თუ ბავშვი ტირის – 10 ფრაზა, რომელიც მსგავს სიტუაციაში დაგეხმარებათ

როდესაც ბავშვი ძალიან პატარაა, ტირილი მისთვის სხვებთან საკომუნიკაციოდ ერთადერთი შესაძლებლობაა. გარკვეული დროის შემდეგ იწყებს სიარულს, შემდეგ – საუბარს და რატომღაც, მოლოდინი გვაქვს ხოლმე, რომ ემოციებს ისე გამოხატავს, როგორც ზრდასრული ადამიანი. თუმცა, ეს ასე არ არის.

სკოლამდელი ასაკის ბავშვები ყოველთვის იმის გამო არ ტირიან, რომ რაღაც სწყინთ. ეს არის ხერხი, რომ სხვადასხვა ემოცია გამოხატონ. ბავშვების ფსიქიკა ამ ასაკში არასრულფასოვანია და როცა ბრაზდებიან, ეშინიათ, იმედი უცრუვდებათ, ღელავენ რაღაცაზე, უკრძალავენ – ცრემლები ბუნებრივი რეაქციაა. მას შეიძლება არც ესმის ზუსტად რას გრძნობს და სიტყვებით
ვერ გამოხატავს. ამიტომ, როცა ვეკითხებით “რა გჭირს”, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ერთ პასუხს ვერ ამბობს.

როცა ბავშვს ვეუბნებით “არ იტირო”, ეს ორ რამეს ნიშნავს: პირველი, რომ არ გვესმის ან არ გვინდა მისი ემოციების გაგება და მეორე, რომ მისი ემოციები მნიშვნელოვანი არ არის. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ როცა მსგავს ფრაზებს ვეუბნებით, უარესად იწყებს ტირილს.
ჩვენი მიზანია, პატარას ემოციების დარეგულირებაში დავეხმაროთ. ყველაზე კარგი კი, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, თანაგრძნობის გამოხატვაა.
არის კიდევ სხვა გზა, რასაც მშობლები ყურადღების გადასატანად იყენებენ, რომ ბავშვმა ტირილი შეწყვიტოს. მაგალითად, “შეხედე, რა ხდება ქუჩაში”, “შენი სათამაშო რას აკეთებს?”, “სად გაქვს შენი ბურთი?” ყურადღების გადატანა საუკეთესო სტრატეგია არაა, რადგან ბავშვი ასე ვერასდროს ისწავლის, როგორ გაუმკლავდეს
ზოგიერთ ემოციას.

დიახ, თუ თქვენი შვილი სათამაშოს გამო ნერვიულობს, უმჯობესია, სხვა აიღოთ და მისცეთ. მაგრამ, თუ ის იმის გამო ტირის, რომ ფეხსაცმლის ჩაცმაში დაეხმარეთ იმის ნაცვლად, რომ უფლება მიგეცათ, დამოუკიდებლად ჩაეცვა, ამ დროს ყურადღების გადატანა არ ღირს. უნდა მივცეთ შესაძლელობა, გამოხატოს ბრაზი, ემოცია, რომ მომავალში მასთან გამკლავება ისწავლოს.
შემდეგ ჯერზე, როდესაც თქვენი შვილი კვლავ დაიწყებს ტირილს, ეცადეთ, ერთი წუთი გამოყოთ და დამშვიდდეთ. თუ თქვენც ძალიან გაბრაზდით, დიდი შანსია, რომ სიტუაცია გააუარესოთ. ამიტომ, ერთი-ორჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ და დამშვიდდით. როცა მზად იქნებით, შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს მარტივი ფრაზები:

შენ გვერდით ვარ და მზად ვარ, დაგეხმარო
მაშინაც კი, როცა ბავშვი გეუბნებათ, რომ არაფერში სჭირდება თქვენი დახმარება, მაინც სასიამოვნო იქნება იმის ცოდნა, რომ მხარს უჭერთ.

ვხედავ, როგორ გიჭირს
ესაა მარტივი სიტყვები, რომელიც ცხდყოფს, რომ ბავშვს უსმენთ და მისი ემოციების გაგება შეგიძლიათ.

მესმის, რომ გაბრაზებული/ იმედგაცრუებული/ შეშინებული/ შეშფოთებული ხარ და ეს ნორმალურია
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ განსხვავებული ემოციების გამოხატვა ნორმალურია და ესაა ის, რაც ადამიანებად გვაქცევს.

საწყენი იყო/ მესმის, იმედგაცრუებული ხარ…
მსგავსი ფრაზები დაგეხმარებათ, რომ ამოიცნოთ ემოცია და ბავშვმაც გააცნობიეროს, რატომ ტირის.

მოდი, შევისვენოთ
თუ ბავშვი ძალიან დაიღალა ან აღელვებულია და ამიტომ ტირის, მას სჭირდება გარკვეული დრო, რომ თავისთვის დაჯდეს, დამშვიდდეს და მხოლოდ მას შემდეგ დაუბრუნდეს იმას, რასაც აკეთებდა.

მიყვარხარ, ჩემთან უსაფრთხოდ იქნები
როცა ბავშვს ეშინია, ნერვიულობეს, მშობელთან კონტაქტი სჭირდება. ჩაეხუტეთ, მოეფერეთ და უთხარით, რომ მის გვერდით ხართ და მზად ხართ, დაეხმაროთ.

ჩემი დახმარება გჭირდება? გინდა კიდევ ერთხელ ვცადოთ?
როდესაც ბავშვი იმედგაცრუებისგან ტირის, ან რაღაც არ გამოსდის, მსგავსი შეკითხვებით აჩვენებთ, რომ თქვენთვის მისი ემოციები მნიშვნელოვანია და მზად ხართ, მოტივაცია მისცეთ.

მესმის შენი, მაგრამ ვერ ვიგებ, რა გინდა. დამეხმარე, რომ გავიგო
თუ ბავშვი თავიდანვე ვერ ხსნის, რატომ ტირის, ის აუცილებლად გამოიყენებს ამ შანსს.

მახსოვს, როცა შენ კარგად იყავი
როდესაც თქვენს შვილს ახსენებთ იმ მომენტებს, როცა ბედნიერი იყო, იწვევთ ემოციას, რომ ახლაც გაუმკლავდეს პრობლემას.

მოდი, ერთად მოვიფიქროთ, როგორ გავაკეთოთ უკეთესად
საბოლოო ჯამში, ჩვენ გვინდა დავეხმაროთ ბავშვს, ნებისმიერ ემოციას დაუმეგობრდეს და მათთან გამკლავების გზები იპოვნოს. ამიტომაც, ეცადეთ, იყოთ მხარდამჭერი და თანამგრძნობი, როდესაც ის ტირის.

წყარო: https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები