ვინ გადაარჩინა დაწვისგან ქრისტეს გვირგვინი ნოტრ-დამში

იცოდით, რომ მეხანძრეთა ჯგუფში არის დანაყოფი, რომელიც ხანძრის დროს არტეფაქტებისა და რელიკვიების გადასარჩენად იბრძვის?! სწორედ ასეთი მეხანძე-მაშველია ჟან მარკ ფურიერი, რომელსაც ალმოდებულ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ერთი და ყველაზე რთული მისია ჰქონდა – გადაერჩინა ორი ფასდაუდებელი არტეფაქტი, ქრისტეს გვირგვინი და სამსჭვალი. ქრისტეს გვირგვინი ეს არის დაწნული ეკალი, რომელიც ქრისტეს ჯვარცმის წინ თავზე დაადგეს, როგორც მეფის გვირგვინი. გვირგვინი, თავდაპირველად, ბიზანტიაში ინახებოდა, თუმცა, ჯვაროსნული ომების შემდგომ, საფრანგეთში გადაინაცვლა.
ქრისტეს სამსჭვალი  — ლურსმანი, რომლითაც იესო ქრისტე იყო გაკრული ჯვარზე. ქრისტიანულ სამყაროში დაობენ, თუ რამდენი სამსჭვალი იყო გამოყენებული ქრისტეს წამებისას.
ჟან მარკ ფურიერი ურთულესი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. მას ალმოდებული ღვთისმშობლის ტაძრის საცავიდან, რომელიც საგულდაგულოდ იყო ჩაკეტილი, დაუზიანებლად უნდა გამოეტანა არტეფაქტები.
„ჩვენ არ გვქონდა კოდები, იმ კრიტიკულ მომენტში ისიც კი შეუძლებელი იყო, რომ მოგვეცადა მათთვის, ვისაც ეს ინფორმაცია ჰქონდა. მაშინ, როდესაც ცეცხლი ნოტრ-დამის სამრეკლოს მოედო და სრულად ჩამოაქცია, ეკლესიის მცველმა მოირბინა ჩვენთან ფურცელზე დაწერილი კოდით. ღვთის მადლით, გაგვიმართლა“, – აღნიშნა მეხანძრემ CNN-თან საუბარში.
სამრეკლოს ჩამოქცევის შემდგომ, ჭერიდან მწველი ნაკვერჩხალი და ნამსხვრევებს ცვიოდა. ტაძრის საცავის გახსნის შემდეგ ფურნიემ აღმოაჩინა ქრისტეს გვირგვინი და სამსჭვალი, რომელიც უსაფრთხოდ და დაუზიანებლად იყო ყუთში მოთავსებული.
ფურიერი ორი შეუფასებელი ანტიკვარის გამოტანის შემდგომ შეუერთდა მეხანძრე-მაშველების, გადაუდებელი დახმარების სამსახურის მუშაკებისა და ანტიკური ნივთების ექსპერტთა ჯგუფს. მათ ყველამ ერთად შეძლეს და ალმოდებული ხანძრიდან გამოიტანეს მსოფლიო მემკვიდეობის უძვირფასესი ექსპონატები: წმინდა ლუის კვართი, სარიტუალო მაგიდა, რომელიც ნაპოლეონის კორონაციისას გამოიყენეს. მათ იხსნეს ე.წ. ვარდების ვიტრაჟი და ყველასთვის ცნობილი დიდი ორღანი. ფურიერის გუნდის წყალობით, ცეცხლის ალისგან უვნებლად გადარჩა 12 მოციქულისა და 4 ევანგელისტის უძველესი ქანდაკება.
ფურიერის გუნდმა ხანძრიდან რამდენიმე საათში შეძლო, გადამწვარი ეკლესიიდან გამოეტანა საუკუნოვანი ისტორიის ხელოვნების ნიმუშები და კაცობრიობის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარი, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის მეტადრე შეუფასებელია.

წყარო:http://ghn.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები