ნუკი კოშკელიშვილი: ებრაელი ბიჭია, ებრაელებში კიდევ გაშორება არ მოსულა

ყოფილი ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ამერიკაშია გათხოვილი, საქართველოში მარტო დაბრუნდა, რასაც ჭორები მოჰყვა. ამას ერთ-ერთი გადაცემის პრომოც დაერთო, სადაც ნუკი ამბობს, რომ ლამაზი ზღაპარი დასრულდა, აღნიშნულმა კი მითქმა-მოთქმა გაამძაფრა. როგორც ჟურნალ „სარკესთან“ საუბარში ნუკი კოშკელიშვილი ამბობს, გავრცელებულ ჭორზე არ გაბრაზებულა, სათავისოდ გამოიყენა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. „ეს პრომო ერთ-ერთი გადაცემის ეთერში გასვლამდე კარგად დაამონტაჟეს და ისე გამოვიდა, თითქოს გავშორდით, მაგრამ ეს ტყუილია, ეს დამონტაჟება მათ რეიტინგს მოუტანს, მე კიდევ ბევრი ინტერვიუ მექნება ამის გარშემო. იმდენი ჭორი გამიგია ჩემზე, იმდენზე გამათხოვეს, იმდენზე თქვეს, რომ იმის საყვარელი ვიყავი, ამას რომ ავყოლოდი, ახლა ადამიანად აღარ ვივარგებდი“, – ამბობს კოშკელიშვილი. მისივე თქმით, რაც დაქორწინდა, პირველადაა ქმრის გარეშე. როგორც კოშკელიშვილი აღნიშნავს, ქმარი (ბენი) არ ეჭვიანობს, თუმცა მოიწყინა. „ცოლი ვარ და რაღაზე უნდა იეჭვიანოს? მართლა ასეთი დამოკიდებულება აქვს, სანამ შეყვარებულები ვიყავით, ფიქრობდა, ხომ არ გადაიფიქრებსო, ახლა ეს განაღდებული აქვს, თან ებრაელი ბიჭია, ებრაელებში კიდევ გაშორება არ მოსულა. თავადაც ჩამოდის, ასე კი არ დამტოვა, მეგობრებიც ჩამოჰყავს, ბენს ძალიან მოსწონს ჩვენი ღვინო, მოკლედ, მას ღვინო, დუდუკი და მე მოვწონვარ. ბევრჯერ უთქვამს, რომ ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან ჩაცმულობით, გარეგნობით, აღნაგობით. ბენმა უჩემოდ მოიწყინა. მე აქ მეგობრებს ვნახულობ, დავგუგუნებ, ის კი იქ ჩემ გარეშე არსად დადის. მთვრალი ვარ, ახლა სახლში მივდივარ-მეთქი, ვეუბნები, ის კი იქიდან მპასუხობს – გაერთე, საყვარელო, ფრთხილად იყავიო. თვითონ კიდევ მუშაობს“, – აღნიშნავს ყოფილი ტელეწამყვანი. მისივე თქმით, საქართველოში საცხოვრებლად გადმოსვლის შესახებ ბენთან უკვე ისაუბრა. „იმას იქ თავისი კარიერა აქვს, მისთვის უფრო რთულია აქ რამის გაკეთება, ვიდრე ჩემთვის – იქ. ბენმა ქართული არ იცის, მისთვის ეს უცხო ქვეყანაა. მეუბნება, თუ აქ თავი ძალიან ცუდად იგრძენი, დავკრათ ფეხი და საქართველოში წავიდეთო. ჯერ იქ კარგად ვარ, თუ მივხვდი, რომ აქაურობა ძალიან მომენატრა, წამოვალ. სხვათა შორის, რამეზე რომ გამაბრაზებს, ვეუბნები, შენ გამო ყველაფერი მივატოვე-მეთქი და ჩუმდება, თავს დამნაშავესავით გრძნობს და ძალიან მიხარია“, – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.

წყარო: info9.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები