კარდიოლოგ ატკინსის დიეტა, რომელსაც ცნობილი ვარსკვლავები იცავდნენ

ატკინსის დიეტა დაბალნახშირწყლოვან დიეტებს მიეკუთვნება. მას სხვანაირად ცილოვან დიეტასაც უწოდებენ. მისი ავტორია ექიმი, კარდიოლოგი რობერტ ატკინსი, რომელმაც თავისი მეთოდი 1972 წელს გამოცემულ წიგნში „ექიმ ატკინსის დიეტური რევოლუცია“ აღწერა.
„ექიმ ატკინსის დიეტური რევოლუცია“
მოგვიანებით გამოცემულ მეორე წიგნში „ექიმ ატკინსის ახალი დიეტური რევოლუცია“, მან გარკვეული ცვლილებები შეიტანა და შეავსო დიეტის ზოგიერთი ნიუანსი, თუმცა ძირითადი კონცეფცია უცვლელი დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ რობერტ ატკინსმა თავი „რევოლუციონერად“ და ახალი დიეტის აღმომჩენად გამოაცხადა, დაბალნახშირწყლოვანი დიეტები იქამდეც არსებობდა და საკმაო პოპულარობით სარგებლობდა. აღსანიშნავია, რომ ცხიმების და ნახშირწყლების
განცალკევების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ინგლისში გაჩნდა, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მივიწყებული იყო, რათა შემდგომ 1950 წელს ახლა უკვე პენინგტონის დიეტაში კვლავ აღორძინებულიყო .
თავის დროზე ატკინსის დიეტას იცავდნენ ცნობილი ვარსკვლავები – ჯენიფერ ენისტონი, რენე ზელვეგერი, ბენ აფლეკი და სხვები. როგორც ამ დიეტის პროპაგანდისტები
შეკითხვა ექიმს
ძალიან მაინტერესებს, სიმინდი ასუქებს? დღეში 4-5 ტაროს ვჭამ ხოლმე და მაინტერესებს, საღამოს 7-ის მერე რისი ჭამა შეიძლება, რომ არ გავსუქდე?
ირწმუნებიან, სულ რაღაც 2 კვირაში 3-დან 7 კილომდე წონის მოკლება შეიძლება. ატკინსის დიეტის კიდევ ერთი მიმზიდველი მხარე, შიმშილის გრძნობის არ ქონაა, რადგან იზღუდება ნახშირწყლების რაოდენობა და არა საკვების.
დიეტის ძირითადი არსი რაციონში ნახშირწყლების მკვეთრი შემცირებაა. პირველ ეტაპზე (2 კვირა) დღეში მხოლოდ 20გრ. ნახშირწყლების მიღება ხდება (რაც 2 კოვზ შაქარს შეესაბამება). ცილების და ცხიმების რაოდენობა რაციონში არ იზღუდება. ამ პერიოდში იწყება ენერგიის წყაროდ ნახშირწყლების ნაცვლად ცხიმების გამოყენება. იმის გამო, ეს ფაქტი საჭმლის მომნელებელ პროცესში ცვლილებებს იწვევს, დიეტის პირველ დღეებში სხვადასხვა სახის უსიამოვნო შეგრძნებები ჩნდება. მომავალ დღეებში, როგორც ატკინსი და მისი დიეტის მიმდევრები ირწმუნებიან, იგრძობთ ემოციურ და ენერგეტიკულ აღმავლობას, მოგემატებათ აქტიურობა და სიცოცხლის ხალისი.
როგორ მოქმედებს დაბალნახშირწყლოვანი დიეტა?
პირველ რიგში, ნახშირწყლების შემცირება რაციონში მთელი რიგი დამოკიდებულებებისგან ათავისუფლებს ადამიანს. ბევრ მათგანს, განსაკუთრებით ქალებს, გარკვეული პროდუქტების მიმართ სწრაფვა გააჩნიათ. უმეტესად ეს პროდუქტებია – ტკბილეული, ცომეული და სახამებლიანი (პური, კარტოფილი და სხვ.), ასევე კოფეინი და ალკოჰოლი. ყველაზე „საყვარელი“ კი ცხიმების და ნახშირწყლების კომბინაციაა – ტორტი, ნამცხვრები, შემწვარი კარტოფილი, ჩიპსები და ა.შ.). მსგავსი საკვები კი ფიგურის პირველი მტერია.
მეორე – დიეტა ეხმარება სისხლში შაქრის დონის დასტაბილურებას, რომელიც რაფინირებული ტკბილეულის მოყვარულებში მუდმივად მერყეობს. ორგანიზმის უნარი სწრაფად აითვისოს ნახშირწყლების დიდი დოზები, ინდივიდუალურია. ადამიანების უმეტესობას მაღალნახშირწყლოვანი კვების შედეგად ინსულინის რეზისტენტულობა უვითარდება, რაც დროთა განმავლობაში მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს.
მესამე – ცილოვანი კვება ზრდის კვებით თერმოგენეზს, ანუ ენერგიის დანახარჯებს საჭმლის ათვისებაზე. აქედან 30%-მდე კალორიები, რომელიც მიეწოდება ცილოვან საკვებთან ერთად, მათ მონელებაზე იხარჯება. დაბალკალორიული მწვანე პროდუქტები, რომელთა წილი დიეტაში დიდია და უჯრედისის კარგ წყაროს წარმოადგენს, წონის დაკლებას უწყობს ხელს.
ატკინსის დიეტა 4 ეტაპისაგან შედგება:
შესავალი ეტაპი, როცა ორგანიზმი ეჩვევა ახალ მდგომარეობას; დიეტის ძირითადი ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგება, მიღწეული შედეგების დასტაბილურება და მეოთხე ეტაპი, მუდმივი წონის კონტროლი.
პირველი ეტაპის განმავლობაში იწყება ცვლილებები ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ორგანიზმი ეჩვევა ენერგიის წყაროდ არა ნახშირწყლების, არამედ ცხიმების გამოყენებას. ხდება ფსიქოლოგიური მიჩვევა კვების და ცხოვრების ახალ წესთან. ატკინსის დიეტის პირველ ეტაპზე წონის კლება მაქსიმალურად სწრაფად ხდება ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნის, ნახშირწყლების მკაცრი შეზღუდვის და ცხოვრების წესის შეცვლის ხარჯზე.
მეორე ეტაპზე, იწყება რაციონში ახალი პროდუქტების დამატება და ნახშირწყლების სადღეღამისო ნორმის გაზრდა. ასევე ემატება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტები და მენიუს შედგენა საყვარელი კერძებით ხდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე მოსინჯვის და შეცდომების საშუალებით შეიძლება ნახშირწყლების მოხმარების საკუთარი დოზის პოვნა, რომელიც შეიძლება ან 20 ან 100 გრამს შეადგენდეს ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით: ნივთიერებათა ცვლის სისწრაფე, ასაკი, ფიზიკური აქტიურობის დონე და სხვა ფაქტორები.
მესამე ეტაპზე, ხდება მიღწეული შედეგების დასტაბილურება, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ცოტაოდენი კლებაც. თუ ნახშირწყლების ინდივიდუალური ნორმა ნაპოვნი არაა, გრძელდება სადღეღამისო მოხმარების რაოდენობის ზრდა და პროდუქტების დიაპაზონის გაფართოება. ფიზიკური აქტიურობის მომატება საშუალებას იძლევა გაიზარდოს რაციონში ნახშირწყლების რაოდენობა ფიგურისათვის ზიანის მიყენების რისკის გარეშე.
მეოთხე ეტაპი ეს დაბალნახშირწყლოვანი კვებაა მთელი ცხოვრება. ოპტიმალური წონის და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია სამუდამოდ რაციონიდან გამოირიცხოს მაღალნახშირწყლოვანი პროდუქტები, ისეთი, როგორიცაა ნამცხვრები, ცომეული, ტკბილეული ან მათი მოხმარება მინიმუმამდე იყოს დაყვანილი (ნახშირწყლების ინდივიდუალური ნორმის ფარგლებში).
ატკინსის დიეტის უარყოფითი მხარეები
სპეციალისტებს დაბალნახშირწყლოვანი დიეტის თაობაზე არ გააჩნიათ საერთო აზრი. ითვლება, რომ მსგავს დიეტებს შეუძლიათ ზიანი მიაყენონ მათ, ვისაც აქვთ შაქრის დიაბეტი, თირკმელების და ღვიძლის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. დიეტის დაწყების წინ რეკომენდებულია სამედიცინო შემოწმების გავლა, სისხლის ანალიზის გაკეთება, წნევის კონტროლი. 4-6 კვირის შემდეგ აუცილებელია განმეორებითი ანალიზების გავლა. თუ შედეგები დამაკმაყოფილებელი იქნება, ე.ი. ატკინსის დიეტა თქვენთვისაა. სხვა შემთხვევაში დიეტა უნდა შეწყვიტოთ და უფრო დაბალანსებულ კვებაზე გადახვიდეთ.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ატკინსის დიეტა ცილოვანი დიეტების რიცხვს მიეკუთვნება. ამიტომ, რაციონში ნახშირწყლების და ცხიმების რაოდენობის შემცირებასთან ერთად თქვენს ორგანიზმს არა მარტო ზედმეტი კილოგრამები, არამედ ბევრი ვიტამინები, მიკროელემენტები და საჭირო ცხიმოვანი მჟავებიც მოაკლდება.
უნდა გაითვალისწინოთ ცილოვანი დიეტის კიდევ ერთი უარყოფითი მხარე – ეს თირკმელებზე გაზრდილი დატვირთვაა. ამ დროს ხდება ბევრი სითხის დაკარგვა, ამიტომ ცილოვანი დიეტის დროს რეკომენდირებულია რაც შეიძლება მეტი სითხის მიღება, უკეთესია მინერალური წყლის. ცილოვანი დიეტის დროს ასევე საკმაო რაოდენობის კალციუმის მოხმარება ხდება.
ცილოვანი დიეტა არაა რეკომენდირებული ხანში შესული ადამიანებისათვის, რადგან ცილები ზრდიან სისხლის შედედების უნარს, რაც სისხლძარღვებში ტრომბების გაჩენის რისკს ზრდის.
რობერტ ატკინსის დიეტა – პირველი ეტაპი
ატკინსის დიეტა 4 ეტაპისაგან შედგება
: შესავალი პირველი ეტაპი, როცა ორგანიზმი ეჩვევა ახალ მდგომარეობას; დიეტის ძირითადი, მეორე ეტაპი, რომლის დროსაც ხდება ორგანიზმის ინდივიდუალურ მოთხოვნილებებზე მორგება, მესამე – მიღწეული შედეგების დასტაბილურება და მეოთხე ეტაპი, მუდმივი წონის კონტროლი.
ატკინსის დიეტის პირველი ეტაპი:
პირველი ეტაპი 2 კვირა გრძელდება და ინდუქციის ფაზა ეწოდება. ამ პერიოდში ორგანიზმი ეჩვევა ახალი ტიპის კვებას, გადადის ლიპოლიზის რეჟიმში (ენერგიის წყაროდ ცხიმები გამოიყენება და არა ნახშირწყლები).
პირველი ეტაპის განმავლობაში ნახშირწყლების რაოდენობა მცირება დღეში 20 გრამამდე. ამ მიზნით, რაციონიდან ამოიღება ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს ნახშირწყლებს, მაგრამ ეს არ ეხება არასახამებლიან ბოსტნეულს. ასევე გამოირიცხება ალკოჰოლი და კოფეინი, რომელიც ასტიმულირებს მადას და ხელს უშლის წონაში კლებას. არ შეიძლება აკრძალული პროდუქტების გამოყენება მცირე რაოდენობითაც კი, რადგან მაგალითად 1 კოვზი შაქარი, უკვე 10 გრამი ნახშირწყლებია და დიეტის ამ ეტაპზე დაშვებული დღიური ნორმის 25%-ს შეადგენს.
დაშვებულია ნებისმიერი სახის ცილების და ცხიმების, ასევე მათი კომბინაციის მიღება. მზა პროდუქტების ან ნახევარფაბრიკატების გამოყენებისას აუცილებელია შეფუთვაზე მითითებული მათი შემადგენლობის შესწავლა. ბევრი პროდუქტის შემადგენლობაში შედის დიდი რაოდენობით ნახშირწყლები. ასე მაგალითად, მზა სოუსები შეიცავს შაქარს და სახამებელს, ხორცის ნახევარფაბრიკატებში პრაქტიკულად ყოველთვისაა დამატებული ნახშირწყლოვანი კომპონენტი, ხოლო პროდუქტების უცხიმო ვარიანტები კი შეიძლება ნახშირწყლების მოჭარბებულ რაოდენობას შეიცავდეს მათ ჩვეულებრივ ანალოგებთან შედარებით. შეეცადეთ უპირატესობა ნატურალურ პროდუქტებს მიანიჭოთ, ან როცა საშუალება გაქვთ თავად მოამზადოთ.
კვების რეჟიმი დიეტის პირველ ეტაპზე ჩვეულებრივი რჩება. შეგიძლიათ ჭამოთ დღეში სამჯერ, ან წაიხემსოთ შუალედებში. ჭამა ნებისმიერ დროს შეიძლება. პორციები ჩვეულებრივი რაოდენობის დარჩება, აუცილებელია დანაყრების გრძნობამდე ჭამა, ოღონდ არა ძღომამდე.
ატკინსის დიეტის პირველი ეტაპის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს წყლის საკმარისი რაოდენობით მოხმარებას. დაბალნახშირწყლოვანი დიეტის დროს ეს მნიშვნელოვანია. საჭიროა დღეში არანაკლებ 2-3 ლიტრი წყლის დალევა. რადგან კვების კარდინალური ცვლილებები ორგანიზმისთვის სტრესს წარმოადგენს, აუცილებელია მულტივიტამინების კომპლექსის მიღება. ყაზბობის შემთხვევაში საჭიროა უჯრედისით მდიდარი მცენარეული საკვების მოხმარების რაოდენობის გაზრდა.
შეეცადეთ გაამრავალფეროვნოთ თქვენი რაციონი, მოიძიოთ ახალი რეცეპტები. შეიძინეთ ახალი სახეობის ხორცი და თევზი, მრავალფეროვანი ბოსტნეულის ასორტიმენტი (წინასწარ გაარკვიეთ მათში ნახშირწყლების რაოდენობა). მოამზადე ბოსტნეულის სუპები და ნოყიერი სალათები, ბოსტნეულის პიურეები, რაგუ და ბოსტნეულის გარნირები. ყოველი ჭამის დროს მიიღეთ ხარისხიანი ცილა, წახემსება შეიძლება ყველით და კიტრით. რესტორანში ნებისმიერი ხორციანი კერძის (სახამებლიანი საწებელების და ამოსავლების გარეშე), თევზის, ზღვის პროდუქტების, ძეხვეულის, ასევე მწვანე ბოსტნეულის სალათების და ზეთისხილის მირთმევა შეგიძლიათ. რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება თქვენი მენიუ, უფრო ადვილად გაართმევთ თავს ატკინსის დიეტას, განსაკუთრებით პირველ, ყველაზე რთულ ეტაპს.
პირველი ეტაპის პროდუქტები
პროდუქტები, რომლის მოხმარება შეიძლება ატკინსის დიეტის პირველ ეტაპზე, შეზღუდვის გარეშე:

ხორცი (ძროხის, ღორის, ხბოს, ცხვრის ხორცი და სხვ.) და ხორცის პროდუქტები. ხორცის ნაწარმის შეძენისას შეისწავლეთ შემადგენლობა, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე. ზოგჯერ მსგავსი პროდუქტები შეიცავს ნახშირწყლებს, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია ნახშირწყლების დღიური ნორმის დათვლის დროს.
თევზი: ქაშაყი, ორაგული, კამბალა, სარდინები, კალმახი, თინუსი, ნებისმიერი სხვა თევზი ამოსავლების გარეშე.
ფრინველი: ქათამი, ინდაური, იხვი, ბატი, მწყერი, ნებისმიერი სხვა სოუსის და ამოსავლების გარეშე.
ყველი (დღეში 150გრ.). მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ყველში ნახშირწყლების შემადგენლობა უმნიშვნელობა, მაინც გვხვდება ყველი დიდი რაოდენობით ნახშირწყლებით (განსაკუთრებით დამდნარი ყველის სახეობები). ამიტომ მათი ყიდვის დროს აუცილებელია შემადგენლობის გარკვევა. მოერიდეთ დაბალცხიმიან დიეტურ ყველს.
ზღვის პროდუქტები: ხამანწკები, ნიჟარები, კიბირჩხალები, კრევეტები, ლობსტერები, ასევე ყველა სხვა ცოცხალ ან კონსერვირებულ კიბორჩხალისმაგვარ და მოლუსკისებურ პროდუქტებს. შეამოწმეთ ნახშირწყლები შეფუთვაზე.
კვერცხი: მოხარშული, შემწვარი, დაბალნახშირწლოვანი კერძების შემადგენლობაში.
ცხიმები: სოიოს, მზესუმზირის, ქუნჯუთის, ქოქოსის და სხვა მცენარეული ზეთები, ნაღების კარაქი, თევზის ცხიმი. დაშვებულია შეზღუდული რაოდენობის მაონეზის და არაჟანის გამოყენება ნახშირწყლების რაოდენობის გათვალისწინებით.
საკმაზები: წიწაკა, სხვადასხვა სანელებლები – გამხმარი ბალახები, ნიორი, ჯანჯაფილი და სხვ. შაქრის დანამატების გარეშე. შეიძლება ასევე ძმრის და ლიმონის წვენის გამოყენება.
სასმელები: ჩვეულებრივი და მინერალური წყალი, უშაქრო ჩაი (სასურველია კოფეინის გარეშე), სასმელები შაქრის შემცვლელებით ნახშირწყლების გარეშე, ბალახეული ნაყენები, ლიმონის წვენი, უკოფეინო ყავა.
შაქრის შემცვლელები: სახარინი, ციკლამატი და სხვა (გარდა ასპარტამისა).
მწვანე ბოსტნეულის სალათი (არაუმეტეს 3 ჭიქისა დღეში): ვარდკაჭაჭა, სალათის ფურცლები და სხვა ნებისმიერი ფურცლოვანი სალათი, იონჯას ღეროები, კიტრი, მჟაუნა, ბოლოკი, წიწაკა, ზეთისხილი, ჯანჯაფილი, ნიორი, მწვანილი (ოხრახუში, კამა, ნიახური, როზმარინი, რეჰანი, ქონდარი და სხვ.), სოკო.
სხვა ბოსტნეული (1 ჭიქა მწვანე ბოსტნეულს ვანაცვლებთ 2/3 შემდეგი პროდუქტებით): სატაცური, არტიშოკი, ავოკადო, ჭარხლის მწვანე ნაწილი, ნიახურის ძირები, ჩვეულებრივი და მწვანე ხახვი, ბადრიჯანი, ნესვი, ყაბაყი, ისპანახი, პარკოსანი ბარდა და ლობიო, თალგამი, პომიდორი და ყველა სახის კომბოსტო.
ატკინსის დიეტის პირველ ეტაპზე აკრძალული პროდუქტები:
შაქარი, ტკბილეული, ასევე ყველა დამატკბობელი, რომლის დასახელება „ოზა“-ზე მთავრდება: ფრუქტოზა, მალტოზა და ა.შ. არაა რეკომენდებული ასპარტამის გამოყენება;
პური, მაკარონი, ფქვილოვანი ნაწარმი და ყველა პროდუქტი, სადაც ემატება ფქვილი.
სახამებლიანი ბოსტნეული, ისეთი, როგორიცაა კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი;
ნებისმიერი ხილი და ხილის წვენები;
თხილეული და მზესუმზირა;
მარგარინი და კულინარიული ცხიმები;
ალკოჰოლი (შემდეგ ეტაპებზე დაშვებული მათი ზომიერი გამოყენება ნახშირწყლების რაოდენობის გათვალისწინებით);
სასმელები, რომლებიც შეიცავენ კოფეინს.
რობერტ ატკინსის დიეტა – მეორე ეტაპი
რობერტ ატკინსის დიეტის პირველ ორკვირიან ეტაპზე ორგანიზმი განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს. მეორე ეტაპის ამოცანაა ცდების და შეცდომების საშუალებით მოძიებული იყოს ნახშირწყლების სადღეღამისო ნორმა, რომელიც ხელს არ შეუშლის წონის კლებას. თუ სასურველი წონა უკვე მიღწეულია, მაშინ განისაზღვრება ნახშირწყლების ის რაოდენობა, რომელიც სტაბილური წონის შენარჩუნებისთვისაა საჭირო. ამ მიზნით რაციონს თანდათან ემატება ნახშირწყლებით არც ისე დატვირთული ის პროდუქტები, რომლებიც აკრძალული იყო პირველ ეტაპზე. ამის გაკეთება ფრთხილად ხდება, ისე რომ ნახშირწყლების დღიური ნორმის მატებამ კვირაში 5 გრამზე მეტი არ შეადგინოს.
აუცილებელია სხეულის წონის მუდმივი კონტროლი, ყოველდღიურად ერთი და იგივე დროს აწონვა. ფართოვდება დაშვებული პროდუქტების ნუსხა. ემატება თხილეული და მარცვლეული, ხილი და წვენები, იზრდება რძის პროდუქტების და ბოსტნეულის პორციები. სახამებელი და შაქარი კვლავ აკრძალულია. დაშვებულია ალკოჰოლური სასმელების გამოყენება მცირე რაოდენობით, მოხმარებული ნახშირწყლების რაოდენობის დათვლის გათვალისწინებით.
იმ შემთხვევაში, თუ ატკინსის დიეტის მეორე ეტაპზე გადააჭარბეთ ნახშირწყლების თქვენს ნორმას ან დაიწყეთ წონაში მომატება, მოგიწევთ ისევ პირველ ეტაპზე დაბრუნება. თეორიულად, თუმცა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტების გამოყენებაა რეკომენდირებული, მაინც შეგიძლიათ თქვენთვის საყვარელი ნახშირწყლოვანი საკვებით თავის განებივრება. მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ ნამცხვრები, ჩიპსები და ცომეული იმდენად ბევრ ნახშირწყლებს შეიცავს, რომ პატარა პორციის ჭამითაც კი მთელიანი დღიური ნორმის დახარჯვა შეგიძლიათ.
მეორე ეტაპზე აუცილებელია დაიწყოთ ფიზიკური დატვირთვების გაზრდა. ვარჯიში დააჩქარებს წონაში კლებას, რის ხარჯზეც შეძლებთ ცოტა მოუმატოთ ნახშირწყლების მოხმარებას. თუ წონაში კლება ძალიან ნელა ხდება, აუცილებელია ნახშირწყლების დღიური ნორმის ნელა გაზრდა – მოუმატეთ 2 კვირაში, ან 3-4 კვირაში მხოლოდ 5გრ.-ით.
თქვენი ამოცანაა დიეტის მეორე ეტაპზე მთავარია შეძლოთ ნახშირწყლების რაოდენობის ისე მომატება და რაციონის გაფართოება, რომ კლება გაგრძელდეს. აუცილებელია მენიუს გაფართოება ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნუტრიენტების ხარჯზე. ამასთან, აკონტროლოთ მადა და არ დაუშვათ, რომ ისევ გაგიჩნდეთ ლტოლვა გარკვეული პროდუქტების მიმართ. ყველა პროდუქტები, რომელიც წონაში მატებას იწვევს ან მაძღრობამდე ჭამის სურვილს, უნდა ამოიღოთ რაციონიდან.
ატკინსის დიეტის მეორე ეტაპზე, ანუ დიეტის დაწყებიდან 1,5-2 თვის შემდეგ ისევ აუცილებელია სისხლის განმეორებითი ანალიზის გაკეთება, მაჩვენებლების გაკონტროლების მიზნით. შედეგები გიჩვენებთ, უნდა გააგრძელოთ ატკინსის დიეტა თუ შეწყვიტოთ.
მეორე-მესამე ეტაპის დროს ნახშირწყლების იმ კრიტიკულ ზღვარს მიაღწევთ, სადაც წონის კლება შეჩერდება. ეს ნორმა ყველას განსხვავებული აქვს და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული: ფიზიკური აქტიურობის დონე, ასაკი, მემკვიდრეობითობა და ა.შ.
ატკინსის დიეტის მეორე ეტაპის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება. მესამე ეტაპზე გადასვლა მოხდება მაშინ, როცა სასურველი წონის მაჩვენებლამდე 3-5კგ. დარჩება მოსაკლები. ამასთან, უნდა შეეცადოთ, რომ წონის კლება მოხდეს ძალიან ნელა – არაუმეტეს 0,5კგ-ისა კვირაში.
მეორე ეტაპის პროდუქტები:
პირველ ეტაპზე დაშვებული პროდუქტების სიას ატკინსის დიეტის მეორე ეტაპზე ემატება შემდეგი პროდუქტები:

ბოსტნეული: წითელი ტკბილი წიწაკა – ნახევარი ჭიქა; მოხარშული კომბოსტო ბროკოლი – 2/3 ჭიქა; მოხარშული ისპანახი – 3/4 ჭიქა; ერთი საშუალო ზომის პომიდორი; სატაცურის წანაზარდები – 8 ცალი საშუალო ზომის; ყვავილოვანი კომბოსტო – 1 ჭიქა; ნახევარი ავოკადო; დაჭრილი ხახვი – ნახევარი ჭიქა.
რძის პროდუქტები: ცხიმიანი ნაღები – ნახევარი ჭიქა; დამდნარი ყველი – 2/3 ჭიქა; სახლის ყველი – 150გრ; ფეტაკის ტიპის ყველი – ნახევარი ჭიქა.
თხილეული და მარცვლეული: ნუში – 24ც; გაურჩეველი მზესუმზირა – 3 სუფრის კოვზი; მოხალული არაქისი – 26ც; ნიგოზი – 14ც. ნახევარი ლებანი; პეკანი – 31ც; აკაჟუ – 9ც.
ხილი და კენკრა: მოცვი – ნახევარი ჭიქა; ჟოლო – მეოთხედი ჭიქა; მარწყვი – ნახევარი ჭიქა; ნესვი – 3/4 ჭიქა.
წვენები: ლიმონის წვენი – მეოთხედი ჭიქა; პომიდვრის წვენი – ნახევარი ჭიქა.
რობერტ ატკინსის ცილოვანი დიეტა – მესამე ეტაპი
ატკინსის დიეტის მესამე ეტაპზე ნახშირწყლების მოხმარების ნორმა იზრდება, ახლა უკვე კვირაში 10გრ.-ით. თუ წონის კლება შეჩერდება, ნახშირწყლების რაოდენობა დროებით უნდა შემცირდეს და დაუბრუნდეთ ატკინსის დიეტის წინა ეტაპს, სადაც კვირაში მხოლოდ 5გრ.-ით ზრდიდით ნახშირწყლების რაოდენობას. რაც უფრო მეტი ნახშირწყლების მოხმარება შეგიძლიათ ისე, რომ წონაში არ მოიმატოთ, მით უფრო მეტია ნახშირწყლების მოხმარების თქვენი ნორმა. ამ ნორმის მიღწევის წერტილში წონაში კლება ჩერდება, ხოლო ნორმის მომატების შემთხვევაში კი იწყება წონაში მატება. ასე რომ, ცდების და ექსპერიმენტების შედეგად განსაზღვრული ნახშირწყლების რაოდენობა – ეს არის თქვენი ნორმა მთელი ცხოვრების მანძილზე.
ნახშირწყლების მაქსიმალური ნორმის გაზრდა ატკინსის დიეტის თანახმად შეგიძლიათ ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით. რაც უფრო მეტია თქვენი ფიზიკური აქტიურობის დონე, მით მეტი ნახშირწყლის მოხმარება შეგიძლიათ წონაში მომატების რისკის გარეშე.
როგორ ვიკვებოთ ატკინსის დიეტის მესამე ეტაპზე?
უპირველეს ყოვლისა, რაციონის საფუძველი ისევ ცილები და ცხიმებია. ნახშირწყლების სადღეღამისო ნორმის გაზრდისას (10გრ. კვირაში) ყოველი კვებისას დაამატეთ ერთი ნახშირწყლოვანი პროდუქტი. ეს დაგეხმარებათ სწრაფად გამოავლინოთ პროდუქტები, რომლებიც იწვევს სხეულის მასის ზრდას და სითხის შეკავებას, ზრდის მადას და მიდრეკილებას ზოგიერთი პროდუქტების მიმართ, ასევე აღვიძებს იმ უარყოფით შეგრძნებებს, რომლებისგანაც გათავისუფლდით პირველ ეტაპზე (ძილიანობა, გაღიზიანებადობა, ხასიათის ცვლილებები და ა.შ.). ასეთი პროდუქტები უნდა გამორიცხოთ რაციონიდან.
მესამე ეტაპის პროდუქტები
დაშვებული პროდუქტების სიას ატკინსის დიეტის მესამე ეტაპზე ემატება შემდეგი პროდუქტები:
სახამებლიანი პროდუქტები: ტკბილი კარტოფილი – მეოთხედი ჭიქა; სტაფილო – ნახევარი ჭიქა; ჭარხალი – 3/4 ჭიქა; ბარდა – ნახევარი ჭიქა; ისპანახი – მეოთხედი ჭიქა; კარტოფილი – ნახევარი ჭიქა.
თხილეული: ნუში – ნახევარი ჭიქა (120გრ.); არაქისი – 60გრ.; აკაჟუ – მეოთხედი ჭიქა; კედრის თხილი – ნახევარი ჭიქა; პეკანის თხილი – 3/4 ჭიქა; ფსტა – მეოთხედი ჭიქა; კაკალი – 3/4 ჭიქა; ქუნჯუთი – მესამედი ჭიქა; გოგრის კურკა – მესამედი ჭიქა; მზესუმზირა – 60გრ.
პარკოსნები: ნებისმიერი სახის ლობიო – მეოთხედი ჭიქა; ოსპი – მეოთხედი ჭიქა.
ხილი: 12ც. ალუბალი; 12ც. ყურძნის მარცვალი; ნახევარი ვაშლი; 1 ჭიქა მარწყვი; 1 ატამი; 1 კივი; 3/4 ჭიქა ნესვი; 1 ჭიქა საზამთრო; ნახევარი გრეიპფრუტი; მესამედი ბანანი; ერთი ქლიავი; მესამედი მანგო; ნახევარი ჭიქა ხილის კოქტეილი გაზავებული წყლით.
ბურღულეული: ბრინჯი – მეოთხედი ჭიქა; შვრია – მეოთხედი; ქერი – მეოთხედი ჭიქა; პური – ერთი ნაჭერი.
ატკინსის დიეტის მესამე ეტაპზე თქვენ უნდა მიაღწიოთ სასურველ წონას. ამის შემდეგ გადადიხართ ბოლო, მეოთხე ეტაპზე – მუდმივი წონის შენარჩუნებაზე.
რობერტ ატკინსის ცილოვანი დიეტა – მეოთხე ეტაპი
ატკინსის დიეტის მეოთხე ეტაპზე თქვენ უნდა მიაღწიოთ სასურველ წონას და ფორმებს და შეძლოთ მიღებული შედეგების შენარჩუნება. ამ ეტაპზე აგრძელებთ დაბალნახშირწყლოვან კვებას, რომელიც უნდა დაიცვათ მთელი ცხოვრების მანძილზე. ატკინსის დიეტა მოითხოვს, რომ ნახშირწყლების მოხმარების ნორმა, რომელიც წინა ეტაპზე დავადგინეთ, მუდამ დავიცვათ. ატკინსის დიეტის მთავარი მიზანია შეინარჩუნოთ მიღწეული წონა. შეეცადეთ, რომ წონაში არ მოიმატოთ 2-3კგ.-ზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბრუნდით წონაში კლების წინა ეტაპებს.
ატკინსის დიეტის მეოთხე ეტაპზე, აუცილებელია შეარჩიოთ პროდუქტები მაქსიმალურად ნატურალური და სასარგებლო. მთავარი ყურადღება ცილებს და ცხიმებს უნდა მიექცეს. ნახშირწყლოვანი პროდუქტებიდან ამოირჩიეთ ისინი, რომლებსაც უფრო მეტი სარგებელი გააჩნიათ: ხილი, ბოსტნეული, კენკროვნები და ჩირეული, მარცვლოვანი და გაღვივებული მარცვლოვნები, თხილეული და რძის პროდუქტები. წინა ეტაპების დროს გაირკვა, რომელი პროდუქტები მოქმედებენ თქვენზე უარყოფითად, იწვევენ წონის დაგროვებას და წყლის შეკავებას. მოერიდეთ ასეთ პროდუქტებს, გათავისუფლდით არასასურველი კვებითი ჩვევებისაგან.
განსაკუთრებულ ყურადღებას ატკინსი უთმობს ფიზიკურ ვარჯიშებს. ის აღნიშნავს სპორტული აქტიურობის მნიშვნელობას ყველა ასაკში. დაბალნახშირწყლოვანი დიეტები ზრდიან ენერგიის დონეს, ამიტომ ვარჯიში სიამოვნებას და სიხარულს მოგანიჭებთ.
სრულყოფილი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად რეკომენდირებულია ვიტამინების კომპლექსების და ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მიღება. მთლიანობაში კი, ექიმი ატკინსი გვარწმუნებს რომ მისი დიეტის საშუალებით გავიუმჯობესებთ მდგომარეობას და სისხლის მაჩვენებლებს, ამასთან ერთად კი შევინარჩუნებთ კარგ აღნაგობას და ჯანმრთელობას მრავალი წლის განმავლობაში.

წყარო:https://mkurnali.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები