“მაქვს განცდილი, როგორ კვდება ადამიანი” – შოთიკო ნოზაძის ბედისწერა და სიყვარული

მასთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში ადა მერე ამერიკაში

“დავინახე, ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, ამ გოგოს ხელიდან არ გავუშვებ-მეთქი”, – ამბობს მსახიობი შოთიკო ნოზაძე. მალე მის ცხოვრებაში სასიამოვნო ამბავი მოხდება: ის საყვარელ გოგოზე დაქორწინებას აპირებს. ვინ არის მისი რჩეული, რა არის სიყვარული, რატომ სჯერა ბედისწერის, რატომ უფრთხის რისკს და როდის ჯიუტდება? – ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შევიტყობთ.

– დაბადების თარიღი…
– …1989 წლის 5 დეკემბერი.
– ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი…
– …ფეხბურთელი. სპორტის ამ სახეობაზე დავდიოდი და 7 წელი ვთამაშობდი. დღეს სასაცილოა, მაგრამ თავდაპირველად ბურთი არ გვქონდა და მწვრთნელი ფეხბურთს თეორიულად გვასწავლიდა. მერე ბურთი შევიძინეთ, თამაში დავიწყეთ და ბედნიერები ვიყავით. საფეხბურთო სკოლა მაქვს დამთავრებული. სკოლის უკან სტადიონი იყო, სტადიონზე – უამრავი კენჭი. ჯერ ამ კენჭებს გვასუფთავებინებდნენ და მერე გვიშვებდნენ სათამაშოდ. ვარჯიშის წინ სტადიონის გაწმენდა რიტუალივით იყო. ტურნირზე რომ გაგვიყვანეს, საკუთარ კარში 2 გოლი გავიტანე. ამ ამბის გამო კალაძეს მადარებენ ხოლმე. მერე ისე მოხდა, მოყინულზე წავიქეცი, ლავიწის ძვალი გავიტეხე და თამაშს თავი დავანებე.
– ჩემზე ამბობენ…
– …სახლში რას ამბობენ, ვთქვა? რა ნიჭიერი გვყავსო! ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ არაპუნქტუალური ვარ. უმეტეს შემთხვევაში, მათთან მისვლა მაგვიანდება.
– თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს…
– …ეს შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობაა.
– თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო…
– …სიზარმაცე. თუმცა, თავს ძალას ვატან და გასაკეთებელს მაინც ვაკეთებ.
– სიყვარული ეს…
– …ჩემთვის ყველაფერია, მთელი ცხოვრებაა…
– ახლა შეყვარებული…
– …ვარ. უფრო მეტიც, მე და სოფო დანიშნულები გახლავართ და მალე ქორწილს ვგეგმავთ. სოფო 3 წლის წინ, ქორწილში გავიცანი. დავინახე თუ არა, მომეწონა. პირველი ემოცია როგორი იყო? – გავიფიქრე, ამ გოგოს ხელიდან არ გავუშვებ-მეთქი. იმ დღეს ჩვენი ურთიერთობა არ გაგრძელებულა. მეორე დღეს სოციალურ ქსელში შევეხმიანე; ჯერ ერთმანეთს ვწერდით, მერე შევხვდით…
– მისი გულის მოგება…
– …ვერ ვიტყვი, რომ ძალიან გამიჭირდა. ერთმანეთი ერთი ნახვით არ შეგვყვარებია, ჯერ დავმეგობრდით და ჩვენი ურთიერთობა სიყვარულში თანდათან გადაიზარდა. სოფოს იურიდიული ფაკულტეტი აქვს დამთავრებული და ახლა სამსახურის ძიების პროცესშია. გარდა იმისა, რომ გარეგნულად მომეწონა, მისმა შინაგანმა სამყარომ არანაკლებად მომხიბლა. ის ძალიან ყურადღებიანი და მართალი ადამიანია. ჩემი დამრიგებელია. სოფოსგან ბევრ რამეს ვსწავლობ. მის რჩევას ვითვალისწინებ და სხვათა შორის, ამართლებს. როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მაქვს მისაღები და ვყოყმანობ, ამ დროს მისი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია. “ჩემი ცოლის დაქალებს” რა თქმა უნდა, უყურებს. თენგო, როგორც პერსონაჟი, მოსწონს და ხალისობს. მსახიობი არ არის, მაგრამ მაყურებლის თვალით დანახულ შეცდომებზე შენიშვნებს მაძლევს. მაგალითად, შენიშვნა მომცა ფოთში გადაღებულ ეპიზოდზე და რომ დავფიქრდი, მართალი იყო, მგზავრობისგან დაღლილი ვიყავი.
– ჩვენს ურთიერთობას რომანტიკა…
– …ნამდვილად არ აკლია. მიუხედავად იმისა, რომ სანთლებისა და ყვავილების მოყვარული არ ვარ.
– ჩემი რომანტიკა არის…
– …ყველასგან განმარტოება, მყუდრო გარემოში ყოფნა და ჩვენს მომავალზე ფიქრი. ერთ დღეს სოფო სამსახურის თაობაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში იყო მისული.

 რომ გამოვიდა, მე და ჩემი მეგობრები ყვავილებით დავხვდით, მისთვის ეს იმდენად მოულოდნელი იყო, გაუხარდა და ესიამოვნა.
– ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო…
– …შეყვარებულთან ერთად. მთელი კვირაა, არ მინახავს და მენატრება. მასთან ერთად სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში და მერე – ამერიკაში. ჩვენ ჯერ არც ჯვარი დაგვიწერია და არც ხელი მოგვიწერია.
– ბედნიერი ვარ, რომ…
– …ჩემი მეორე ნახევარი ვიპოვე.
– არ მჩვევია…
– …ჭორაობა.
– ჩემი პირველი წარმატება…
– …2004 წელი იყო, პირველად დავდექი სცენაზე და “ხუთკუნჭულა” ვითამაშე. იმდენი ენერგია დავხარჯე და მაყურებლისგან ისეთი ემოცია მივიღე, მას შემდეგ ჩემი პროფესია და სცენა თავდავიწყებით შემიყვარდა.
– ჩემს გარეგნობაში შევცვლიდი…
– …არაფერს.
– ყოველთვის მრცხვენია, როცა…
– …ჩემზე ლაპარაკობენ, საჯაროდ მაქებენ. თითქოს კომპლექსი მაქვს. არ მინდა, აღმატებულ ხარისხში ამიყვანონ, ასეთ დროს თავს უხერხულად ვგრძნობ.
– პოპულარობა…
– …მომიტანა გმირმა, რომელსაც “ჩემი ცოლის დაქალებში” ვასრულებ. პოპულარობა ერთდროულად, სასიამოვნოც არის და დამღლელიც. ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი მცნობს, პირველი რეაქცია სიცილია. განსაკუთრებით ბავშვები და თი­ნეიჯერები ლაპარაკობენ თენგოს ტერმინებით. ჩემს ხაშურელ მეგობრებს ეს პერსონაჟი მოსწონთ, რაც მახარებს. ეს როლი ხომ გარკვეულწილად, მათი დამსახურებით შევქმენი.
– ვნანობ, რომ…
– …არაფერს ვნანობ.
– პატიება შემიძლია, თუ…
– …უმეტეს შემთხვევაში, ვპატიობ. მიმტევებელი ვარ, მაგრამ არსებობს დეტალები, რომელსაც გულის სიღრმიდან ვერ წავშლი. ბუნებრივია, შეცდომები მეც დამიშვია. როცა ჩადენილ საქციელს ვაცნობიერებ, ბოდიშს ვიხდი.
– ვიბნევი როცა…
– …არც კი მახსოვს, ბოლოს ასეთ მდგომარეობაში როდის ვიყავი.
– დაშვებული შეცდომები…
– …ვცდილობ, აღარ გავიმეორო. ისეთი შეცდომები არც მაქვს დაშვებული, დიდი ტკივილით რომ მახსენდებოდეს.
– წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია…
– ….ვითმენ, ვითმენ, ვუთმენ… მაქსიმალურად ვცდილობ, დავუთმო. კონფლიქტური არ ვარ, მაგრამ ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი და მერე ბიჭი ცუდი ვხდები.
– ვრისკავ, როცა…
– ….ძალიან ცუდია, რომ რისკიანი არ ვარ. სულ ვფიქრობ, კონკრეტულ ნაბიჯს რა შეიძლება მოჰყვეს, ფრთხილი ვარ.
– ხშირად მსაყვედურობენ…
– …მოუცლელობის გამო, მეგობრების ნახვას ვერ ვახერხებ.
– ვარ შეუმდგარი…
– ….ფეხბურთელი.
– ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს…
– …ამაზე არასდროს მიფიქრია და ბევრ ფულზე არც არასდროს მიოცნებია. მე რომ მილიარდერი ვიყო? ეს ვერც წარმომიდგენია. რაც დანამდვილებით ვიცი, ის არის, რომ ფულს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის არ დავხარჯავდი. ვისაც ძალიან სჭირდება, ყველას დავეხმარებოდი.
– თავისუფლებაა…
– …როცა მე ვარ ჩემი თავის უფალი. თავისუფლება ვალდებულებებისგან გაქცევა არ არის.
– ბედისწერის…
– …მჯერა. რამდენიმე წლის წინ, დენმა დამარტყა, ვკვდებოდი და გადავრჩი. მაღალ ძაბვაზე 20 წამის განმავლობაში ვიყავი მიერთებული და ვერავინ მიხვდა, რა ხდებოდა. ეს ამბავი რუსთავში მოხდა. კლუბური თეატრი “ბრავო” ჩვენი გაკეთებული იყო, იქ ფიზიკურად ვმუშაობდით, ბანერის კონსტრუქცია შენობაზე დასამაგრებლად აგვქონდა. სიმაღლეზე რომ ავედი, აღმოჩნდა, რომ კაბელი გახეხილი იყო და რკინაზე, რომელიც ხელში მეჭირა, დენი გადავიდა, გამაშეშა, მაგრამ ვერავინ ვერაფერს მიხვდა. ჩემ გვერდით ელექტროშემდუღებელი იყო და იმან დაიძახა, – გამორთეთო. ეგონათ, აპარატს ჰქონდა პრობლემა და ის გათიშეს. შენობიდან რომ გამოვიდნენ და ისევ იმ მდგომარეობაში, გაშეშებული დამინახეს, მერე მიხვდნენ, რაც ხდებოდა. ეს ყველაფერი 20 წამს გაგრძელდა. მე მაქვს განცდილი, როგორ კვდება ადამიანი. ამ 20 წამის განმავლობაში მთელმა ჩემმა ცხოვრებამ გონებაში კადრებად ჩაიარა. ვნახე, რა გამიკეთებია ცუდი და რა – კარგი. ბოლოს ვხედავდი, როგორ უნდა ჩამოვეხსენი ადამიანებს რკინის კონსტრუქციიდან და ამ დროს ჩამომხსნეს კიდეც. მერე რეალობაშიც დავბრუნდი. იმ დღეს ძალიან ცუდად ვიყავი.
– როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს…
– …ამ დროს საუკეთესო წამალი მარტო დარჩენა და საკუთარ თავთან დიალოგია.
– ვჯიუტდები, როცა…
– …სიმართლეს ვერ ვამტკიცებ.
– ადამიანი, ვის აზრსაც ყოველთვის ვითვალისწინებ…
– …ეს არის ჩემი საცოლე.
– დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება…
– …მთელი ცხოვრება მშობლებისგან მესმის, რომ კარგი, წესიერი, შრომისმოყვარე, დამთმობი ადამიანი უნდა ვიყო. მშობლების მიზანი ყოველთვის ჩემი და ჩემი ძმის კარგად აღზრდა გახლდათ. მათ ამისთვის მადლობას ვუხდი.
– დაბოლოს, გეტყვით, რომ…
– …ყველას ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრობისა და იმ სიყვარულისთვის, რომელსაც ქუჩაში გავლისას მაყურებლისგან ვგრძნობ. სოციალურ ქსელში ბევრი წერილი მომდის. მე ბედნიერი ვარ.
წყარო:http://gza.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები