,,თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი” – ამ შეტყობინების შემდეგ ეს სტატია უნდა წაიკითხოთ!

“თქვენ დაგიმტკიცდათ სესხი”, “მიიღე ფული სახლიდან გაუსვლელად”, “სესხი 15 წუთში”, – ასეთ შეტყობინებებს მობილურით ლამის ნახევარი საქართველო ყოველდღიურად იღებს. ათასი პრობლემითა და საზრუნავით შეწუხებულ ადამიანს მოულოდნელად გამოჩენილ ფულზე უარის თქმა უჭირს… მით უმეტეს ადვილად ეგებიან ამ ანკესს ახალგაზრდები, ფულის დეფიციტს ასე ივსებს ბევრი ოჯახიც, რომელსაც პრობლემები არასდროს ელევა. შედეგად – უამრავი ოჯახი შემოსავლის, სახლ-კარისა და სიმშვიდის გარეშე რჩება.

ვინ არის მსხვერპლი

ონლაინსესხის მომხმარებელს ფული სასწრაფოდ სჭირდება. ამიტომ იძულებულია, კაბალური პირობებით აიღოს ვალი, რომელიც იმ წუთში მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ასეთ დროს ძნელია ადამიანს მოსთხოვო, წინასწარ იფიქროს ყველა დეტალზე, რომელიც ვალის გასტუმრების ვადის ამოწურვისთანავე დაუდგება. საქართველოში ინტერნეტსესხის მომხმარებლები ონლაინკაზინოებისა და აზარტული თამაშების მომხმარებლებიც არიან. მათ სათამაშო ფული სჭირდებათ და ვერ ფიქრობენ იმაზე, რა დღეში იგდებენ თავს. ინტერნეტსესხი კი “ეხმარება”, რომ კიდევ მეტი ფული წააგონ და გასასტუმრებლად ბევრად მეტი გადაიხადონ, ვიდრე ისესხეს. როგორც აღმოჩნდა, ამ ორგანიზაციების საქმიანობა პრაქტიკულად უკონტროლოა, შესაბამისი კანონის არარსებობის გამო თამაშის წესები თითქმის არ არსებობს. რას გვირჩევენ იურისტები?

სესხის დაფარვა

იურისტები აცხადებენ, თუ ონლაინსესხის ამღებს ხელი არა აქვს მოწერილი (ფიზიკურად ან ელექტრონულად) ხელშეკრულებაზე და ფულის გადახდას ვერ შეძლებს, ფულის გამსესხებელს მის წინააღმდეგ მყარი ბერკეტები არ აქვს. “მათ სასამართლოში მოქალაქის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრა ბევრად ძვირი უჯდებათ, ვიდრე გასესხებული თანხის ოდენობაა. ამიტომაც ფულის ამოღებას შანტაჟითა და დაშინებით ცდილობენ. მოკლედ, თუ შეგაშინებენ, გადაიხდით უპრეცედენტო პროცენტს, თუ ვერა, დაფარავთ ძირს”, – განმარტავენ იურისტები.

ლაშა სტურუა, იურისტი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებები და მოვალეობების” თავმჯდომარე: – სესხის მიმღებისთვის სავალდებულო პირობები მარტივი და მიმზიდველია. მომხმარებელს მხოლოდ მის მიერვე შერჩეული კომპანიის ვებგვერდზე მოცემული აპლიკაციის შევსება ევალება. მითითებულ კალკულატორზე უნდა აირჩიოს სასურველი თანხა და მისი გასტუმრების ვადა, დააჭიროს ღილაკს – “სესხის აღება”, შეავსოს რეგისტრაციის ველები და გაიაროს იდენტიფიკაცია.
მომხმარებელს, რომელიც ონლაინსესხით სარგებლობს, ყოველთვიურად 30-დან თითქმის 33%-მდე გადახდა უწევს, ხოლო წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის მოცულობა 392%-ია. მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიუხედავად, სოკოებივით მომრავლდა ონლაინსესხების გამცემი ორგანიზაციები, რომელთა საქმიანობა უკონტროლოა. საკმარისია საჯარო რეესტრში დარეგისტრირდე იურიდიულ პირად, რომ მაშინვე შეგიძლია წამოიწყო ეს საქმიანობა. შესაბამისად, ამ ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე, მოგებაზე, ჩამორთმეულ ქონებაზე ერთიანი ინფორმაცია არ არსებობს.

– ამ ორგანიზაციებს აქვთ უფლება, რომ ქონების დაყადაღება მოითხოვონ და ამ ფორმით ამოიღონ ვალი?
– ოფიციალურად არ არსებობს ინფორმაცია, თუ რა წესით აღასრულებენ ვალის ამოღებას. არ არსებობს მათთვის დადგენილი ერთიანი წესი და შესაბამისად, ვინც როგორ ახერხებს, ისე ცდილობს ვალის ამოღებას – შანტაჟით, დაშინებით, ნერვებზე თამაშით. ამასაც ვადგენთ კლიენტთა გამოკითხვით, თორემ ოფიციალური მონიტორინგი და სტატისტიკა არ არსებობს. ონლაინგამსესხებლებს აქვთ იგივე უფლება, როგორიც კერძო, მაგალითად, იპოთეკარებს, მევახშეებს და ა.შ. კლიენტთან გაფორმებული კაბალური ხელშეკრულებების, სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე. თუ ასეთი რამ, რა თქმა უნდა, არსებობს.

ანა ერთ-ერთი სტუდენტია, რომელმაც ონლაინკრედიტით ისარგებლა. გოგონამთავდაპირველად სესხი ერთი თვით, უპროცენტოდ აიღო და მალევე დაფარა, მაგრამ კვლავ დასჭირდა 450 ლარი. ვერ შეძლო მისი ერთ თვეში დაბრუნება და ვალის გადავადება ითხოვა, რისთვისაც დამატებით საკომისიო 90 ლარი უნდა გადაეხადა. ეს თანხა ვალის ძირს არ აკლდება. ერთ დღეს ვეღარც საკომისიოს გადახდა შეძლო. დღეები კვირებად იქცა… გოგონას ორგანიზაციიდან დაურეკეს, თქვენი საქმე პრობლემური სესხების იურიდიულ კომპანიას გადავეცითო, ტელეფონიც მისცეს, რომელზე დარეკვის შემდეგაც ანამ შეიტყო, რომ არა 450, არამედ 1.200 ლარი ჰქონდა გადასახდელი, თან დაემუქრნენ, თუ ვალს არ გაისტუმრებ, სასამართლოში გიჩივლებთო. ანას შეეშინდა, სასამართლოს უწყება მშობლებს გულს გაუხეთქავსო და მსესხებლებს სთხოვა, არ მინდა, ჩემებმა გაიგონ, რაღაცას მოვიფიქრებო. თუმცა, ვერაფერი მოიფიქრა, კომპანია კი ყოველდღე აშანტაჟებდა, თუ არ გინდა მშობლებმა გაიგონ, ფული გადაიხადეო. არადა, კანონით, კლიენტის საკრედიტო ისტორია კონფიდენციალურია და ინფორმაციის მესამე პირისთვის მიცემა, მით უფრო – შანტაჟი, რომ ვალის შესახებ სხვას ეტყვიან, დანაშაულია!

“მშობლებს რომ ენახათ სასამართლოს უწყება, გული გაუსკდებოდათ. ძლივს შევაკოწიწე რაღაც თანხა, დავურეკე ონლაინკომპანიას, რომლის ვალიც მქონდა და ვთხოვე, გადაგიხდით 450 ლარს, ცოტა მეტსაც, ოღონდ ე.წ. ვალების ამომღები კომპანია ჩამომაშორეთ-მეთქი. არავინ მომისმინა… ეს თანხა სრულად გადავიხადე. თუმცა, ვეჭვობ, რომ არ არსებობდა არანაირი ვალების ამომღები ორგანიზაცია. საქმე ერთსა და იმავე პირებთან ან ჯგუფთან მქონდა, რომელიც მხოლოდ ტელეფონით გირეკავს ან ინტერნეტში გწერს. არადა, თუ მათ ოფისებს დიდი ძებნის შემდეგ სადმე მიაგნებ (ძირითადად, სადარბაზოებსა და შენობის ლაბირინთებში აქვთ ოფისები) და მკაცრად შეეცდები შენი უფლებების დაცვას, მხოლოდ ვალის ძირი თანხის გადახდაზეც გთანხმდებიან. არ ვიცი რატომ, მაგრამ როგორც კი ხმაურს იწყებ, ცდილობენ, დაგაშოშმინონ, ძირითადი ვალი გაისტუმრე და დანარჩენს გპატიობთო. ასე ვინც მოიქცა, შედეგიც სასურველი მიიღო. სამწუხაროდ, ასეთ ორგანიზაციებთან მოქცევის წესები ბევრმა არ იცის, ისევე, როგორც მე არ ვიცოდი. ზოგიერთს შესაძლოა, მათი ოფისების მოძიება დაეზაროს, რადგან, ფაქტობრივად, ისინი იატაკქვეშ მუშაობენ და ჯადოქრის ინტუიცია გჭირდება მათ მოსაძებნად”, – ამბობს ანა.

ლიკა, 38 წლის:
– მე არა მცირე კომპანიებისგან, არამედ საკმაოდ სოლიდური ბანკებისგან მომივიდა მესიჯი, რომ დამიმტკიცდა სესხი. მაშინვე დავრეკე შეშფოთებულმა (იმდენი საშინელება მესმის გარშემო, კრედიტებს შორის გახვეული ადამიანების პრობლემებზე, მაქსიმალურად ვცდილობ, ბანკიდან სესხი არასოდეს ავიღო). ბანკში ოპერატორმა დაყენებული ხმით მაცნობა, თუ არ გინდა, პრობლემა არაა, ძალით კი არ გაძლევთო. მაგრამ რამდენჯერაც მას მერე ბანკომატთან მივედი ფულის ასაღებად, იმდენჯერ მხვდებოდა ახალ-ახალი ინფორმაცია დამტკიცებული სესხის შესახებ და რაც მთავარია, სესხის ოდენობა სულ იმატებდა… მე ამ ყველაფერში იმან შემაშფოთა, რომ უამრავი ადამიანია, ვისთვისაც ასე ცდუნებით და მეტისმეტად აგრესიული რეკლამით მიწვდილი სესხი მართლა სესხად იქცევა, ბევრი წამოეგება ამ მახეს და ისედაც გაჭირვებულ საქართველოში, სადაც ლამის ყველა ოჯახი ბანკის ვალებშია ჩაფლული, კიდევ მეტი უბედურებები დატრიალდება. ამ ეკონომიკურ კრიზისში, მე მგონი, მხოლოდ ბანკებმა და მსგავსმა საკრედიტო კომპანიებმა იხეირეს და გაჭირვებულ ხალხზე “გამდიდრდნენ”. მაგრამ მაინც არ ჰყოფნით – კიდევ მეტი და მეტი უნდათ, პირდაპირ გვტენიან ამ თავიანთ სესხებს და გვაიძულებენ, მათ ხაფანგში გავებათ… რატომ არავინ იღებს ხმას, არ მესმის, რატომ აძლევს სახელმწიფო ასეთ თავისუფლებას ბანკებს, რომლებსაც ისედაც, როგორც ვიცი, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე მაღალი პროცენტები და ყველაზე კაბალური პირობები სწორედ საქართველოში აქვთ. ნუთუ არ რცხვენია ამ ხალხს ისედაც გასაცოდავებული ხალხის თვალებში ჩახედვის?..

…ერთი სიტყვით, როცა სახელმწიფო ვერ გიცავს, ისღა დაგრჩენიათ თავი შორს დაიჭიროთ ასეთი შემოთავაზებებისგან. გახსოვდეთ, რომ იოლი ფული რთულ პრობლემად იქცევა. ნუ მისცემთ საშუალებას, გაგატყაონ და დიდი ხნით მოიკალათონ თქვენს ჯიბეში.

ყარო:http://www.mshoblebi.ge/

კომენტარები

სხვა სიახლეები