“კვირა +” გთავაზობთ ახალ რუბრიკას “უკან ბავშვობაში”, რომელიც საქმიანი, წარმატებული, სხვადასხვა სფეროში მომუშავე ქალების ბავშვობას ეხება. ჩვენი რუბრიკის მომდევნო სტუმარია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს თანამშრომელი ნათია ჯავახი:
– ველოსიპედის ტარება თუ იცით, როდის ისწავლეთ და ვინ გასწავლათ?
– ძალიან კარგად მახსოვს ჩემი პირველი მწვანე, სამბორბლიანი ველოსიპედი, მაშინ 5 წლის ვიყავი. ორბორბლიანი ველოსიპედის ტარება 7 წლის ასაკში მშობლებმა მასწავლეს.
– ცურვა თუ იცით და როდის და სად ისწავლეთ?
– ბათუმში ხშირად დავდიოდით და ცურვაც იქ ვისწავლე.
– რომელი იყო თქვენი პირველი კომპიუტერი – დენდი, სონი, სეგა თუ პანასონიკი?..
– ჩემი პირველი კომპიუტერი იყო SEGA, რომელიც მამამ მაჩუქა. ხშირად მეგობრების თავშეყრის მიზეზიც ხდებოდა.
– მუსიკას რითი უსმენდით?
– მამა მელომანია და ძალიან პატარა ასაკიდან ყურსასმენებით მასმენინებდა მუსიკას.
– გამორჩეული სათამაშო, რომელიც დღემდე გახსოვთ?
– თოჯინა, რომელიც მამიდამ მაჩუქა(4 წლის ვიყავი). ახლაც მაქვს ის თოჯინა, ძალიან მიყვარს.
– ბავშვობისდროინდელი საყვარელი კერძი, რომელიც დიდი ხანია, აღარ მიგირთმევიათ.
– ბავშვობაში ჭამის მოყვარული არ ვიყავი, განსაკუთრებულ კერძს ვერ ვიხსენებ.
– რას გიკრძალავდნენ მშობლები ბავშვობაში ისეთს, რასაც თქვენ არ უკრძალავთ თქვენს შვილს – მაგალითად, გუბეებში ტყაპუნს, კედლებზე ხატვას და ა.შ?
– ზომიერად ცელქი ბავშვი ვიყავი და არ მახსენდება, რომ რამეს მიკრძალავდნენ. ვცდილობ, ჩემი გოგოების მიმართაც არ ვიყო ძალიან მკაცრი.
– რომელი ზღაპრული ან მულტფილმის პერსონაჟი გიყვარდათ?
– „მზეთუნახავი და ურჩხულის“ პერსონაჟი ბელი. ახლაც ძალიან მიყვარს ეს მულტფილმი.
– რომელი იყო თქვენი პირველი სქელტანიანი წიგნი?
– ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ და კარლო კოლოდის „პინოქიოს თავგადასავალი“.
– წიგნი/მულტფილმი, რომელზეც პირველად იტირეთ?
– „ბემბი“ იყო პირველი მულტფილმი, რომელზეც პირველად ვიტირე.
– ოთახში პლაკატები თუ გქონდათ გაკრული და ვისი პლაკატი იყო ეს?
– აგარაკზე, ოთახში მქონდა Spice Girls-ისადა Aerosmith-ის პლაკატები.
– რომელი წლიდან გახსოვთ საკუთარი თავი? რა არის თქვენი პირველი მოგონება?
– ასე კონკრეტულად ვერ ვიტყვი, ბევრი რამე მახსენდება.
– რა იყო თქვენი საყვარელი თამაში?
– საყვარელი თამაში იყო კლასობანა.
– სკოლაში სიარული გიყვარდათ? ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, სკოლა რომ გაგეცდინათ?
– ვერ ვიტყვი, რომ არ მიყვარდა სკოლაში სიარული, სკოლის გაცდენა ყველა ბავშვს უყვარს. ალბათ,სიცხე მაქვს და მუცელი მტკივა.
– ყველაზე ეფექტური ტყუილი რა მოგიგონებიათ, როცა დავალება არ გქონიათ შესრულებული?
– „მასწავლებელო, შუქი არ იყო და ვერ ვიმეცადინე“, 90-იანებში ხომ ხშირად იყო ეს პრობლემა.
– ამოჩემებული კაბა ან ტანსაცმელი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარდათ?
– მიკიმაუსიანი სპორტულები მქონდა ამოჩემებული.
– დედის ტანსაცმელი, კოსმეტიკა ან სამკაულები ხშირად მოგირგიათ?
– პრანჭია გოგო არ ვიყავი და კაბების ჩაცმა არ მიყვარდა. ალბათ, თინეიჯერობის ასაკამდე.
– რომელი ტიპის ბავშვი უფრო იყავით: ის, რომელიც ლექსს გამოთქმით ამბობდა სტუმრების წინაშე, თუ ის, რომელიც მორცხვად იმალებოდა მაგიდის ქვეშ?
– მშობლები არასდროს მთხოვდნენ ლექსის თქმას და შესაბამისად,არც მაგიდის ქვეშ დამალვა მიწევდა.
– ცეკვაზე დადიოდით თუ მუსიკაზე?
– ცეკვაზე დავდიოდი, სუხიშვილების სტუდია დავამთავრე და ამით ვამაყობ.
– დამჯერი ბავშვი იყავით თუ ბუნტისთავი?
– დამჯერიც და ბუნტისთავიც, ზომიერად.