მუდმივად უკმაყოფილო დედა – წერილი, რომელიც ყველა დედამ უნდა წაიკითხოს

დედა ბუზღუნის მიზეზს ყოველთვის იპოვის. თანაც გამართლებულსა და ობიექტურს. ბავშვები ხომ მართლაც ყირაზე აყენებენ ყველაფერს. სათამაშოები ისევ მიყრილ-მოყრილია, წინდების ერთად დაწყობა ხომ ვერა და ვერ ისწავლეს. ერთი ცალი რომ ოთახის თავში გდია, მეორე ბოლოშია ან საერთოდ სხვა ოთახში უნდა ეძებო. რა თქმა უნდა, ბავშვი წესრიგს უნდა მივაჩვიოთ… მაგრამ ძალიან საინტერესოა იმ ბედნიერი დედების გაცნობა, რომლებმაც ეს მოახერხეს. ბავშვების უმეტესობა, ცნობილი გამოთქმა რომ მოვიშველიოთ, დედის ბუზღუნს ერთ ყურში რომ შეუშვებს, მეორედან გამოუშვებს. რატომ ხდება ასე?
ამ თემაზე ცოტა ხნის წინ ერთი ამერიკელი დედის წერილს გავეცანით და მიზეზებიც ნათელი გახდა. აღზრდა და ე.წ. ”ჩიჩინი” ერთი და იგივე არ არის. მუდმივი ბუზღუნი აღზრდის მეთოდად არ გამოდგება. ამერიკელი რეიჩელი წერს:
”მთელი დღის განმავლობაში დინების საწინააღმდოგ მივცურავდი. ვიჯიჯღინე მიყრილ-მოყრილი ფეხსაცმელების გამო, ხმაურის გამო, სარეცხის მთების გამო, იმის გამო, რომ ნორმალურად არ სადილობენ და ამიტომ წარამარა შივდებათ, რაც მთავარია, სულ სხვადასხვა სასუსნავს ითხოვენ. გამუდმებული ჭამის პროცესი კი, თავის მომზადებით და ალაგებით, ქვასაც გამოიყვანს მოთმინებიდან.
ერთი სიტყვით, ჩვეულ ამპლუაში ვარ, ჯიჯღინით და რახა-რუხით დავდივარ, თან წესრიგს ვამყარებ. კედლების ჩამორეცხვის დროც მოვიდა – ერთი კვირის წინ საგულდაგულოდ გარეცხილ კედლებზე პატარა ხელების ანაბეჭდები ატყვია. ისევ გაბრაზებულმა წავიბურტყუნე და ჩვრის მოსატანად წავედი. ”რამდენჯერ გითხარით, კედლებს ხელით ნუ ეხებით-მეთქი”. დავიწყე წმენდა და… შევჩერდი. კიდევ ერთხელ შევხედე ამ პატარა ანაბეჭდებს. 4 და 5 წლის ბავშვების ხელებია… ღმერთო, ეს როდის აქეთაა, რომ უკმაყოფილო დედა ვარ. ამ ანგელოზების პატრონი მთელ დღეს ისე ვაღამებ, რომ ძირითადად უკმაყოფილო ვარ ყველაფრით? არადა დადგება დრო, როცა ეს ბავშვები დაიზრდებიან. ისინი ახლაც იზრდებიან, ამ წუთას, ჩემ თვალწინ… და ამ კედლების წმენდისას გადავწყვიტე… არ მინდა მუდმივად უკმაყოფილო დედა ვიყო. რად მინდა დაკრიალებული სახლი, თუ ამას ჩემი და ჩემი შვილები ნერვების ხარჯზე გავაკეთებ. ღირს იმად, რომ იდეალურ წესრიგს დედობის ნათელი მხარეები შევწირო? გავუფუჭო ხასიათი იმ ანგელოზებს, ვინც ღმერთმა მარგუნა?
დედის ცხოვრება ისეა გადატვირთული საქმეებითა და მოვალეობებით, ზოგჯერ გიჩნდება სურვილი მოისროლო ეს თეთრი დროშა და გადადგე. მაგრამ სად წახვალ? ჩვენი თანამდებობა გადადგომას არ ექვემდებარება, გადადგომის მაგივრად ვბუზღუნებთ.

უკმაყოფილო ბუზღუნსა და აღზრდას შორის დიდი სხვაობაა. თუ არ გინდა, რომ კედლები დასვარონ, უთხარი თუნდაც ასჯერ, მაგრამ როცა მაინც დასვრიან, ნუღარ ბუზღუნებ, ან ზომები მიიღე, ან ისეევე უჩუმრად გაწმინდე, როგორც დილით ლოგინს ალაგებ.
დამიჯერეთ, ეს მუდმივად უკმაყოფილო ჯიჯღინი სასიცოცხლო ძალებს გაცლით, ოჯახიდან მთელი ხალისი და სიმყუდროვე “გააქვს”. მოდი, მაღლა დავდგეთ ამ ყოფით წვრილმანებზე, დაღლაზე, პრობლემებზე და გააზრებულად გავაკეთოთ არჩევანი სიხარულით სავსე ცხოვრების სასარგებლოდ. ეს სიხარული თქვენს გვერდითაა, უბრალოდ, მისთვისაც მოიცალეთ. არასოდეს მოიშველიოთ გამოთქმა – “როდის დამასვენებთ”. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ყველამ დაგასვენოთ. წარმოიდგინეთ, რას დაემსგავსება თქვენი ცხოვრება. კილომეტრის რადიუსშიც რომ ვერ გაიგებთ ბავშვის ხმას. არა, ამას სჯობს, ისევ ეტალონი იყოთ ბავშვების თვალში, სუპერდედა, რომელიც ყოველთვის ყველაფერს ახერხებს და ასწრებს, რომელმაც ყველაფერი იცის, ყველასი ესმის, ხელიდან ყველაფერი გამოსდის. თქვენ რომელი გირჩევნიათ?”

წყარო: http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები