კესარია აბრამიძის და: მე და ჩემს დას, მიუხედავად მისი განსხვავებულობისა, ჩვეულებრივი ბავშვობა გვქონდა

„საქართველოში ერთი ლამაზი ქალია და ისიც კაციაო“, ეს ფრაზა ერთ-ერთმა ქართველმა მამრმა ტრანსსექსუალ კესარია აბრამიძეზე თქვა და სუსტი სქესის დიდი ნაწილი გაანაწყენა.

გემოვნებაზე რომ არ დაობენ და ყველაზე მეტს რომ სწორედ გემოვნებაზე დაობენ, ამიტომ არ გამოვთქვამ ჩემს აზრს ამა თუ იმ მდედრობითი სქესისა თუ ტრანსსექსუალის გარეგნულ მონაცემებზე.

მაგრამ, ეს უნდა ვთქვა… კესარიას ძალიან ლამაზი და ჰყავს.
20 წლის ანა აბრამიძე სტუდენტია. სამართალს ეუფლება. სურვილი აქვს მომავალში LGBT პირების უფლებების დამცველად მოგვევლინოს. კესარიასგან განსხვავებით არ არის ამბიციური და არც პოპულარობა ხიბლავს. სწორედ ამ მიზეზით არაერთ ჟურნალისტს უთხრა უარი ინტერვიუზე. უარი თქვა ტელეშოუებში მონაწილეობაზეც.
ეს უკარება რესპონდენტი დღეს „პრაიმტაიმის“ სტუმარია.
– ანა, პირველ რიგში, შენი და კესარიას ბავშვობაზე მიამბე… როგორი ბავშვი იყო, რა თემებზე კამათობდით, ვინ თმობდა…
– მე და ჩემს დას, მიუხედავად მისი განსხვავებულობისა, ჩვეულებრივი ბავშვობა გვქონდა. მახსოვს, იმის გამო რომ ყველაზე პატარა ვიყავი, ხშირად მიწევდა შვილის როლში ყოფნა… სხვათა შორის, კესოს ორგანიზატორის ნიჭიც ჰქონდა და მეგობრებთან ერთად ხშირად მართავდა კონცერტებს. ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო და ახლა ღიმილით ვიხსენებთ ხოლმე. მე ძალიან ჯიუტი ვარ, თან მაშინ პატარა ვიყავი და უფრო ხშირად ჩემს დას უწევდა დათმობა.
– მშობლები, როგორც უმცროსს გათამამებდნენ?
– მე მამა მათამამებდა, ჩემს დას – დედა. ალბათ, ამიტომაც გვიყვარს განსაკუთრებით მე – მამა, კესოს კი დედა.
– კესარიას ქალური თვისებები რა ასაკში შენიშნეთ, ბავშვობაშივე თამაშობდა თოჯინებით?
– კესარიაში ყოველთვის ქალურ თვისებებს ვხედავდი და, სიმართლე გითხრათ, ვერ ვხვდებოდი რა უკვირდათ სხვებს. ის ჩემთვის ყოველთვის ისეთი იყო, როგორიც არის…
– იყო, ოჯახში ვინმე ვიმც მის ამ თვისებებს აპროტესტებდა? როგორ მიიღეს მშობლებმა კესარიას ქალად გარდასახვა?
– თავიდან მამაჩემისთვის რთული იყო ამასთან შეგუება და ეს ბუნებრივიცაა. ახლა სხვა დროა, ბევრი რამ შეიცვალა და მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგადაა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს დას და მამას შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ.
– ქართული საზოგადოება მკაცრია ამგვარი ადამიანების მიმართ. შენ თუ გიგრძნია ცუდი დამოკიდებულება მეზობლების, ნაცნობების ან მეგობრების მხრიდან?
– მართალი ხართ, ქართული საზოგადოება სიმკაცრეს იჩენს LGBT ადამიანების მიმართ, თუმცა, ბოლო წლებთან შედარებით სიტუაცია მნიშვნელოვნად გამოსწორდა. ჩემს თაობას ვგულისხმობ, მათთვის ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა არაა და ამგვარ ურთიერთობებს ჩვეულებრივად აღიქვამენ, ისევე როგორც მე. სამწუხაროდ, ჰომოსექსუალობა გაკიცხვის საგანი კიდევ დიდხანს იქნება, თუმცა არ ვკარგავ იმედს, რომ ადამიანები სხვის პირადში ხელის ფათურს მოეშვებიან და საკუთარს მიხედავენ! მე არც ერთი ჰომოფობი მეგობარი არ მყავს და არც მეყოლება…
– კესარია პირველი ტრანსსექსუალია, რომელმაც ამაზე ხმამაღლა ილაპარაკა. ამან დისკომფორტი თუ შეგიქმნა?
– როცა პატარა ვიყავი, კესოზე გაგონილ, დაწერილ ჭორებს ძალიან განვიცდიდი. ახლა გავიზარდე და ბევრმა მაგალითმა მიჩვენა, რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ბრბო წარმოადგენს, რომელსაც საკუთარი აზრი არ გააჩნია. ვიცი, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ არა სიცრუე.
– გვიამბე მის ხასიათზე, შენ როგორ ხედავ მას, რამდენიმე სიტყვით დაახასიათე…
– ჩემი და ჩემს მიმართ ძალიან მზრუნველია. ხშირად დედასაც ვეძახი. ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო და მყავს და ოდნავადაც არ ვაჭარბებ. მას შეუძლია იყოს ერთდროულად ძალიან ყურადღებიანიც და უყურადღებოც. ჰო, აი ასე, ორივე ერთდროულად.
– გულჩვილია, რაზე შეუძლია იტიროს?
– მას მიზეზის გარეშეც შეუძლია ტირილი, მისი მსახიობური ნიჭიდან გამომდინარე. ისე კი, სულ ბოლოს თვალცრემლიანი რაღაც ვიდეოს ყურების დროს ვნახე, რომელშიც ასახული იყო ერთ-ერთი ოჯახის ეკონომიკური სიდუხჭირე. იშვიათი შემთხვევები კარგად გვამახსოვრდება.
– ცოტა საშიში ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს, რა შემთხვევაში უნდა ეშინოდეს ადამიანს მისი?
– მეც მსმენია, რომ საშიშ ქალად მიაჩნიათ და ეს კარგიცაა. ალბათ, წყობიდან არ უნდა გამოიყვანონ, თორემ მაშინ აბსოლუტურად გაამართლებს მოარულ ხმებს.
– როგორ უნდა გამოიყვანო კესო წყობიდან?
– არ ვიცი. რომც ვიცოდე ხომ არ გეტყოდით, არ მინდა ვიღაცებმა ბოროტად გამოიყენონ (იცინის).
– რა ინტერესები ჰქონდა ბავშვობაში, გარდა ხატვისა, რისი ნიჭი აქვს?
– ყვავილების მოვლა უყვარდა. როცა ეგ უვლიდა სულ ლამაზი ყვავილები გვქონდა. როგორც უკვე გითხარით, ბავშვობიდანვე ორგანიზატორისა და მსახიობის ნიჭს ავლენდა. ასევე უყვარდა ქარგვა და ახალი ვარცხნილობების გამოგონება. ხშირად მეც მიყენებდა ამგვარი ექსპერიმენტებისთვის.
– შენზეც გვიამბე, რას საქმიანობ, სად სწავლობ?
– საკუთარ თავზე ლაპარაკი უფრო მირთულდება, ვიდრე ჩემს დაზე. ახლახან გადავედი მესამე კურსზე. ვსწავლობ სამართალს. გავურბი ბანალურობას და ვესწრაფვი მშვიდ ცხოვრებას. ჩემი კრედო უბრალოებაა. ჩემი დისნაირი ამბიციური არ ვარ.
– ძალიან ლამაზი ხარ, მოდელობაზე არასდროს გიფიქრია?
– ჩემი დის წყალობით დავფიქრდი. უნდოდა „მის საქართველოს“ შესარჩევ კონკურსში მიმეღო მონაწილეობა, მაგრამ ვერ დამითანხმა. ხანდახან ვხუმრობ ხოლმე ამაზე. მე სავსებით მაკმაყოფილებს ჩემი გარეგნობა და მირჩევნია ვიცხოვრო ჩემთვის მშვიდად და წყნარად. არ მიყვარს, როცა სამუზეომო ექსპონატივით მაკვირდებიან.
– როგორი ურთიერთობა გაქვთ შენ და კესარიას, თაყვანისმცემლებზეც უყვებით ერთმანეთს?
– ჩვენ საუკეთესო მეგობრებიც ვართ. თაყვანისმცემლებზე უფრო მეტს მე ველაპარაკები ხოლმე. მხოლოდ იმათზე, ვისზეც ღირს საუბარი. თვითონაც ასე იქცევა. საერთოდ, ჩემმა დამ ჩემზე ყველაფერი იცის. ხშირად მაოცებს ხოლმე, როცა ჩემი ხმით ხვდება როგორ ხასიათზე ვარ. უთქმელადაც შეუძლია მიზეზის გამოცნობა. ყველაზე უკეთ მიცნობს. ჩემს შეყვარებულზე ძალიან ეჭვიანობდა. ნაკლებ ყურადღებას ვუთმობდი და ცოტა მაშინ ვაწყენინე. ეს იყო და ეს. სხვა მსგავსი შემთხვევა არც მახსენდება.
– კესო უფროსია შენზე, რა რჩევებს გაძლევს ხოლმე, ძირითადად რა თემებზე კამათობთ?
– ძირითადად რჩევებს ბიჭების თემაზე მაძლევს. ცოტა რომანტიკოსი ვარ და ცდილობს მიწიდან ძალიან შორს არ ავფრინდე.
– შეყვარებული ხარ?
– ვიყავი და ვარ. მომავალში აუცილებლად დავწერ ბიოგრაფიულ რომანს და ყველაფერს იქედან შეიტყობთ. ახლა კი მხოლოდ ერთს ვიტყვი, – „დრო მხოლოდ სიყვარულს დაინდობს“, რადგან „მინდა მჯეროდეს მე ჩემი ბოდვის და სიყვარულის დღესასწაული“….
– იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობ. კონკრეტულად რა სფეროში გინდა იმუშაო?
– ვაპირებ lgbt ადამიანების უფლებები დავიცვა. ვნახოთ რა იქნება, ბევრი კარგი გეგმა მაქვს.
– გავიგე, კითხვა გიყვარს… ვინ არის შენი საყვარელი მწერალი, რომელია შენი საყვარელი ნაწარმოები…
– ქართველებს დავასახელებ, კონსტანტინე გამსახურდია და ოთარ ჭილაძე. ოთარ ჭილაძის პოეზიას ვეტრფი. კონკრეტულად ერთი ნაწარმოების გამორჩევა მიჭირს.
– ბოლოს რა წაიკითხე?
– უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“.
– რომელიმე ლიტერატურულ გმირს მიამსგავსებ საკუთარ თავს?
– არის ერთი პერსონაჟი, რომელსაც ძალიან ვამსგავსებ ჩემს თავს, მაგრამ არ დავასახელებ. მრავლისმეტყველი იქნება და თავს შევიკავებ.
– ლიტერატურულ გმირზე შეყვარებული ყოფილხარ?
– კი, ძალიან ბევრი პერსონაჟით მოვხიბლულვარ. მათი წარმოთქმული ფრაზებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე. თუმცა. ახლა გახსენება მიჭირს.

წყარო: primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები