თიკა ჯამბურია: ხელი რომ გავაწერეთ ორივემ ვიტირეთ

14 წლის ასაკში შეუყვარდა. 18 წლის გათხოვდა. ფეხმძიმედ იყო ქმარს რომ გაშორდა. მიზეზი მესამე იყო. ხელის გაწერის დღეს ორივე ტიროდა, ეს იყო დიდი სიყვარულის დაკარგვით გამოწვეული ემოცია.

ახლა მარტოა. თვლის, რომ ჯერ მისთვის ოჯახი ადრეა. რომ, ჯერ შვილსა და საკუთარ კარიერას უნდა მიხედოს.

როდის დამთავრდა ბავშვობა თიკა ჯამბურიასთვის და რომელი იყო ყველაზე ბედნიერი დღე მომღერლის ცხოვრებაში, ჩემი რესპონდენტი თავად გიამბობთ.

– 12-13 წლის ასაკში დავიწყე გაპრანჭვა. მანამდე ზედმეტად ცელქი ვიყავი, ალქაჯი გოგო. უცებ გავხდი პრანჭია, მომინდა ქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა, მაკიაჟის გაკეთება. ჩემ დას ყველა ქუსლიანი ფეხსაცმელი გავუფუჭე. მაკიაჟს ბავშვობიდან მივეჩვიე, ეს ტელეეკრანისა და სცენის დამსახურება იყო. თუმცა ჩემი პროდიუსერი, ნატო დუმბაძე ცდილობდა ბავშვური იერი შემენარჩუნებინა და ზედმეტი „მეიქაფი“ არ მქონოდა.
– პირველი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება…
– დამოუკიდებელი ვიყავი ყოველთვის. არ მყავს ზედმეტად მკაცრი მშობლები. მინდოდა მალინისფრად შევიღებავდი თმას და ამაზე არავინ არაფერს მეტყოდა. 9 წლის ასაკში მარტო გავფრინდი ვენაში და იქიდან გერმანიაში გადავფრინდი ჩემ დასთან. დედის დამსახურებაა დამოუკიდებელი რომ ვარ. არასდროს აგვარებდა ჩემ საქმეებს ჩემ ნაცვლად. ტელეფონზეც კი არავის დაურეკავდა ჩემ მაგივრად.
– შენს ოთახსაც თავად აწესრიგებდი?
– ვერ მოგატყუებ, ამაში განებივრებული ვყავდი დედას. თუმცა, როცა ოჯახი შევქმენი და ცალკე გადავედი საცხოვრებლად, ყველაფერს თავად ვაკეთებდი. ძალიან მოწესრიგებული ვიყავი ამ მხრივ. ჩვენთან, ჩემ დიდი ოჯახში, დედაა ის ადამიანი, ვინც ყველა ნივთის ადგილმდებარეობა იცის. ეტყობა დედისგან გამომყვა ეს ნიჭი. ჩემ ოჯახში ზუსტად ვიცოდი სად რა იდო. ახლა მხოლოდ ჩემი და ნინას ტანსაცმლის მოწესრიგება მევალება.
– ბექა არ გეხმარებოდა, როცა ერთად ცხოვრობდით?
– კი, როგორ არა, ვინაწილებდით საქმეს. მაგ მხრივ პრობლემა ნამდვილად არ გვქონია, ერთმანეთს ვეხმარებოდით ყველაფერში.
– თიკა, როდის მიხვდი, რომ ბავშვობა დამთავრდა?
– მაშინ, როცა მამა დაიჭირეს. ეს ყველაფერი ჩემ თვალწინ მოხდა და მერეც ძალიან მძიმედ აისახა ჩემზე. დაიწერა სტატიები, გაკეთდა სიუჟეტები, წერდნენ, რომ თიკა ჯამბურიას მამა დააკავეს. მაშინ 12 წლის ვიყავი. ამ ყველაფერმა ძალიან იმოქმედა ჩემზე.
– სახლიდან აიყვანეს?
– არა მანქანაში ვისხედით. მე წინ ვიჯექი და უკან გადმომსვეს. ჩაგვიჯდნენ მანქანაში და წაგვიყვანეს… არ მიყვარს ამ თემაზე ლაპარაკი… ვერც აგიხსნი როგორი ძვირფასია მამაჩემი ჩემთვის, ძალიან მიყვარს. დღესაც ვინმე არასასიამოვნო ტონით რომ მკითხავს, მამაშენი ყოფილი პოლიციელი არ არისო, რქები ამომდის, ჩვეულებრივი ბიჭი ვხდები. სამაგალითოა ჩემთვის მამაჩემი, ის არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე ბევრს მიაღწია, ბოლოსდაბოლოს გენერალია. შორს წავედი, მამა რომ დააკავეს მაშინ მივხვდი, რომ დამთავრდა უდარდელი, ბავშვური წლები, რომ ძლიერი უნდა ვყოფილიყავი და საღი გონებით შემეხედა ცხოვრებისთვის. დამთავრდა კიკინიანი გოგოს ასაკი, სერიოზული გავხდი, დავიწყე ფიქრი ოჯახზე, იმაზე, რომ უკვე დიდი გოგო ვარ.
– მანქანაში მარტო იყავი მამასთან როცა ეს ამბავი მოხდა?
– არა, დედაც ჩვენთან ერთად იყო.
– დიდხანს გაგრძელდა უმამობა?
– ერთი წელი. თავიდან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მივიღე. იმ პერიოდში ჩემი და გერმანიაში ცხოვრობდა და მასთან წავედი.
– შეიძლება მიზეზი გკითხო, რატომ დააკავეს მამა?
– მიშას დროს ხალხს უაპელაციოდ რომ იჭერდნენ, ეს პერიოდი იყო. მეტის თქმა ამ თემაზე არ მინდა.
– მუშაობა რა ასაკში დაიწყე?
– ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, რადიოში წამყვანად რომ დავიწყე მუშაობა. პროფესიით მიუზიკლების მსახიობი ვარ. მუსიკისა და დრამის ფაკულტეტი დავამთავრე. სამწუხაროდ, საქართველოში ეს სფერო განვითარებული არ არის, არ გვაქვს თეატრი, სადაც ამ პროფესიის ადამიანები დაკავდებიან. მუსკომედიაა მხოლოდ და იქაც დრამის მსახიობები თამაშობენ. ამიტომ ოცნებად მაქვს გერმანიაში ან ამერიკაში გავაგრძელო მოღვაწეობა.
– მშობლებიდან ვინ უფრო მკაცრია შენთან?
– დედა. მამასთან უფრო ვმეგობრობ. თუმცა, როცა მამასთან მაქვს კონფლიქტი, მამასთან ვმეგობრობ, როცა მამა მიბრაზდება – დედასთან.
– რომელთან უფრო გულახდილი ხარ?
– დედასთან. მამასი ცოტა მერიდება, ყველა თემაზე ვერ ველაპარაკები.
– როცა პირველად შეგიყვარდა რომელს უთხარი?
– ორივეს. მე და ბექას ისეთი ურთიერთობა გვქონდა, ამას უბრალოდ ვერც დამალავდი. ერთმანეთის ოჯახებში დავდიოდით. ბექას დედა, ხათუნა კარგად იცნობდა ჩემ მშობლებს. ასე რომ, ორივემ კარგად იცოდნენ ჩვენი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.
– მაშინ რამდენი წლის იყავი?
– 14-ის. და ყველას უკვირდა, ერთმანეთის სახლებში როგორ დადიან და ამას რატომ არ აპროტესტებთო, ეუბნებოდნენ დედაჩემს. ქუჩა-ქუჩა სიარულს მირჩევნია ჩემ გვერდით იყვნენ და ვხედავდეო, პასუხობდა დედა. თან უკვე გადაწყვეტილი გვქონდა მეც და ბექასაც, რომ ოჯახი უნდა შეგვექმნა.
– ასეთი ნალოლიავები შვილი ცალკე როგორ გაგიშვეს მშობლებმა?
– 18 წლისები ვიყავით ცალკე რომ გადავედით მე და ბექა. ძალიან ხშირად მოდიოდნენ ჩემებიც, ბექასებიც. თან იმ პერიოდში ჩავაბარე და ფაქტიურად დილიდან საღამომდე ინსტიტუტში ვიყავი. მამამ კი ინერვიულა, მთხოვა, ჯერ ჩააბარე და მერე გათხოვდიო. ასეც მოვიქეცი, დავუჯერე.
– ის არ უთქვამს, რომ 18 წლის ასაკში გათხოვება ნაადრევი იყო?
– აზრი აღარ ჰქონდა (იღიმება).
– 2 წელი იცხოვრეთ ერთად, თანაცხოვრების რომელი ეტაპი იყო ყველაზე რთული?
– მე და ბექა 4 წელი შეყვარებულები ვიყავით. ფაქტიურად ყველა ეტაპი გავლილი გვქონდა. ერთად არ გვეძინა მხოლოდ, თორემ ხუთი თითივით ვიცნობდით ერთმანეთს. დაგვემატა მხოლოდ კომუნალური გადასახადები (იცინის).
– რამ გააჩინა ბზარი თქვენს ურთიერთობაში?
– „პრაიმტაიმის“ ჟურნალისტი არ ხართ? თქვენი ბრალია ის, რომ მთელმა საქართველომ იცის ჩემი და ბექას დაშორების მიზეზი. როცა ჟურნალისტები მირეკავდნენ და დაშორების მიზეზს მეკითხებოდნენ, არ ვამბობდი არაფერს. ამის მიზეზი იყო ჩემი შვილი, ნინა, რომელიც როცა დიდი გოგო გაიზრდება გაიგებს, რომ არსებობდა ერთი გოგო, რომლის გამოც დაინგრა მისი მშობლების ოჯახი. ზუსტად ვიცი ნინა გაიზრდება და მისკენ თითს გამოიშვერენ, იტყვიან ეს ის გოგოა, ვის მამასაც ვიღაც გოგოსთან გააბა რომანი. ეს არ მინდოდა. თუმცა, თქვენმა გაზეთმა ისე გაქექა ეს ამბავი, გოგოს მეუღლეც კი იპოვნეს… თვითონაც ბვერი რამ გავიგე თქვენი გაზეთიდან. ჟურნალისტებსა და ხალხს რომ არ გაექექათ ეს ამბავი, ჩვენ ძალიან მშვიდად, წყნარად დავამთავრებდით ყველაფერს. დღეს მე და ბექას ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს.
– ბოდიში იყო?
– კი, ბვერჯერ.
– პატიება ვერ შეძელი?
– ძალიან მარტივად ვაპატიებ, უბრალოდ ახლა ვფიქრობ, რომ არ არის ის დრო, რომ ისევ ოჯახი მქონდეს. ახლა საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნო, ნინაზე და კარიერაზე, რომ უფრო მყარად დავდგე ფეხზე. ჯერ ქმარი არ მინდა.
– 18 წლისას გინდოდა და ახლა აღარ?
– (იღიმება). გავიზარდე და მივხვდი, რომ ჯერ საკუთარ თავს უნდა მივხედო და მერე ოჯახს.
– 4 წელია შენ და ბექა ერთად აღარ ხართ. ამ ხნის განმავლობაში არავინ გამოჩენილა შენ ცხოვრებაში ვისთან ურთიერთობაზეც იფიქრებდი?
– ბევრი გამოჩნდა, მაგრამ არავინ ისეთი არ იყო, ვიზეც დავფიქრდებოდი. ერთი მეორეზე უარესები არიან (იცინის). აღარ მინდა კიდევ ვიღაცაზე ვინერვიულო, ნერვები ვიშალო, კიდევ ვიღაცამ მაეჭვიანოს.
– რას უწუნებ შენ თაყვანისმცემლებს, ერთი მეორეზე უარესები არიანო, რომ ამბობ?
– თავზე დიდი წარმოდგენა რომ აქვთ, იმას. რატომღაც ყველას ჩემთან ემართებათ ეგ, ჩემთან ურთიერთობის პერიოდში ამბიციურები ხდებიან. მოგეხსენებათ, ყურადღების ცენტრში ვარ, ხალხი მცნობს, როგორც კი ამას ხედავენ მამაკაცები, საკუთარი თავის პიარს იწყებენ. ამ ყველაფერზე ისე ვღიზიანდები, მეორე დღეს მისი დანახვაც არ მინდა. არ მომწონს უსაქმური მამაკაცები, დედიკოებისა და მამიკოების ჯიბით რომ ცხოვრობენ, ისევ 90-იან წლებში რომ არიან ჩარჩენილები და ისევ ბაბულიკობენ.
– როგორ გგონია, კომპლექსიანები არიან ქართველი მამაკაცები?
– ასეა. არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, სხვის სახელს რომ ეფარებიან, რომ რამეს წარმოადგენდნენ.
– შენ რისი კომპლექსი გაქვს?
– წონის კომპლექსი მაქვს, ეს უკვე ყველამ იცის.
– რას მეტყვი შენი ხასიათის თვისებებზე, რა მოგწონს და რა არ მოგწონს შენში?
– არ მომწონს ის, რომ… „პოხუისტკა“ როგორ არის ქართულად?
– ფეხებზე მკიდია.
– ფეხებზე არ მკიდია, უყურადღებოც არ ვარ, უბრალოდ ზედმეტად არ ვნერვიულობ იმაზე რაც სანერვიულოა. ეს ბევრი ნერვიულობის მერე გამომიმუშავდა. საერთოდ აღარ ვნერვიულობ. კიდევ ადამიანებზე ზედმეტად გადაყოლა ვიცი და მერე ძალიან ცუდად მიბრუნდება. კიდევ უაზროდ ვხარჯავ ბევრ ფულს, სისულელეებში. ჩემთვის დანაზოგი უბრალოდ არ არსებობს.
– სულ უარყოფითი თვისებები ჩამოთვალე, დადებითი არაფერი გითქვამს, ცუდი გოგო ხარ?
– არა, ცუდი გოგო არ ვარ. ერთგული ვარ, მეგობრული, შრომისმოყვარე, თბილი. ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ ძლიერიც ვარ, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. გულჩვილი ვარ, ხშირად ვტირი.
– ბოლოს როდის იტირე?
– გუშინწინ? მეგობრისგან რაღაც მეწყინა და… ყველაფერზე შემიძლია ვიტირო, ასე მგონია, ღილაკზე მაქვს ცრემლები, ოღონდ არ არის ეს თამაში. მართლა მწყინს და ამიტომ ვტირი.
– შენთვის ყველაზე ბედნიერი და მტკივნეული დღე გაიხსენე.
– ბედნიერი დღე რა თქმა უნდა ნინას დაბადება იყო. მტკივნეული დღე არ მახსენდება.
– განქორწინება?
– არ ყოფილა მტკივნეული, ჩვეულებრივი დღე იყო, მივედით და გავაწერეთ ხელი ფურცელზე.
– არ მითხრა, რომ უემოციო იყო ეს ყველაფერი შენთვის.
– არა, მაგას ვერ გეტყვი. ორივემ ვიტირეთ, ვიტირეთ ალბათ იმიტომ, რომ ემოციური იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის. ამდენწლიანი ურთიერთობა ასე უცებ რომ დავანგრიეთ.
– ამ გადმოსახედიდან როგორ ფიქრობ, ცხელ გულზე მიიღე გადაწყვეტილება?
– არა. გავაანალიზე, დავგეგმეთ ხელის გაწერის დღე, მივედით და გავაწერეთ. ზოგადად მიმიღია ცხელ გულზე გადაწყვეტილება და ხშირად ამის გამო მინანია კიდეც.
– წეღან კომპლექსებზე ვსაუბრობდით. ერთ-ერთ ინტერნატსაიტზე ვნახე შენი გულახდილი ფოტოები, როგორ დაგითანხმეს ფოტოსესიისთვის. რუბრიკას ჰქვია „საცვალი და…“
– დამპირდნენ, რომ უფრო ჩაცმული ვიქნებოდი, ვიდრე დანარჩენები. ასეც მოხდა, საცვლებში ნამდვილად არ გადამიღია ფოტო. რამდენჯერაც გამხადეს, იმდენჯერ ჩავიცვი. აქ არ იყო მხოლოდ წონის კომლექსი, გამხადრიც რომ ვყოფილიყავი არ გადავიღებდი. კოლჰოტში და პერანგში გადამიღონ, რატომაც არა. საცვლებში რა საჭიროა?
– „პროფილში“ გამოაჩინე მეგობარი, თემო ჟღენტი, რომელიც ყველას შენი შეყვარებული ჰგონია. რატომ გაჩნდა ეს ეჭვი?
– თემომ გადაცემაში იხუმრა, რომ ვუყვარვარ და ალბათ ამის გამო. მე და თემო 7 წელია ვმეგობრობთ. ძალიან მაგარი ბიჭია, ყველას ვუსურვებ ასეთ მეგობარს გვერდით. ფლირტიც კი არასდროს გვქონია.
– თიკა ახლა რას აკეთებ?
– ვმუშაობ კომპანია „დეშელში“, ერთ-ერთი ბანკის ბანკის წარმომადგენელი ვარ.
– აღარ მღერი?
– სად ვიმღერო? ყველაზე მეტად მინდა ვმღეროდე, მაგრამ სად?
– ცოტა ხნის წინ ცეკვაც სცადე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“. გაკრიტიკებდნენ სოციალურ ქსელში, რამხელაა, რატო ცეკვავსო, წერდნენ. როგორ რეაგირებდი ამაზე?
– არანაირად. მე ხომ „პოხიუისტკა“ ვარ (იცინის).

წყარო: primetimenews.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები