„მართლა ძალიან მაგარი გოგოა“ – დედამ იუბილარ აბიტურიენტს საგამოცდო ცენტრთან სიურპრიზი მოუწყო

იუბილარ ნინი გრძელიძეს დედამ საგამოცდო ცენტრთან სიურპრიზი გაუკეთა, ის შვილს ბუშტებით დახვდა. ინფორმაციას ამის შესახებ edu.aris.ge ავრცელებს.

ქალბატონმა ლელამ სიურპრიზის მოწყობა ადრევე დაგეგმა, როცა გაიგო, რომ მისი შვილის დაბადების დღე მისსავე ბოლო გამოცდას ემთხვეოდა. “ფლეშმობის” მოწყობაც უნდოდა, მაგრამ იმის გამო, რომ სხვა აბიტურიენტებს ხელი არ შეშლოდა, თავი შეიკავა. დარწმუნებული იყო, რომ სიურპრიზი მის შვილს გაახარებდა, რადგან, დედის თქმით, ნინი თავადაც სიურპრიზებით სავსე გოგოა.

ნინი მომავალი არქიტექტორია, სწავლის გაგრძელებას კი სამხატვრო აკადემიაში ან თავისუფალ უნივერსიტეტში აპირებს.

“ჩემი პირველი შვილია და მართლა ძალიან მაგარი გოგოა. ძალიან დამოუკიდებელი და მიზანსწრაფული. თავად შეარჩია უნივერსიტეტებიცა და სპეციალობაც. ამ გამოცდების გამო, ბავშვებზე მეტად, ალბათ ჩვენ, დედები ვნერვიულობთ. ამიტომ ყველა გამოცდაზე აქ ვიყავი. ნინი ამ სიურპრიზს არ ელოდება, წარმოდგენა არ აქვს. ისე დავგეგმე, რომ ვერაფერი გაეგო. თან ვნერვიულობდი, ყველაფერი ისე თუ გამოვიდოდა, როგორც მინდოდა. დარწმუნებული ვარ, გაეხარდება”.

ქალბატონი ლელა არ შემცდარა. ნინი ამ ყველაფერმა გააოცა და გაახარა. ამბობს, რომ გამოცდები მის ცხოვრებაში ყველაზე საინტერესო ეტაპი იყო, რომლის გამოც თავიდან ნერვიულობდა, მაგრამ ახლა მის დასრულებასა და სრულწლოვნობას ერთად აღნიშნავს.

“დედაჩემი ტირის, ვიცოდი, რომ იტირებდა. ცოტა ემოციურია და ძალიან გამახარა. დღეს საღამოს კი ყველაფერს ერთად ვიზეიმებთ”, -გვითხრა ნინიმ.

კომენტარები

სხვა სიახლეები