“თქვენ ხართ მე-13 თაობა, თქვენ წინ კი ხახადაღებული ცხოვრებაა” – რამაზ გიგაური ხელდასხმის შესახებ

ასტროლოგი და მწერალი, რამაზ გიგაური ხელდასხმის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“ხელდასხმის შესახებ
ძველ ეგვიპტეში „განდობის“ 12 საფეხური იყო.
მე-13 საფეხური იყო უმაღლესი ადეპტი და მას „სიკვდილი“ ერქვა. სწორედ ამას უკავშირდება ტაროს მე-13 არკანი „სიკვდილი“.
ადამიანი სიმბოლურად კვდებოდა და შემდეგ ასევე სიმბოლურად აღდგებოდა, ანუ „იბადებოდა“ ახალი ადამიანი.
ეს მეთოდი ბევრ რელიგიაში, სწავლებაში თუ მოძღვრებაში არის შესული.
მაგალითად, ძველად ხევსურეთში ეს იყო მოზარდის წაყვანა სანადიროდ და იქ კლდეებში ან სადმე სახიფათო ადგილას მისი მიტოვება (შეიძლება, მამას, ბიძას არ დაეტოვებინა, მაგრამ ემალებოდა, „ყუჩდებოდა“, თითქოს ვერ ხედავდა და აკვირდებოდა). მოზარდს უნდა გამოევლო ხიფათი, გამოევლინა სიმშვიდე, სიმტკიცე და უვნებლად დაბრუნებულიყო სოფელში. ზოგჯერ ეს იყო ნადირობაში მისი წინ გაშვება და მასზე დაკვირვება, ზოგჯერ იყო მოზარდის ბრძოლაში მონაწილეობა.
ეს მეთოდი ჰქონდათ ამერიკელ ინდიელებსაც, როდესაც ხიფათით, სახიფათო სიტუაციაში მოზარდის მონაწილეობა მისთვის ერთგვარი ნათლობა ხდებოდა.
პირადად ჩემთვის და ჩემი ძმისთვის იყო ტყეში ხეების მოჭრა და ხარებით მისი ჩამოთრევა. პაპის ჩვენზე ჩუმად დაკვირვება. სიყვარულით ან მკაცრად ნათქვამი სიტყვები. სიტყვები, როგორც ცეცხლი. სიტყვები, როგორც წყალი – წყალკურთხევის დღეს.
ეს იყო ხარების, როგორც აუცილებელი, მაგრამ საშიში ენერგიის მართვა. უზარმაზარი ენერგიის, რომელსაც სიყვარული და სიმკაცრე ერთნაირად სჭირდება. შიშით მათთან მისვლა ტრავმას ან სიკვდილსაც კი უდრის. ეს იყო საკუთარ თავში შიშის მოკვლა და სიყვარულის სწავლა. სიყვარულის, როგორც არსებული ნიჭის – განვითარება.
ეს განდობა, ხელდასხმა, „ნათლობა“ ზოგისთვის შეიძლება, იყოს ცხენზე ჯდომის სწავლა, ზოგისთვის ვენახის მოვლის სწავლა, ზოგისთვის ბიზნესის სწავლა, ზოგისთვის რა და ზოგისთვის რა.
ეს არის ბავშვიდან „დიდად“ გახდომა.
ობლები დიდებად იბადებიან ან პატარაობაშივე ხდებიან დიდები.
მათთვის უმამობა ან უდედობა – მასწავლებელი ხდება, ტკივილიანი მასწავლებელი და მათ მშობლის თუ ბებია-ბაბუის ნაცვლად პირდაპირ ცხოვრება ასწავლით. ცხოვრებას კი ემოცია არ გააჩნია, ამიტომ ბასრია.
13 – ეს არის არა „თარსი“, არამედ „სრული წესრიგის“ იქეთ არსებული „საშიში სივრცე“, რომელიც თორმეტისგან განსხვავებით არაფერზე არ იყოფა.
ანუ ან კვდები ან იმარჯვებ!
ასე რომ, თქვენს უკან 12 თაობა დგას, რომელიც თქვენზე გენეტიკურ გავლენას ახდენს, ანუ „გაკვირდებათ“.
თქვენ ხართ მე-13 თაობა, თქვენს წინ კი ხახადაღებული ცხოვრებაა.
დიახ, თქვენს უკან 12 თაობა დგას:
* 1 თაობა: 1 ადამიანი – თქვენ;
* 2 თაობა: 2 ადამიანი – თქვენი მშობლები;
* 3 თაობა: 4 ადამიანი – თქვენი ბებია-ბაბუა;
* 4 თაობა: 8 ადამიანი – თქვენი დიდი ბებია-ბაბუა;
* 5 თაობა: 16 ადამიანი – თქვენი წინაპრები;
* 6 თაობა: 32 ადამიანი – თქვენი წინაპრების მშობლები;
* 7 თაობა: 64 ადამიანი – თქვენი წინაპრების ბებია-ბაბუა;
* 8 თაობა: 128 ადამიანი – თქვენი წინაპრების დიდი ბებია-ბაბუა;
* 9 თაობა: 256 ადამიანი – თქვენი დიდი წინაპრები;
* 10 თაობა: 512 ადამიანი – თქვენი დიდი წინაპრების მშობლები;
* 11 თაობა: 1024 ადამიანი – თქვენი დიდი წინაპრების ბებია-ბაბუა;
* 12 თაობა: 2048 ადამიანი – თქვენი დიდი წინაპრების დიდი ბებია-ბაბუა;
* 13 თაობა: 4096 ადამიანი – თქვენი დიდი წინაპრების დიდი ბებია-ბაბუა.
სულ 8190 ადამიანი.
არ შეგეშინდეთ ცხოვრების!
თქვენ უკნიდან 8190 ადამიანი გაკვირდებათ.
თქვენ და თქვენი გენეტიკა. 1 და 8190.
არ შეგეშინდეთ. წინ მშვიდად და მტკიცედ იარეთ.
არა არის რა სიკვდილი!
იცხოვრეთ სიხარულითა და სიყვარულით.
არა შიშით, არამედ სიხარულითა და სიყვარულით!
ახლა კი ამოისუნთქეთ:
და თქვით:
მე მზად ვარ!
მე შემიძლია!
სიყვარულით,
რამაზ გიგაური”.

კომენტარები

სხვა სიახლეები