პატიმარმა 70-მეტრიანი გვირაბი გათხარა, მაგრამ უჰაერობისგან გაიგუდა – თავისუფლებას მხოლოდ ერთი მეტრი აშორებდა

ბრაზილიის მოქალაქე ჯადსონ კუნია ევანგელისტა ციხეში მკვლელობის გამო იჯდა, მაგრამ ბედთან შეგუებას აშკარად არ აპირებდა. ის გათავისუფლებისთვის ყველანაირ გზას ეძებდა. ერთ დღესაც, საკნის ტუალეტიდან გვირაბის გათხრა დაიწყო. რამდენიმე თვეში 70 მეტრი სიგრძის გვირაბის გათხრა მოახერხა, ფინიშამდე ერთი მეტრიღა აშორებდა, მაგრამ გაუთვალისწინებელი რამ მოუვიდა – ჟანგბადის ნაკლებობის გამო დაიღუპა. ჯადსონის ცხედარი პოლიციამ, ფაქტობრივად, მიწის ზედაპირიდან ერთ მეტრის სიღრმეზე იპოვა. მისი გზა თავისუფლებისკენ, საკნიდან ციხის ელექტროღობის ქვეშ გადიოდა და ტყეში გამოდიოდა. გვირაბში სამართალდამცველებმა კაბელი და ნათურა იპოვეს, რომელიც მიწისქვეშა გზას ანათებდა. ჯადსონის ფეხზე ტომარა იყო მიბმული, სადაც მისი ნივთები ელაგა. მას შემდეგ, რაც გვირაბიდან ცხედარი ამოიყვანეს, ის მთლიანად ცემენტით აავსეს, რომ მისით სხვა მსჯავრდებულებსაც არ ესარგებლათ.
აღსანიშნავია, რომ ეს უბედური შემთხვევა იმ ციხეში მოხდა, რომელიც მონტე-კრისტოს სახელს ატარებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები