ლაშა ბასლანძე: ავიცრათ და დავასრულოთ პანდემია ერთად

„covid-19 ისეთი ვირუსია, სხვა ადამიანზეც გაფიქრებს“, – ამის შესახებ რესტორან „ქვევრის“ დამფუძნებელმა ლაშა ბასლანძემ განაცხადა.

მან მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც პანდემიის დაწყებიდან დღემდე სარესტორნო ბიზნესი დადგა.

„როგორც კი პირველი დოზები შემოვიდა, მაშინ ავიცერი, ჯერ კიდევ მაისში, ჩინური ვაქცინით, ახლა „ბუსტერდოზასაც“ ვიკეთებ. ძალიან მარტივი მისახვედრია, ისევე როგორც 2-ჯერ 2 არის 4, ასევეა ესეც – ვაქცინაცია აუცილებელია პანდემიის დასასრულებლად.

ჩემს ოჯახში პირადად გამოვცადეთ, როგორია კოვიდი – მეც, ჩემი მეუღლეც, შვილიც, სიდედრიც – ყველა დავინფიცირდით და პირველი სამი დღე ძალიან მძიმედ ვიყავი, მერე შედარებით იოლ ფორმებში გადავიდა და ალბათ, ვაქცინამ თავისი ქნა. მერე ვფიქრობდი, აცრილი რომ არ ვყოფილიყავი, მთლიანად „დამანგრევდა-მეთქი“. ამიტომ ყოველთვის ყველას ვუხსნი ვაქცინაციის მნიშვნელობას და აცრისკენ მოვუწოდებ.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ოჯახს კლინიკა აქვს, რომელიც კოვიდკლინიკად  გადაკეთდა და ჩართულია ვირუსთან ბრძოლის პროცესში, კარგად ვიცი, რაც ხდება, ექიმები როგორ თავგანწირვით მუშაობენ თითოეული სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ მხოლოდ მათი თავგანწირვა არ გვიშველის, თუ ჩვენც ხელი არ შევუწყეთ.
საკმაოდ სენსიტიურად ვარ განწყობილი ამ თემის მიმართ და ყველგან ყველას  ვაქცინაციისკენ მოვუწოდებ. ჩემს რესტორანში აქამდე ვაქცინირებული ადამიანები გარკვეული შეღავათებით სარგებლობდნენ და უკვე პირველი დეკემბრიდან, კოვიდპასპორტების გამო, ყველა რესტორანში ერთი ვითარება იქნება, როგორც ვიცი, მერე უკვე რეგულაციებიც მოიხსნება – დაბადების დღეების აღნიშვნაც შესაძლებელი იქნება, ქორწილებისაც და ა.შ.

ამ პერიოდში  განსაკუთრებით სტუმარ-მასპინძლობის სექტორი დაზარალდა. თბილისში ბელიაშვილის ქუჩა ე.წ. რესტორნების ქუჩად არის ცნობილი და უკვე მეორე წელია მხოლოდ სამი რესტორანი ვმუშაობთ, დანარჩენი რესტორნები დაიხურა, ვერ გაუმკლავდნენ პანდემიით გამოწვეულ კრიზისს.  ეს საშინელებაა, წლობით რომ რაღაცას აკეთებ და უცბად ყველაფერს კარგავ. ეს ვითარება, გარდა იმისა, რომ ფსიქოლოგიურად აზიანებს ადამიანს, ეკონომიკურადაც მოქმედებს. თუ ასე გაგრძელდა, უბრალოდ, მთელი საზოგადოება გავნადგურდებით.

ამიტომ ყველას ვთხოვ და მოვუწოდებ, მარტო თავისი თავისთვის კი არა, სხვებისთვისაც აიცრან. covid-19 ისეთი ვირუსია, სხვა ადამიანზეც გაფიქრებს. იმის გამო, რომ ვიღაცას არ უნდა აცრა, მთელი ქვეყანა, ეკონომიკა საფრთხის ქვეშაა. უკვე მესამე წელია, როდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს. ავიცრათ და დავასრულოთ პანდემია ერთად“, – ამბობს ლაშა ბასლანძე.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები