მამა-შვილის ტრაგიკული გზა სულიერი და ფიზიკური გადარჩენისკენ

დედამიწაზე გლობალური კატასტროფა მოხდა, სავარაუდოდ, ბირთვული აფეთქება. მან ქალაქები გაანადგურა და უამრავი ადამიანი თუ ცხოველი იმსხვერპლა. კატასტროფას, რამდენიმე სხვასთან ერთად, მამა-შვილიც გადაურჩა. ისინი ცდილობენ, ფეხით გადაკვეთონ ყოფილი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია და გავიდნენ სანატრელ ადგილამდე – ზღვამდე. ორივე შიმშილობს, დაავადებულნი არიან. მამას ჭლექი აქვს და სისხლით ახველებს – აცნობიერებს, რომ მალე მოკვდება, და უნდა, უკანასკნელი გზა გაიაროს და შვილი სამშვიდობოს გაიყვანოს, იქ, სადაც არაფერი ცუდი არ დაემუქრება. ბავშვს დედა არ ჰყავს, კაცს – ცოლი. ქალმა ვერ გაუძლო კატასტროფის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს და თავი მოიკლა…
მამა-შვილი მიდიან გზაზე, რომელიც კანიბალებად და ბანდიტებად გადაქცეული ადამიანებით არის სავსე და ცდილობენ, გააღწიონ ბოლომდე… მამა გამუდმებით უმეორებს შვილს, რომ “ისინი კარგები” არიან, რომ ვერანაირმა კატასტროფამ ისინი ვერ უნდა გატეხოს და არ გადააქციოს არაადამიანად…
მივლენ თუ არა გზის ბოლოს? და რამდენი თავგადასავალი გადახდებათ? ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ თანამედროვეობის ერთ-ერთი დიდი მწერლის, კორმაკ მაკარტის წიგნში “გზა”. ამ წიგნისთვის მწერალს 2007 წელს პულიტცერის პრემია მიანიჭეს, რომანი წლის ბესტსელერად აღიარეს,

 2010 წელს TIMES-მა “გზა” ბოლო ათწლეულის 100 საუკეთესო რომანის სათავეში დაასახელა, 2009 წელს კი მისი ეკრანიზაცია განხორციელდა, რომელშიც მთავარი როლები ჰოლივუდის ვარსკვლავებმა ითამაშეს – ვიგო მორტენსენმა და ჯო პინჰოლმა.

“გზა” უახლესი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ წაკითხული. ამის საშუალება სულ მალე მოგეცემათ – გამომცემლობა “პალიტრა L” მკითხველს უახლესი მსოფლიო ლიტერატურის საუკეთესო ნაწარმოებებს სთავაზობს სერიაში “წლის ბესტსელერი”. თითოეული წიგნი და ავტორი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. ბუკერის, ნობელის, პულიცერის, გონკურების, IMPAC-ის, სერვანტესის პრემიის ლაურეატი მწერლები და წიგნები კრიტიკოსებმა გამორჩეულად შეაფასეს და წლის ბესტსელერებად აღიარეს. რასაკვირველია, ამ სიაში მოხვდა მაკარტიც, თავისი შედევრით. ეს სერიის პირველი წიგნია. წიგნი 27 ივლისიდან, ორშაბათიდან გამოვა წიგნების მაღაზიების დახლებზე და 10.99 ლარად გაიყიდება. არ გამოგრჩეთ!

წყარო: http://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები