მთების იმედი – წერილი სოფელ შუაფხოდან

მე დავიბადე კავკასიონის მწვერვალების მისადგომებთან. ერთ ულამაზეს, დაცემულ, ვაკე ადგილზე გაშენებულ სოფელში. ალბათ ბუნებამ იზრუნა იმისთვის, რომ აქ მცხოვრებ ადამიანებს ყველაფერი მშვენიერი და საქმის დროსაც ხელმისაწვდომი ჰქონოდათ. ფშავის ხეობა ჟინვალის წყალსაცავიდან იწყება და მწვერვალ “ბორბალოს” მისადგომებთან მთავრდება. აქ ბევრი ხალხი ცხოვრობდა თურმე 12899780_1674115372840033_569285848_nჩემს დაბადებამდე. ცხოვრობდა იმიტომ, რომ მთის სოფლისათვის საუკეთესო პირობები ყოფილა მაშინ. იყო საუკეთესო გზა, შუქი, პრესას და პენსიებს ფოსტალიონები კარ-კარ ატარებდნენ, იყო საშუალო სკოლა – ინტერნატი, სადაც ამ პატარა ხეობის (იგ. უკანაფშავი) მოზარდები სწავლობდნენ.
ერთი სიტყვით, ახლანდელთან შედარებით, მაშინ ცხოვრება დუღდა და გადმოდიოდა. მაგრამ აირია ცხოვრება საქართველოში და უფრო მეტად ჩემი ქვეყნის სოფელს გაუჭირდა, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ჩემი სოფელია. ის ყველაფერი, რაც მთის მოსახლეობას მთაში აკავებდა, საპნის ბუშტივით გაქრა. აღარც გზა, აღარც შუქი… და აღარც ადამიანები. ჩემს თვალწინ ხეობაზე თითქმის ყველა სოფელი დაიცალა. თუ საიდანმე ბოლი კიდევ ამოდის, იქაც მხოლოდ ჯაფისგან წელში ორად მოხრილი მოხუციღა ცხოვრობს. დაღვრემილები და დამწუხრებულები არიან ჩამომსხდარნი ჩვენი მთები. მათ ერთმანეთისთვის ხელი გადაუხვევიათ, ერთმანეთს ჩახუტებიან და გამწარებულნი მოლოდინად გაშეშებულან. არ ინძრევიან, მხოლოდ თვალებით ხეობის დასაწყისისაკენ იყურებიან, და ელიან.
რას ელიან? – აი, თურმე რას. ამ ზამთრის სუსხიან დღეებში თბილისის ერთ-ერთ სამშობიაროში დაიბადა პატარა ნაია. ამ მთების შვილი, მათი სიხარული.
ფშა12895469_1674115382840032_1801636330_nვს დაიბადაო პატარა გოგო! გამთენიისას ამ სიტყვებით ახარეს მთებმა ერთმანეთს ახალი ამბავი. დაბადებულაო პატარა და იცით თურმე რა დაარქვეს? – პატარა ნ ა ი ა.
ირგვლივ ქარბუქი ტრიალებდა. თოვლს გადაელესა ფშავის მთები, ციოდა, ძალიან ციოდა. ვინ მოიტანაო ეს ამბავი? – იკითხეს მთებმა… – პატარა ჩიტმაო – იყო პასუხი.
და შემდეგ ცივმა და მიუკარებმა მთებმა დაწერეს თბილი წერილი და ნაიას თბილისში გამოუგზავნეს. გვინდა, ძალიან გვინდა მოგეფეროთ, ჩვენო ნაია, მაგრამ რომ არ გიცნობთ?! გვინდა, ძალიან გვინდა ბევრი დაგიწეროთ, მაგრამ კითხვა რომ ვერ იცი?! შენთვის, ჩვენო ნაია, პირველია ეს ზამთარი, პირველი იქნება მომავალი გაზაფხულიც. შენთვის პირველად ამოხეთქავენ მიწიდან შენსავით პაწაწინა ენძელა და ია. შენი პირველი სიცილი გაიცინებს იმათ ღიმილში, ჩვენო საყვარელო! გაიზარდე ნაია, გაიზარდე დიდი გოგო! ამოდი ჩვენთან, ამოდი მთებში, ჩაგიხუტებთ გულში და ჩვენი გულის სითბოთი ისეთ გოგოდ გაგზრდით, როგორიც ფშავს, როგორიც საქართველოს სჭირდება. ძლიერს, ამაყს და თანაც თავაზიანს. გახარებულმა მთებმა შეკრული შუბლები გახსნეს, ერთმანეთი მისწი-მოსწიეს, ძლიერი ხელები წინ წამოსწიეს და დარჩნენ ასე ნაიას მოლოდინში. მათი წერილი კი ნაიას დედამ წაუკითხა. თბილად შეფუთნულმა ნაიამ თავისი უაზრო, ნაცრისფერი თვალები დედას მიაშტერა და თითქოს გაიცინა. ნაიამ თვალები დედას მოსწყვიტა და ფანჯრიდან იმ შორეული მთებისკენ დაიწყო ყურება, საიდანაც წერილი მოუვიდა…

(სოფელ შუაფხოს პედაგოგის, თამარ ჩოხელის წერილებიდან)

კომენტარები

სხვა სიახლეები