“იმედი ნუ გვექნება, რომ ვაქცინის გამოჩენისთანავე ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა.

ამის შესახებ მან კორონავირუსზე საუბრისას “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა:

„მობილობა ტელეფონებით იზომება. ამას “გუგლი” ანგარიშობს – ტელეფონი ხომ ყველას უდევს ჯიბეში. ახლა მთავარია, დიდმა ჯგუფებმა შორს არ იარონ, უცხო ადამიანები ერთმანეთს იშვიათად შეხვდნენ. ამ ეტაპისთვის, მობილობა, ჯერჯერობით, გაზრდილი არ არის. გაზაფხულზე შეზღუდვებისას 70%-ით შემცირდა მობილობა, ახლა – 40%-ზე ოდნავ მეტით, რაც საკმარისი არ არის. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ შეზღუდვების შემსუბუქება ძალიან სარისკოა. კიდევ დავაკვირდებით… ჯერ არის დრო, ადამიანები მიხვდნენ, რომ პირბადეების გამოყენება და დისტანციის დაცვა უმნიშვნელოვანესია. რაც მეტი ადამიანი გაიკეთებს პირბადეს ყველგან და დაიცავს დისტანციას, მით ნაკლები იქნება შეზღუდვების დაწესების აუცილებლობა. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ გავიკეთებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, თუ ბიზნესი თავის სამოქმედო არეალში დაიცავს წესებს და გააკონტროლებს სიტუაციას, შემსუბუქება შესაძლებელი იქნება. თუ არა, მაშინ გამკაცრებული შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ. თუ ადამიანები წესებს არ იცავენ, სახელმწიფო იძულებული ხდება, შეზღუდვები დააწესოს. ამასთან, გეტყვით, რომ ჩვენთან გარკვეული შეზღუდვები ვაქცინის შემოსვლის შემდეგაც გაგრძელდება. იმედი ნუ გვექნება, რომ ვაქცინის გამოჩენისთანავე ძველ ცხოვრებას დავუბრუნდებით, თუმცა, შეზღუდვა იქნება შედარებით ნაკლები”, – განაცხადა იმნაძემ ინტერვიუში.

კომენტარები

სხვა სიახლეები