად, სკოლებში ცელქ ბავშვს კლასის კუთხეში აყენებდნენ. რატომ? იმიტომ, რომ ბავშვი დაცლილიყო ენერგიისგან და არ ეცელქა. შეიძლება ბევრმა არც იცოდეს, თუ რა იყოს დასჯის ამ მეთოდის არსი. ყველაფერი წრეზე მიედინება, ყოფით დონეზე, როგორც გენიალური კორეელი რეჟისორის კიმ კი დუკის ფილმს ჰქვია „გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული“. ასევე კვანტური ფიზიკის დონეზეც კი – ფიზიკოსები მოხრილი ფურცლის მეშვეობით ხსნიან ხოლმე დროის ფენომენს. სწორედ ამას უკავშირდება დროში ან სხვა სამყაროში მოგზაურობის მითიც. ამის კვალს შეიძლება წავაწყდეთ ინდოეთში, ტიბეტში, მესოამერიკელ ინდიელებში ან თუნდაც ხევსურეთში – გახუა მეგრელაურის ქაჯავეთში მოგზაურობის მითის ფორმით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ წრეში ვართ მოქცეული და საჭიროა ამ წრიდან თავის დაღწევა. როგორც ინდოეთში უწოდებენ „სამსარას“ წრიდან, რაც უკავშირდება მეტემფსიქოზის, ანუ რეინკარნაციის დაბადების ფენომენს. ინდოელთა რწმენით, უნდა მოხდეს ამ სამსარას წრიდან გამოსვლა, ანუ მოქშა (გათავისუფლება). ეს არის ბუდისტური ნირვანა, ქრისტიანული ცხონება და ა. შ.

ჩვენ შეგვიძლია ჩვენთვის ახალ (მაგრამ სამყაროსთვის ათასგზის განცდილ) რეალობაში გამოვიყენოთ ცივილიზაციის წარსულის გამოცდილება. თუმცა ამის დანახვას და გაცნობიერებას სიბრძნე სჭირდება.

– ასტროლოგიის მიხედვით ჩვენი ცხოვრების დაგეგმვა და ჰოროსკოპზე მიჯაჭვულობა ხშირად ადამიანებს პარანოიაში გადასდით. ასტოლოგიასთან მიმართებით, სად გადის ზღვარი რაციონალურ აზროვნებასა და აკვიატებას შორის?

ძალიან კარგი კითხვაა და სწორი შენიშვნა. ეს არ ეხება მხოლოდ ასტროლოგიას. დაუკვირვებელი თვალიც შეამჩნევს, რომ ნახევარი საქართველო მეორე ნახევარს „აქოუჩინგებს“. სწორედ ეს აღვნიშნე ზემოთაც. ძალიან ჭირს გაარჩიო სიმართლე ტყუილისგან. მაგალითად, დიდ პატივს ვცემ ჩემს რამდენიმე მეგობარ ქოუჩს (თქვენი ნებართით გამოვიყენებ ამ სიტყვას ბრჭყალების გარეშე, რადგან უკვე დამკვიდრდა ჩვენში და ქართული ენის შემადგენელი ნაწილი გახდა). თუმცა ქოუჩების 95 პროცენტს არ გაუგია, მაგალითად თომას ლეონარდის სახელი. იმ ადამიანის, ვინც შექმნა ინდივიდუალური ქოუჩინგი. ჩვენთან ასეთი მიდგომაა, უბრალოდ, დაესწარი რაიმე ტრენინგს და მორჩა – შენ შეგიძლია ასწავლო სხვებსაც, გასცე სერტიფიკატები. შედეგი ზუსტად ისაა, რასაც ჩვენში რელიგია იძლევა. საქართველოში ბევრ ტაძარს აშენებენ და მათ ხშირად შევხვდებით უკვე რომელიმე სკოლის ეზოში ან თუნდაც სკვერში, მაგრამ რა?! ჩვენში მოიმატა სიყვარულმა, თანაგრძნობამ, სიკეთის კეთების სურვილმა?! მე მგონი პირიქით. ცოტა ხნის წინ ყველამ ვნახეთ, რწმენის სახელით როგორ დარბოდნენ გავეშებულები ფანატიკოსები და ცდილობდნენ იმ ადამიანების ჩაქოლვას, ვინც მათ არ ჰგავთ. ამან შეიწირა ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე. ეს ტრაგედიაა. რწმენას, რომელსაც სიყვარული არ გააჩნია – უბრალო ფანატიზმია და მეტი არაფერი. ნებისმიერი ცოდნა, მათ შორის ასტროლოგიურიც, როდესაც ფანატიკური ხდება, ის უკვე საშიში და დამანგრეველია. ასტროლოგია – ეს არის საგზაო ნიშნების ცოდნა, მძღოლი – თვითონ ადამიანია. უსიყვარულო, ხარბი და აგრესიული ადამიანის ხელში როგორც რელიგია, ისე ასტროლოგია მანიპულაციის ინსტრუმენტია. ამას ნგრევა მოაქვს.ეს ბუნების კანონია. დიასახლისმა თუ ოჯახისთვის საჭმელი ცუდ ხასიათზე ყოფნისას მოამზადა, ის მომწამლავი ხდება. უბრალო საჭმელი. საუბარი აღარ არის რელიგიაზე ან თუნდაც ასტროლოგიაზე. ინდოეთში, როდესაც ვიკითხე, „რით იწყება ასტროლოგიის შესწავლა?“, მიპასუხეს: „ლოცვით!“ დიახ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ საგზაო ნიშნები, მაგრამ არ გვეშინოდეს მათი. განა წითელი შუქნიშანი პანიკაში გვაგდებს?! ნუ დაუჯერებთ ნურცერთ სასულიერო პირს, ფსიქოლოგს, ასტროლოგს, რომელიც რაღაცით გაშინებთ. ამით თქვენზე მანიპულაციას ცდილობს. როგორც ჩემი საყვარელი ამერიკელი ფილოსოფოსი რალფ უოლდო ემერსონი ამბობს: „თუ ბედისწერის გწამთ – თქვენდა სასიკეთოდ გწამდეთ“.

– ინდოეთში მოგზაურობას წიგნი მიუძღვენით. რა არის ამ უძველესი კულტურის მთავარი „მაგია“ რამაც თქვენში ყველაზე დიდი აღფრთოვანება გამოიწვია?

ინდოეთი – ეს ცალკე მულტიკულტურული სამყაროა. თავისი სიღრმით, მრავალფეროვნებით, ფერებით, ბგერებით, სურნელებით. 2013 წელს ვიყავი ინდოეთში და ამის შესახებ 2015 წელს გამოვეცი წიგნი „ჩემი ინდური სასწაული“. ის როგორც ერთგვარი გზამკვლევი ისე დავწერე. წარმოიდგინეთ ინდოეთში ჩასული ტურისტი, როდესაც გზაზე ხედავს ხალხის ოკეანეს და ეს მხოლოდ ხალხი არ არის. ეს არის ერთმანეთში არეული ავტობუსი, მანქანა, მოტოციკლი, მოტორიქშა, ველორიქშა, სპილო, ძროხა, აქლემი, ადამიანი. ეს ოკეანე გაჯერებულია ამ ყველაფრის ხმებით და სუნებით. ეს არის ერთგვარი მიწიური „შავი ხვრელი“, რომელიც გითრევს შიგნით. ინდოეთს აქვს ორი უკიდურესობა – ან ვერ იღებ საერთოდ ან შენში სამუდამოდ რჩება და გიყვარდება. მე მეორე დამემართა. რა თქმა უნდა, ის გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს. ინდოეთში არაოფიციალურად, 1,5 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს. ამიტომ ინდოეთში მოხვედრისას (ისევე როგორც ცხოვრებაში) გჭირდება სწორი შინაგანი ორიენტირი, რომ არ აიბნე. ზუსტად უნდა იცოდე, სად მიდიხარ და რას ეძებ.

-პოეტი ხართ და მრავალფეროვნების მნიშვნელობას ნათლად აცნობიერებთ. მათ ვისაც განსხვავებულობის ეშინია, აუხსენით თუ რატომაა ფასეული მრავალფეროვნება?

შიში – ეს არის სიყვარულის საწინააღმდეგო ენერგია. სწორედ შიში წარმოქმნის განსხვავებულის მიუღებლობას. ქართულ ენაში გვაქვს სიტყვა „საუცხოო“. მისი ფუძე არის „უცხო“. რაც იმას ნიშნავს, რომ ძველად, საქართველოში არ ეშინოდათ უცხო კულტურის, უცხო ეროვნების, სარწმუნოების, რასის, კანის ფერის და სექსუალური ორიენტაციის ადამიანის. რატომ? იმიტომ, რომ თბილისი იყო აზიისა და ევროპის შეხვედრის და გადაკვეთის წერტილი. აქ იყო ყველა და ყველაფერი. შემდგომ, კონკრეტულად კი XIX საუკუნეში მოვიდა რუსეთი. მან მოიწადინა შეეცვალა ჩვენი ენა, ღვთისმსახურება, კულტურა, ტრადიციები და რაც მთავარია, ცნობიერება. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს გარკვეულწილად მოახერხა კიდეც. საქართველოს რუსეთთან ურთიერთობას ორ ნაწილად ვყოფ – ცარიზმად და კომუნიზმად. ჩვენ სწორედ მეორემ მოგვიღო ბოლო. წაკითხული მაქვს 1910-21 წლების პერიოდიკა და იქ უდიდესი სინათლეა. საქართველოს პირველი რესპუბლიკა დააარსეს უცხოეთში განათლებულმა მიღებულმა ადამიანებმა. მეორე რესპუბლიკა (1991 წელს) საბჭოთა ადამიანებმა. ამ ორ რესპუბლიკას შორის უფსკრულია. საჭიროა ამ უფსკრულის სიყვარულით, გაგებით, თანაგრძნობით და ურთიერთკომპრომისებით ამოვსება.

ოცდაათი წელია წრეზე რომ დავდივართ, სწორედ საბჭოთა კავშირის „წყალობით“ არის. ერთი წამით წარმოიდგინეთ, 1921 წელს არ დავეპყარით რუსეთს და არ დაეხვრიტათ მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, პეტრე ოცხელი, გიორგი მაზნიაშვილი და უამრავი მსგავსი პიროვნება. არ მოეკლა თავი პაოლო იაშვილს, არ წასულიყო ემიგრაციაში საქართველოს მთავრობა და მას უკან არ გაჰყოლოდა ბევრი მწერალი, მეცნიერი, სამხედრო პირი და ის „ტვინები“, ვისაც შეეძლო ევროპული საქართველო აეშენებინა, რომლის აშენებას ახლა ვცდილობთ და არ გამოგვდის. ხვდებით რა დავკარგეთ?! სად უნდა ვყოფილიყავით და სად ვართ. სწორედ აქედან მოდის შიში. მათ ჩაგვინერგეს შიში და უნდათ, რომ მათ ორბიტაზე დაგვაბრუნონ. ეს არ უნდა დავუშვათ. საქართველო უნდა იყოს ის ქვეყანა, სადაც ყველა ადამიანის უფლება დაცული იქნება, მიუხედავად მისი ეროვნების, სარწმუნოების, რასის, კანის ფერის და სექსუალური ორიენტაციისა.

– ლიტერატურა, მუსიკა, ფერწერა, ზოგადად ხელოვნება, ადამიანის, როგორც ინდივიდის არსებობის გააზრებას, სამყაროში მისი როლის გამოკვეთას ყოველთვის ცდილობს. თვლით, რომ ხელოვნებას ძალუძს სამყაროს იდუმალების ბოლომდე გადააზრება?

გარკვეულწილად კი, რადგან ჭეშმარიტი ხელოვანი ყოველთვის ასე ვთქვათ, ღმერთის ხმას უსმენს და ამას გადასცემს სხვა ადამიანებს. ვაჟა-ფშაველა ამას ასე გადმოგვცემს:

„მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდექ,

თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,

გულზე მესვენა მზე-მთვარე,

ვლაპარაკობდი ღმერთთანა“.

თუ ძველ ეგვიპტეში ასეთი ადამიანი იყო ქურუმი, ინდოეთში – „რიში“ (ბრძენი), საქართველოში ეს იყო მწერალი. ჩვენი წმინდა წიგნი იყო „ვეფხისტყაოსანი“. რომლის განადგურებასაც, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, შორეულ წარსულში კი არა, არამედ XVIII საუკუნეში სასულიერი პირები ცდილობდნენ, რადგან ის გარყვნილ წიგნად მიაჩნდათ. ურმებით მიჰქონდათ და მტკვარში ყრიდნენ. XIX საუკუნის ქართული პუბლიცისტიკა წერს ამის და ბევრი სხვა საინტერესო მოვლენის შესახებ. „ვეფხისტყაოსნის“ სიყვარულის და არ დაკარგვის (არ მინდა ვთქვა დაკარგვის შიშის) გამო ძველ საქართველოში ზეპირად სწავლობდნენ. ქართველისთვის „ვეფხისტყაოსანი“ სახარების გვერდით იდგა. ასეთ ხელოვნებას ძალუძს სამყაროს იდუმალების ბოლომდე გააზრება. ნამდვილ ლიტერატურას, მუსიკას, ფერწერას და საერთოდ, ხელოვნების ყველა დარგს უდიდესი ენერგია აქვს და ის ადამიანისთვის კათარზისის მომტანი ხდება. ჭეშმარიტ ხელოვნებას ნამდვილად შეუძლია, რომ ჩვენი თავის, სამყაროში ჩვენი ადგილის თუ მისიის შესახებ ჩაგვაფიქროს და ამ ყველაფრის გაცნობიერების საშუალება მოგვცეს. სულ ახლახან წავიკითხე უკარგესი და უგანათლებულესი ქართველი ებრაელის ჯემალ აჯიაშვილის ნათარგმნი „შუა საუკუნეების ებრაული პოეზია“. უნდა ვაღიარო, რომ ჩემდა სამარცხვინოდ, ამ წიგნს აქამდე არ ვიცნობდი. ეს ჩემთვის ღმერთის გამოცხადებასავით იყო. ადამიანების მიერ ღმერთისადმი, სამყაროს გამჩენისადმი მიძღვნილი ასეთი ჰიმნები თითქმის არ შემხვედრია. ამ დროს ეს არის X-XII საუკუნეების ესპანელი ებრაელი პოეტების პოეზია. შოკში ვიყავი, როდესაც აბრაჰამ იბნ ეზრას ლექსებს ვკითხულობდი, რომელიც სხვათა შორის, თავისი დროის უდიდესი ასტროლოგი იყო. მე მაქვს მისი ასტროლოგიური ნაშრომები, თუმცა არ ვიცოდი, თუ ასეთი დიდი პოეტი იყო. აღფრთოვანებული ვკითხულობდი და თან მადლობას ვუხდიდი აწ განსვენებულ ჯემალ აჯიაშვილის სულს ამ წიგნის თარგმნისთვის.

-მსოფლიო ლიტერატურაში, განსაკუთრებით ფენტეზის ჟანრში, ადამიანი, დედამიწა არასდროს მოიაზრება სამყაროს ცენტრად. ნაწარმოებებში ხშირად სწორედ „სხვა სამყაროდან“ მოსული არსებები უწვდიან ადამიანებს დახმარების ხელს. თქვენი აზრით, გლობალური დათბობის, მუდმივი კომფლიქტების, სიღარიბისა და დაძაბულობის ფონზე, მართლაც გვჭირდება ადამიანთა რასას „სხვისი“ დახმარება?

„სხვა (უცხო) სამყარო“ ბევრი ხალხის მითებში გხვდება. ფშავ-ხევსურეთში ესენი არიან ღვთისშვილები – კოპალა, იახსარი, პირქუში, რომლებიც დევებთან, ანუ „ბნელ ძალებთან“ ბრძოლაში ადამიანებს ეხმარებიან. მაგალითად, კოპალას აქვს ცეცხლისმტყორცნელი ლახტი, რომელსაც შეუძლია შორიდან ცეცხლი ისროლოს და შუაზე გახეთქოს ქვა ან მოკლას დევი. წარმოიდგინეთ, უძველესი დროის მითოლოგიური გმირი, რომელიც ფლობს ცეცხლსასროლ იარაღს. როცა კოპალაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ, რომ ინდოეთში არსებობს გოპალა, რომელიც არის ინდუიზმში ღმერთ კრიშნას ერთ-ერთი გამოვლენა და ითარგმნება როგორც „ძროხების მწყემსი“. აქვე შეგახსენებთ, რომ ძროხა – ძველ ხევსურეთში ვალუტა იყო და თითქმის ყველაფერი მისით ფასდებოდა. მაგალითად, გორდა ხმალი ღირდა – 5-15 ძროხა, „ფრანგული“ – 25-40 ძროხა, „დავითფერული“ – 50-60 ძროხა და ა. შ. ხომ საინტერესოა?!

აპოკრიფულ „ენოქის წიგნში“ ენოქი ანგელოზებს გაჰყავთ ზეცაში და იქ ასწავლიან ბევრ რამეს, გადასცემენ ცოდნას (მათ შორის ასტროლოგიას). მესოამერიკელი ინდიელების ერთ-ერთი წმინდა წიგნი „პოპოლ ვუჰი“ ძალიან ჰგავს „ბიბლიის“ დაბადებას, შესაქმეს. ეს წიგნი არსებობდა მანამ, სანამ კოლუმბი ამერიკას აღმოაჩენდა. ერთ-ერთი ვერსიით მაიას ცივილიზაციის ღმერთი იუმ კაახი კოსმოსიდან მოვიდა და მაიას ხალხს სიმინდი მოუტანა. ინდოეთში, ღმერთებს არჯუნა დედამიწიდან მიჰყავთ და არჯუნა მიწას როგორც ბურთს, ისე ხედავს. მსგავსი მითები ბევრია და ისინი რაღაცაზე მიგვანიშნებენ. უცხო ცივილიზაციის ნიშნებს ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს მითებში. ერთ-ერთი ასეთი მითია „სიცოცხლის ხის“ მითიც. იგივე ხევსურეთში, მისი მეშვეობით „ღთისშვილებს“ ადამიანების სიტყვა ააქვთ მიწიდან – ცაში, მორიგე, ანუ დროის ღმერთთან და პირიქით, მისი სიტყვა ადამიანებთან ჩამოაქვთ.

ჩვენი სამყარო უზარმაზარია და ის მილიარდობით გალაქტიკისგან შედგება. თითოეული გალაქტიკა კი მილიარდობით ვარსკვლავს მოიცავს. ჩვენ ერთ-ერთი, საშუალო ზომის ვარსკვლავის, მზის სისტემაში, ერთ-ერთი მცირე პლანეტაზე – დედამიწაზე ვცხოვრობთ. ამ უზარმაზარ სამყაროში მიუხედავად ყველაფერ ზემოთ თქმულისა და ჩვენი სურვილისა, რომ ჩვენ მარტო არ ვიყოთ, ჯერ-ჯერობით ადამიანური გონებით რასაც ვიაზრებთ, მარტო და იმავდროულად, თან ძალიან უსუსურები ვართ. მაგალითად, ჯერ ვერ აგვითვისებია ჩვენი, „მშობლიური“ მზის სისტემაც კი. სულ ახლახან დაიწყო მარსის კოლონიზაციაზე საფუძვლის მომზადება. ჩვენ დედამიწიდან ჯერ ვერ გავაღწევთ. ამიტომ ისევ ჩვენი ვალი, დანიშნულება და მისიაა, მივხვდეთ ერთ უბრალო ჭეშმარიტებას: დედამიწა – არ გვეკუთვნის ადამიანებს, ეს ადამიანები ეკუთვნიან დედამიწას. ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რაც მთავარია, დედამიწას. ჩვენს საუბარს კი ლაკოტას, სიუს და ჰუნკპაპას ტომის ბელადის „მჯდომარე ხარის“, იგივე ტატანკა იოტაკეს სიტყვებით დავამთავრებ: „გიყვარდეს დედამიწა, ნუ ფიქრობ, რომ ის მშობლებისგან მემკვიდრეობით გერგო, დედამიწა შენ საკუთარმა შვილებმა გათხოვეს“.

ბადრი კობიაშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები