მთავარი წესები, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მტაცებელ ცხოველთან შეხვედრის დროს

თბილისში დატრიალებულ სტიქიას, ადამიანებისა და ცხოველების გარდაცვალების, მოქალაქეების უსახლკაროდ დარჩენის თუ სხვა ტრაგედიების გარდა, კიდევ ერთი საფრთხე მოჰყვა, არანაკლებ საღელვი – დატბორილი ზოოპარკიდან ცხოველები გაიქცნენ, რომლებსაც სამაშველო სამსახურები ეძებენ. ზოგს აძინებენ, ზოგის ლიკვიდირებაც ხდება საჭირო. მართალია, მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ დღეს ქალაქში გადაადგილებისგან თავი შეიკავონ, თუმცა არის შემთხვევები, როცა აუცილებელია გარეთ გასვლა ან უბრალოდ ადამიანს არ აქვს სათანადო ინფორმაცია. სწორედ ამიტომ, თავდაცვის მიზნით, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, მტაცებელ ცხოველთან შეხვედრის დროს როგორ მოვიქცეთ. არის სარისკო ქმედებები, რაც არაფრით არ უნდა გააკეთოთ, რომ უსაფრთხოდ გადარჩეთ.

მაშ ასე, როგორია მგელთან შეხვედრისას მოქცევის წესები. როგორც წესი, ყველაზე საშიში ცოფიანი მგელია, თუმცა ზოოპარკში ცხოველების მოვლის აუცილებელ პირობებს თუ გავითვალისწინებთ და თავს ცოტათი დავიმშვიდებთ, გამოქცეულ ცხოველებს შორის ცოფიანი ცხოველები არ იქნებიან. ჩვეულებრივ მგელთან გადაყრის შემთხვევაში კი პირველ რიგში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიქცეთ. მასში დევნის რეფლექსი გაიღვიძებს, რაც ადამიანის მიმართ შიშზე ძლიერი აღმოჩნდება და აუცილებლად გამოგედევნებათ. ჯობს ნელ-ნელა წახვიდეთ უკან, ოღონდ ზურგი არ უნდა აჩვენოთ, რომ თავდასხმის პროვოცირება არ მოახდინოთ. კარგი თავდაცვის საშუალებაა არც ისე ხმამაღლა ლაპარაკი. ამ მეთოდით შეიძლება ნებისმიერი ცხოველის შეჩერება. ოღონდ არ უნდა იყვიროთ – ყვირილი მასში აგრესიას გამოიწვევს. ნელ-ნელა დაიხიეთ უკან და ეცადეთ, თუ ხეა ახლოს, მასზე აძვრეთ სწრაფად. ან რაიმე შემაღლებულ ადგილზე.

ასეთივეა დათვთან მოქცევის წესები. მას არ უნდა მიუახლოვდეთ, ზურგი არ უჩვენოთ და არც გაიქცეთ. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ, მის დასანახად მაინც. ეცადეთ, დასახმარებლად უხმოთ ვინმეს, და ეცადეთ, ნელ-ნელა დაიხიოთ უკან. დათვის შეშინება შეიძლება რაიმე მჟღერი მეტალის საგნით, ყვირილით, თუ გაქვთ თან რაიმე ხმაურიანი ნივთი, მისი ძირს დაგდება შეგიძლიათ, რომ ხმაურზე დაფრთხეს.
ყველაზე მთავარი წესია: ზურგი არ შეაქციოთ და ნელ-ნელა, პირით მისკენ, უკან-უკან დაიხიოთ. ელაპარაკოთ მშვიდად, რითაც ცხოველზე გავლენას მოახდენთ.
თუ ცხოველი შორიდან დაინახეთ, აუცილებლად დარეკეთ 112-ზე, რომ დროულად მოახდინონ რეაგირება. ან დარეკეთ ზოოპარკის ადმინისტრაციაში: 595333572

კომენტარები

სხვა სიახლეები