მარიამ საჯაია საცხოვრებლად სოფელში მიდის

მარიამ საჯაია საცხოვრებლად სოფელში გადადის. ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა სოციალურ ქსელში პოსტი თავად განათავსა:
„27 წლის და ჩემი დაპატარავების ამბავი… მთელი 27 წელია… არაფერიც… ვერც ვერაფერს ვიტყვი, რომ მთელი 27 წელია რამე. სულ ცვლილებებია. სულ დიდი ცვლილებები, ამოყირავებებს რომ ვეძახი.
და მომწონს. და მადლობელიც ვარ. კონკრეტულად არა რამეს, ვინმეს. მთელი სამყაროს და ყველა, ჩემი გადმოსახედიდან, დადებითი თუ უარყოფითი მოვლენის თუ ადამიანის. ამ ყველაფერმა მოიტანა გამოცდილება, გამოცდილებებმა კი შემქმნა ცვლილებების მოყვარული, სიახლის მიმართ არათუ მხოლოდ მიმღებელი, მაძიებელიც.
ამ 27-ე წელს ისევ სიახლეა. ისევ განსხვავებული და ახლებური. ისევ ამოყირავება. ისევ არაფრით ჰგავს წინებს, გარდა ერთი რამისა – ბუნების სიახლოვის სურვილის და სიყვარულის. ამ სურვილის და სიყვარულის გაძლიერებამ, უპირველეს პრიორიტეტად ქცევამ, ადამიანის ინსტინქტმა, იყოს ბუნების ჰარმონიაში, გამოიწვია ჩემი გადაწყვეტილებაც, რომ აღარ ვიცხოვრო ბეტონის ჯუნგლებში, აღარ ვისუნთქო მტვრიანი ნახშირორჟანგი, აღარ ვყიდულობდე პოლიეთილენის საკვებს, აღარ მესმოდეს საცობების გაბმული გუგუნი.
აქ, ამ ადგილას არ არის ხეების, ყვავილების, ჩიტების და თევზების ადგილი. არც ადამიანის. ადამიანიც ისევეა ბუნების ნაწილი, მასზე დამოკიდებული, მისი ზეგავლენის ქვეშ მყოფი, როგორც ხე, ყვავილი, ჩიტი და თევზი. ჩვენ სამყაროს უნივერსალური ჰარმონიის, ბუნების კანონზომიერების ნაწილი და მორჩილი ვართ, ვაცნობიერებთ თუ არა, გვინდა თუ არა.
მივყვები ამ ძახილს, ვიღებ გამოწვევას და ვდგამ ნაბიჯს. ჯერ პატარას, ცოტა მეტი სიახლოვით ბუნებასთან. წავალ და ვიცხოვრებ სოფელში. ავიშენებ პატარა, ეკო-მეგობრულ სახლს. დავრგავ ხეებს და ყვავილებს. ავაშენებ ჩიტების სახლებს. გავაკეთებ პატარა გუბურას ლოტუსის ყვავილებით. პატარ-პატარა, ახალ-ახალ ეკოსისტემებს გავაჩენ, სადაც ყველა არსება ჰარმონიაში ვიცხოვრებთ. იქ იქნება სახლისკენ მიმავალი ბილიკი, რომელსაც love street ერქმევა. მექნება სუფთა ჰაერი და ჩემი მოწეული პროდუქტი, დილის ნამზე გაგრილებული სიო და ჩიტების ყურისწამღები ხმაური. მეც მათ ნაწილად. მე ადამიანის ფუნქციაც ეს მგონია. უსმინო და მიჰყვე საკუთარ ბუნებრივ დანიშნულებას. ცხოვრება არ არის ტანჯვა. არც ომია. არც სხვისი განადგურების ხარჯზე საკუთარის შენება. ასეა მათთვის, ვინც ამგვარად აღიქვამს ცხოვრებას, რადგან გიბრუნდება ის, რასაც თავად ასხივებ. ეგ არის ცხოვრება და ყველა ჩვენსას ჩვენ თვითონ ვქმნით შინაგანი მიდგომით.
მოკლედ, ასეთია სიახლე, რომლის გამო არათუ გიჟიას დამიძახებენო, უკვე მეძახიან.
მუხრანში მივდივარ მალე საცხოვრებლად. პატარა ეზოა, პატარა რუთი, ხეხილის ბაღით, საოცარი მიწით, რომელზეც ყველაფერი გაიხარებს, პირველ რიგში, იქ ჩასახლებულები. ბუკაც მოდის. დღეებს ითვლის. მალემალეო. ასე მინდაო. სოფლის სკოლა რომ ბევრს ვერაფერს მისცემს, ბევრჯერ ავუხსენი. შენც მასწავლე იქაურ სკოლასთან ერთადო. შენც გასწავლი და სხვა ბავშვებსაც-მეთქი, შევპირდი. ზუსტად ვიცი, ბევრ ბავშვს გაუმართლა. ზუსტად ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან სწორ რამეს ვაკეთებ, ძალიან ზღვა მოტივაცია მაქვს და ასე ყველაფერი გამოვა. მით უფრო ვარსკვლავბიჭი Zappa რომ მყავს, სიგიჟეების ცეცხლზე ნავთისდამსხმელი. soon: she lives on love street.
და აქვე: მუხრანში გადაიღეს შერეკილები, იმ ცნობილი ფრაზით, ხომ გითხარი გაფრინდებიანო“,- წერს მარიამ საჯაია.

კომენტარები

სხვა სიახლეები