თბილისის ზოოპარკის სპილოს ოპერაციას BBC გადაიღებს

„სპილო „გრანდის“ გადასარჩენად ურთულესი ოპერაციის ჩატარება უკვე მეორედ გვიწევს” – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და ოპერაციის მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.
ამასთან, გურიელიძე ამბობს, რომ ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ოპერაციის შემდეგ ვერ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება.
“სპილო „გრანდის“ გადასარჩენად ურთულესი ოპერაციის ჩატარება უკვე მეორედ გვიწევს. საფრთხეები კვლავაც არსებობს. ასეთი მძიმეწონიანი ცხოველის ანესთეზიის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნა ძალზედ სარისკოა. ხშირად ისეც ხდება, რომ ოპერაციის შემდეგ ვერ ხერხდება სპილოს ანესთეზიიდან გამოყვანა და ცხოველი იღუპება. ოპერაციისთვის მაქსიმალურად მოვემზადეთ, მოწვეული გვყავს მსოფლიოში ცნობილი, გამოცდილი ვეტექიმი და ანესთეზიოლოგი. საოპერაციო ტექნიკურად შესაბამისადაა აღჭურვილი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ ამ თემით მსოფლიოში უმსხვილესი სამაუწყებლო კორპორაცია, ველურ ბუნებაზე გადაღებული საოცარი დოკუმენტური სერიალების ავტორი, BBC დაინტერესდა, რომელიც თბილისის ზოოპარკის სპილოს ისტორიას მთელ მსოფლიოს გააცნობს. იმედია, ყველაფერი გართულებების გარეშე ჩაივლის და გრანდი საბოლოოდ გამოჯანმრთელდება“, – აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.
აღსანიშნავია, რომ თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო „გრანდს“ ეშვის ამოღების ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდება.
„ბი-ბი-სი“ (BBC) ახალ სერიალში „დიდი ცხოველების ოპერაციები“ (Big Animal Surgery) გრანდის ისტორიას ერთ სრულ ეპიზოდს დაუთმობს.
31 ოქტომბერს დაგეგმილი ოპერაციისთვის თბილისში სამხრეთ აფრიკიდან ცნობილი ვეტექიმი გერჰარდ სტინკამპი (Gerhard Steenkamp) და ანესთეზიოლოგი ადრიან ტორდიფი (Adrian S.W. Tordiffe) ჩამოვლენ.
თბილისის ზოოპარკის საგანმანათლებლო ცენტრში 30 ოქტომბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე ჩატარდება პრესკონფერენცია, სადაც მედიის წარმომადგენლები დაწვრილებით ინფორმაციას მიიღებენ ოპერაციისა და გაშუქების რეგულაციების შესახებ.
ოპერაციისთვის საქართველოში ჩამოვიდა თბილისის ზოოპარკის მენტორი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციიდან“ (EAZA), მარიო ჰოედმეკერი (Marjo Hoedemaker).
თბილისში იმყოფება BBC-ს გადამღები ჯგუფიც.
ამჟამად ზოოპარკში საოპერაციო ვოლიერის მოწყობისა და ტექნიკური აღჭურვის სამუშაოები მიმდინარეობს.
აზიური მამრი სპილო „გრანდი“ ერევნის ზოოპარკიდან 2014 წელს უკვე მოტეხილი ეშვებით ჩამოვიდა. ამ მდგომარეობაში ცხოველის დიდი ხნით დატოვება, დროთა განმავლობაში, მის დაღუპვას გამოიწვევდა.
სწორედ ამიტომ, სპილოს ჯანმრთელობისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, ოპერაციის გაკეთება და მოტეხილი ეშვების ამოღება გადაწყდა.
პირველი ოპერაცია „გრანდს“ 2014 წელს ჩაუტარდა. ოპერაცია გართულდა და ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსული სპილოს წამოყენება მრავალსაათიანი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.
აღსანიშნავია, რომ ოპერაციას დამთვალიერებლები ზოოპარკის ტერიტორიაზე დამონტაჟებული მონიტორის საშუალებით თვალყურს მიადევნებენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები