თბილისის ზოოპარკში ხუჭუჭა კოზაკი დაიბადა (ფოტო)

თბილისის ზოოპარკში მატებაა – ცხოველების დიდ ოჯახს ხუჭუჭა კოზაკი შეემატა. ამის შესახებ ზოოპარკის ადმინისტრაცია Facebook–ის ოფიციალურ გვერდზე წერს და ფოტოსაც აქვეყნებს:

“წელს პირველი პირველი აპრილია ბოლო წლების განმავლობაში, როცა არაფერს გატყუებთ. ისედაც დაძაბულია ხალხი და შეიძლება, ვინმეს ეთქვა, რა დროს ტყუილები და მასხრობააო, ამიტომ, ტრადიციული ცრუპენტელობის ნაცვლად, კარგ ნამდვილ ამბავს გახარებთ.

ზოოპარკში უსაყვარლესი, ხუჭუჭა კოზაკი გაგვიჩნდა. ნამდვილად გაგვიჩნდა. და არც სამი კუზი აქვს, არც რქა და არც ხმალკბილა ვეფხვისნაირი კბილები. ცოტა მინჯღრეულ-მონჯღრეულია, როგორიც უნდა იყოს-კიდეც ახალშობილი აქლემი, ანუ, ძალიან გრძელი ფეხები აქვს და ფეხებთან შედარებით მომცრო, კუზიანი ტანი, მაგრამ აქლემური ესთეტიკური საზომით და ჩვენი შეფასებითაც – უმშვენიერესია.

როგორ აღმოჩნდნენ ჩვენთან დრომედარები, ანუ ერთკუზიანი აქლემები?

ცოტა ხნის წინ, საპროდიუსერო კომპანია სტუდია „სარკემ“ Sarke Studio საერთაშორისო წარმოების ერთ-ერთი ფილმის გადაღებებისთვის ყაზახეთიდან 5 აქლემი ჩამოიყვანა. ცხოველების ტრანსპორტირების რთული და სახლაფორთო პროცედურები სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency-ს ვეტექიმების დახმარებით განხორციელდა.

სამსახიობო ნიჭითა და ოსტატობით კუზებგამოტენილმა აქლემებმა გადასარევად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას – მეტად დამაჯერებლად შეასრულეს აქლემების როლი ფილმში, შემდეგ კი, ოსკარების მოლოდინში, თბილისის ზოოპარკში დასახლდნენ. ახალი საცხოვრებელით კმაყოფილებმა მალევე გადაწყვიტეს, ამ კარ-მიდამოს ბავშვების სიცილ-კისკისი ნამდვილად მოუხდებაო და შედეგმაც არ დააყოვნა – ფილმის დიდ ეკრანებზე გამოსვლამდე, პირველი ბიჭიც გააგორეს.

გაგვიხარდა ძალიან. იმედია, თქვენც გაგაღიმეთ ცოტა”, – ნათქვამია პოსტში.

კომენტარები

სხვა სიახლეები