“პრემიერი იწყებს ბრძოლას! იგი ახალ ძალებს ეძებს სტუდენტებში“ – ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება

ახალი სიტყვა: საქართველო მალე ფერებს შეიცვლის, სულ სხვა პოლიტიკური ქარი დაუბერავს!
(ლელა კაკულიას წინასწარმეტყველებათა სრული ვერსიის მცირედ შემოკლებული ვარიანტი — გაგრძელება, ნაწილი 72)
2013 წელი, 10 იანვარი
ქართულ პოლიტიკაში ყველაფერი ისე ვითარდება, როგორც რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე. დღევანდელი მთავრობა, ვიმეორებ, არის გარდამავალი რგოლი. ბევრი რამ იცვლება. ახალ სახეებად მოვლენილი ძველი პოლიტიკოსები ხალხის გულს მაინც ვერ მოიგებენ. ხალხი ვერ ივიწყებს წარსულს. იმდენად ღრმად არის მათ მეხსიერებაში ჩამჯდარი მავანთა მიერ გადადგმული არასწორი პოლიტიკური ნაბიჯები, რომ ივიწყებენ კი არა, პირიქით, არ პატიობენ. ეს ვიცი 100 პროცენტით. ამიტომ მათი როლი პოლიტიკაში ნულის ტოლია.
რაც გაკეთდება და რა მიღწევებიც უნდა ჰქონდეთ, ხალხი მაინც პრემიერს მიაწერს ყველაფერს, ეს პრემიერის დამსახურებაა, ეს პრემიერმა გააკეთაო. კოალიციის წევრები ხვდებიან (თუმცა, სანამ მოვიდოდნენ მთავრობაში, მაშინაც კარგად იცოდნენ, რომ შანსი აღარ ექნებოდათ; იცოდნენ და არ გაუშვეს მომენტი ხელიდან, მოვიდნენ მთავრობაში, რომელსაც ხალხი არ მიიღებს), რომ ხალხი მხოლოდ ერთადერთ ადამიანს ხედავს — პრემიერ-მინისტრს, მისი სჯერა მხოლოდ.
მომავალში უმრავლესობა მაინც დაიშლება. ყველა თავის თამაშს იწყებს, მაგრამ რაც უნდა მოიმოქმედონ, თავშივე წაგებული აქვთ. არც ახალი პარტიების შექმნა უშველით და არც სხვა არაფერი. ასე რომ, პოლიტიკაში მათი ადგილი არ იქნება, ვხედავ.
დადგება დრო, როცა პრემიერი მათ ვეღარ უშველის, პირიქით, მოიშორებს იმ ხალხს, რომლებსაც თითქოს დღეს ეყრდნობა და ენდობა. არ დაიჯეროთ! ვიმეორებ, იგი მათ ძალიან მალე მოისვრის პოლიტიკურ სანაგვეზე. პრემიერი ხმამაღლა განაცხადებს, რომ მათ არ იციან საქმე, არ იციან, საგარეო პოლიტიკა როგორ მართონ, ბევრი რამ გააფუჭეს და ა.შ. და ა.შ. განსაკუთრებული უარყოფა საკუთარი მრჩევლების მიმართ უჩნდება პრემიერს. მათი ანალიზები და პოლიტიკური სიბეცე მთლად გააგიჟებს და ვხედავ, იწყებს ბრძოლას. იგი ახალ ძალებს ეძებს სტუდენტებში. დიახ, ეძებს ახლაგაზრდებს, რომელთა მოწოდებაც არის სამშობლოს სიყვარული, ქვეყნის გადარჩენა და არა „მარიაჟობა“ და კეკლუცობა, პირადი ინტერესების დაკმაყოფილება, წარსულიდან გამოყოლილი ბოღმის დაკმაყოფილება, რაც პოლიტიკოსს ნამდვილად არ მოუტანს სიკეთეს.
იქნება დიდი ცვლილებები და ეს ცვლილებები ქვეყანას გააოცებს. მოდიან ახალგაზრდები, ახლაგაზრდა მეცნიერები. ძველი პოლიტიკოსები კი პოლიტიკური არენიდან ქრებიან. აღარსად იქნებიან ძველი სახეები. სულ სხვა პოლიტიკური ქარი დაუბერავს საქართველოში. ეს ის პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს გადაარჩენს და მასთან ბრძოლა, პირველ რიგში, რუსეთს გაუჭირდება და ასევე სხვა ქვეყნებსაც. ეს სულ სხვა საქართველოა. ეს ის ქვეყანაა, რომელიც წამყვანი სახელმწიფოების ბრძანებებს არ ასრულებს.
ვხედავ, საქართველო მალე ფერებს შეიცვლის!
რუსეთი რთულ მდგომარეობაშია. ბევრი რამ იცვლება რუსულ პოლიტიკაში, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას კი ჯერ ვერაფერი გაუგეს. თითქოს ბევრი რამ იცვლება საქართველოსთან დამოკიდებულებში, გარდა ერთი საკითხისა — რუსეთი ოკუპანტია და უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების მიხედვით — დააბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები! ეს საკითხი მაშინ დაიხურება, როცა დაგვიბრუნებენ ქართულ ტერიტორიებს და ეს ასი პროცენტით ასეც იქნება მომავალში.
გადის დრო და ყველაფერი სრულდება. დგება ჟამი, როდესაც პოლიტიკა ხალხის, ჩემი ქართველების სასარგებლოდ იმუშავებს. სოფელი ძლიერია — ესე იგი, სახელმწიფოც ძლიერია!
აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა! სომხეთიდან რუსეთისკენ მიმავალი რკინიგზა იმ დროს გაიხსნება, როცა რუსეთი დატოვებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ეს თემა დღეს დიდი თავისტკივილია. საინტერესოა, ვინ უნდა იაროს დღეს ამ რკინიგზით — მარტო სომხებმა თუ აფსუებმაც თბილისსა და სომხეთში? ბევრი სხვა სასიკეთო ნაბიჯებიც შეიძლება გადაიდგას, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც აბსურდია, ვინაიდან მანამ, სანამ რუსეთის ნებაა გვამყოფოს ასეთ მდგომარეობაში, არაფერიც არ გამოვა.
რუსეთს თავისი გეგმა აქვს შედგენილი — რა თქმა უნდა, მზაკვრული — საქართველოს მიმართ. ისე, ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია. აფხაზეთში ბევრს არც რუსების ხილვა სურს და სხვათა შორის, არც ადგილობრივ სომხებს ენდობა (იმაზე მეტს ვხედავ, ვიდრე ვწერ. არ მსურს ყველაფრის თქმა). თავად აფხაზეთში მცხოვრებ აფსუებს არ უნდათ, არ სურთ ეს რკინიგზა.
საქართველოს პრემიერის განცხადება რკინიგზასთან დაკავშირებით დიპლომატიური განცხადება იყო, მეტი არაფერი, იმიტომ რომ ეს გზა მხოლოდ სომხებს სჭირდებათ. აი მომავალში კი, როდესაც რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა დამყარდება, ეს რკინიგზა ქართველებსაც გამოადგებათ.
და საერთოდ, ნებისმიერ შემთხვევაში, რკინიგზის ამოქმედებით საქართველოს არაფერი დააკლდება. რომელი სახელმწიფოს მხრიდანაც უნდა მოდიოდეს მზაკვრული ჩანაფიქრები, ასრულება არ აწერია. ამ საუკუნეში, ამ ცივილურ დროში დაგეგმილი მზაკვრობები ტოლფასია საუკუნეების წინ მომხდარი შემოსევებისა მონღოლთა, თურქთა, ყივჩაღთა და თუ სხვათა მხრიდან. მაშინდელი უხეში ფიზიკური ძალა დღევანდელ პოლიტიკურ ზრახვებს ედრება. სხვათა შორის, დღეს უფრო უჭირს საქართველოს, ვიდრე წარსულში, მაგრამ როგორც მაშინ გადარჩა ჩვენი სამშობლო, ისე გადარჩება დღესაც და მომავალშიც. ჰოდა, მინდა შადიმანებს იმედები გავუცრუო:
ჩემო ქართველებო, ნუ შეშინდებით! კოსმოსი არ დაუშვებს ქართული გენის ნგრევასა და გადაშენებას! ისევ ვიმეორებ: წინასწარმეტყველებები ყოველთვის სრულდება!
რაც შეეხება საქართველოს დროშის შეცვლას, დროშა კი არა, პოლიტიკოსები უნდა შეიცვალონ. უნდა მოვიდნენ „მეცნიერები“, იმიტომ, რომ საქართველოს ბედი პარლამენტზე, მთავრობაზე, ანუ პოლიტიკოსებზეა დამოკიდებული და მათ დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ქართველი ხალხის წინაშე.
და ფრთხილად! ხალხი იმდენად გამწარებული და გაწამებულია, რომ არავის არაფერს არ აპატიებს.
2013 წელი, 18 იანვარი, საღამოს 8 საათი და 10 წუთი
ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი საქართველოს ეკონომიკისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. მინდა აღვნიშნო, რომ ზღვა თავის ფუნქციას არასდროს დაკარგავს. იმუშავებს საზღვაო პორტებიც და სხვა მაგისტრალებიც, იმიტომ რომ არსებობს ისეთი ტვირთი, რომელიც ზღვით უნდა გაატარო, და არის ისეთიც, რაც ხმელეთით უნდა გადაზიდო. ორივე სახის გადაზიდვების არსებობა ძალიან დიდი ფუფუნებაა როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე თურქეთისთვის, რუსეთისთვის და ა. შ. აი ეს არის სწორედ „აბრეშუმის გზის“ ფუნქციის მნიშვნელობა. ეს სატრანსპორტო დერეფანი საქართველოსთვის ძალიან მომგებიანია ეკონომიკურად და იგი აუცილებლად განხორციელდება. მართალია, რუსეთის იმედი არ უნდა ჰქონდეს კაცს, იმიტომ, რომ ის ყოველთვის ხელს გვიშლის ყველაფერში, მაგრამ ამ პროექტის განხორციელებაში იგი ხელს ვერ შეგვიშლის.
რაც შეეხება ქართულ მინერალურ წყლებს, ყველაფერი საქართველოს საკუთრებაშია და კვლავაც ასეთად დარჩება. ხმები „ბორჯომის“ გაყიდვასთან დაკავშირებით ფუჭია. საქართველოს ყველა სიმდიდრე მისსავე მფლობელობაში იქნება. ვერავინ ვერაფერს ვერსად წაიღებს. წარსულში მე უკვე ვიწინასწარმეტყველე და გაგახსენებთ, რომ თუ რომელიმე უცხოელმა რამე იყიდა საქართველოში, იმას მომავალში ან თავად სახელმწიფო, ან ქართველი ბიზნესმენები გამოისყიდიან და ისევ ჩვენს საკუთრებაში დაბრუნდება.
მინდა აღვნიშნო, რომ ის, რაც დღეს ხდება კახეთში ინდოელ ფერმერებთან დაკავშირებით, დროებითია, იმიტომ, რომ ამ მიწების გარდა კახეთს არაფერი აქვს. ჩვენ რუსეთისხელა ტერიტორიებს არ ვფლობთ, რომ მიწების გასხვისება არ დაგვემჩნეს. ინდოელი ფერმერების საქართველოში მყარად ფეხის მოკიდებას მე არ ვხედავ ზუსტად იმიტომ, რომ კახელები არ დათმობენ თავიანთ მიწებს. ეს მიწები ქართველმა გლეხმა უნდა იყიდოს და ახალმა მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მათი ხელშეწყობისთვის. თორემ ხომ ხედავთ, კახელები მეორე „ბახტრიონით“ იმუქრებიან?! და იზამენ კიდეც, თანაც იმაზე მეტს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომ, ფრთხილად!!!
რაც შეეხება ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ სკანდალს, იუნესკო თავის პოზიციებს არ დათმობს. თუ ამ საკითხში დაიხია უკან, გამოდის, რომ სხვა დროსაც უნდა დაუშვას პრეცედენტი. ეს ორგანიზაცია კი ამის გაკეთებას არ აპირებს. აბა, ნახეთ, რომის ან საბერძნეთის ისტორიული ძეგლები როგორ არის შენახული. არაფერს არ აქვს იქ სახე შეცვლილი. სიძველე არის სიძველე და ის ასეთად უნდა შემოინახოს მსოფლიომ. არავის მოსვლია აზრად, მაგალითად, კოლიზეუმის აღდგენის, რესტავრაციის მიზნით მისთვის პირვანდელი სახე შეეცვალა. ასეა მთელ დანარჩენ მსოფლიოშიც.
მინდა აღვნიშნო, რომ ქართული სასამართლოს რეფორმა აუცილებელია. ეს ასეც მოხდება და ბოლოს და ბოლოს, მივიღებთ სასამართლოს, რომელიც პოლიტიკოსებს კი არ მოემსახურება, არამედ ხალხს. ეს რთული საქმე არაა — მხოლოდ ნება და შესრულება სჭირდება. ამას ხელს ვერავინ შეუშლის, როგორც უნდა ეცადოს.
კიდევ ვიმეორებ: მთავრობაში იქნება დიდი ცვლილებები და ეს ცვლილებები ემსახურება ქართველ ხალხს და მთელ საქართველოს. გიმეორებთ: ჩვენს ქვეყანას ვერავითარი მიწიერი შავი ძალა ვერ მოერევა! ჩვენ გვიცავს კოსმოსიდან წამოსული ენერგია!
ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია არ დაწყნარდება. ისრაელში ხალხი მხარს უჭერს იმ პარტიას, რომელიც იცავს ისრაელის ინტერესებს. ღაზის სექტორსა და სხვა მრავალ საკითხზე წლების წინ უამრავი რამ მაქვს ნაწინასწარმეტყველები და დღეს ყველაფერი სრულდება.
ამერიკული პოლიტიკა ძალიან სუსტია. ვხედავ, რომ რუსები უფრო დიდ შეტევას განახოციელებენ პოლიტიკური განცხადებებით. რაზეც ადრე თავს იკავებდნენ, დღეს ყველაფერს გამოამზეურებენ. ამერიკამ აუცილებლად უნდა შეცვალოს პოლიტიკური კურსი, ვინაიდან უდიდესი სიძნელეების წინაშე დგება. ამერიკელები ტრადიციებს იცავენ — ვგულისხმობ თეთრ სახლში არსებულ ტრადიციებს, კონსტიტუციას, მაგალითად, პრეზიდენტის არჩევის კანონს, მაგრამ რაც ამ თემაზე ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი ასრულდება.
(რედაქციის ჩანართი შესახსენებლად: 2012 წელი, 16 ნოემბერი: ძალიან საინტერესო ხედვა მაქვს ამწამს. ეს ეხება აშშ-ის კონსტიტუციას. „კონსტიტუცია შესაცვლელია!“ იყვირებს ამერიკელი ხალხი… კონსტიტუცია ამერიკელებისთვის ბიბლიასავითაა, მაგრამ ხანდახან რაღაც შესწორება-დამატებას ყველაფერი საჭიროებს დედამიწაზე. ამიტომ ეს ყოველივე მალე გამოჩნდება. დაიწყება გამოსვლები ზუსტად იმ საკითხებზე, რომლებიც ახლა ვიწინასწარმეტყველე და კონსტიტუცია აუცილებლად შეიცვლება… ეს ცვლილება გადაარჩენს ამერიკას. ეს იქნება ახალი დაბადება ამერიკისა…)
2103 წელი, 22 იანვარი, 18 საათი და 45 წუთი
საქართველოში ძალიან სწრაფი პოლიტიკური ცვლილებები წავა.
მომავალში კანონში შევა ცვლილება, რომლის მიხედვითაც, არც პრეზიდენტს, არც პრემიერს, არც პარლამენტს არასდროს ექნებათ უფლება, შეუცვალონ თბილისს დედაქალაქის სტატუსი. საქართველო იმდენად პატარაა, რომ დედაქალაქის ფუნქციების გადანაწილება სხვადასხვა ქალაქებში უაზრობაა. ამიტომ ამ კანონის ძალით, არავის არასდროს აღარ ექნება უფლება, სხვაგან გადაიტანოს დედაქალაქი. ეს იქნება ის, რაც ხელს შეუშლის შადიმანებს ქვეყნის დანაწევრებაში.
საერთოდ, რას გადაეკიდნენ ქუთაისს?! რა განვითარებას ხედავენ პარლამენტის ქუთაისში არსებობით, ვისაც სურს, რომ პარლამენტი იქ დარჩეს?
ქუთაისში იბადებოდა არაერთი ფენომენი, რომლებიც მერე სრულიად საქართველოს ედებოდნენ და ემსახურებოდნენ მას. ქუთაისი და მთელი საქართველო არის ულამაზესი მხარე კავკასიაში და არა მხოლოდ კავკასიაში. მომავალში ქუთაისი იქნება ერთ-ერთი ძლიერი და მძლავრი ქალაქი ასევე ეკონომიკურადაც.
მე მიყვარს ჩემი ქუთათურები, მათი სხარტი გონება, მათი იუმორი; მიყვარს ულამაზესი გელათი, მოწამეთა, ბაგრატის ტაძარი. მართალია, არ არის სწორი, რომ ამ სიძველეს სახე ასე შეუცვალეს, მაგრამ კოსმიური ენერგია, რომელიც აქამდეც იყო იქ დავანებული, არსად წასულა და არც წავა.
თითქოს საქართველოს ძალიან რთული პერიოდი უდგას, მაგრამ გასავლელი საქართველომ უკვე გაიარა და ახლოს არის ის დრო, როცა ჩვენი ქვეყანა ჩამოყალიბებული, ძლიერი სახელმწიფოა და არავისი საბურთაო არ არის, არც ამერიკის, არც რუსეთისა და არც ევროპის. კავკასიაში მნიშვნელოვანი საკითხები ზუსტადაც საქართველოს გავლით გადაწყდება. საქართველო არის გარანტი კავკასიაში თავისუფლებისა და დემოკრატიისა. სომხეთს ჰაერივით სჭირდება საქართველო, ასევე აზერბაიჯანს და მთელ კავკასიას.
საქართველო რუსეთს არ დაუთმობს. მათ მიმართ რიტორიკის შერბილება ნიშნავს, რომ ადრე თუ პირდაპირ ვაგინებდით დედას, ახლა „კულტურულად“ ვლანძღავთ. ასეა, ბატონო, პოლიტიკა მოითხოვს თამაშს. პოლიტიკოსმა ეს თამაში უნდა იცოდეს, რათა საკუთარი ქვეყანა გამოიყვანოს რთული მდგომარეობიდან და გადაარჩინოს. მაგრამ დღეს რომ ვაკვირდები, თუნდაც პოლიტოლოგებს, მათ ნაწილს სხვა აზრი ჰქონდა წარსულში, ახლა კი სხვას ლაპარაკობს, პოლიტიკური მოვლენები სხვაგვარად შეაბრუნა, სხვაგვარად აფასებს და ეს ხალხს არ ესმის. თუმცა, ეს რა მოსატანია, როცა დღეს პოლიტიკური სპექტრი ისეა არეული, რომ ვინ სად არის და რა უნდა, ღმერთმა უწყის. მე კი ვიცი, რომ საქართველო მაინც შევა ნატოში, ქვეყნის მოწყობა იქნება ისეთი, როგორიც ისრაელშია (მთავრობა, პარლამენტი) და დღეს უკვე ყველაფერი ამისკენ მიდის.
ჩვენი ბედი რომ დღევანდელი პოლიტიკური თამაშების შედეგად წყდებოდეს, ჩვენი ბუნდღა აღარ იქნებოდა. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები უმნიშვნელოვანეს შეცდომებს უშვებენ, საქართველოს არაფერი დააკლდება, ყველაფერი ასრულდება სიტყვა-სიტყვით. ქართველი ერი თვალყურს გადევნებთ და ნუ დაივიწყებთ, ბატონებო, რომ ხალხი ბრძენია. ისინი არაფერს აღარ გაპატიებენ. პოლიტიკურმა მოვლენებმა ხომ საერთოდ გამოაწრთო ხალხი და ისინი ბევრ პოლიტიკოსს სჯობნიან.
ისე, მართალი თუ გინდათ, ევროპა დაღლილია რუსულ-ქართული ურთიერთობებით და ის შერბილებული პოლიტიკა, რომელსაც დღეს ატარებს საქართველო, მოსწონთ კიდეც. თუმცა, ჩვენს მთავრობას სიფრთხილე მართებს, ვინაიდან ბევრი უარყოფითად აფასებს რუსული დროშის ქვეშ დგომას. რუსეთი არ გვიყურებს, როგორც თანასწორ სახელმწიფოს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს თემით აპელირებს და ზუსტად ვხედავ, რომ ამით ცდილობს დააჩოქოს, ანუ უარი ათქმევინოს ჩვენს ქვეყანას ნატოსა და ევროკავშირზე.
აქვე მინდა ვთქვა, რომ ერგნეთის ბაზრობის თემა ქოთანზე ყურის მიბმის თემას ჰგავს, საიდანაც გინდა, იქიდან რომ მიამაგრებ. მართალი კი ისაა, რომ როგორც კი ქართველი და ოსი ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ, მათ შორის ურთიერთობა მაშინვე დათბება. მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს რუსეთი კეტავს ურთიერთობას აფხაზეთთან და ოსებთან და შუღლს აღვივებს მათსა და ჩვენს შორის. რუსეთი ამ თამაშებს არასდროს მოეშვება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი მთავრობა ფრთხილად იყოს, რომ ხალხის, ქართველი ხალხის რისხვა არ გამოიწვიონ!

კომენტარები

სხვა სიახლეები