ვინ არის ქალი, რომელმაც 110 ოპერაცია გადაიტანა – “არჩევანის წინაშე დავდექი – შვილები, ანუ ბრძოლა სიცოცხლისთვის და აუტანელი ტკივილები”

დღეს „კვირა „ კიდევ ერთ საინტერესო ადამიანს გაგაცნობთ. ჩვენი რესპონდენტი გორში მცხოვრები, 110 სამედიცინო ოპერაციაგადატანილი, 47 წლის ირინა მაყიშვილია.
ირინა მაყიშვილი 1971 წლის 7 სექტემბერს პედაგოგისა და ხელოსნის ოჯახში დაიბადა. მისი ბავშვობა 14 წლამდე, როგორც თვითონ იხსენებს, ძალიან ბედნიერი, ლაღი და ხალასი იყო, თუმცა 1985 წლის 10 ივლისს მისი ცხოვრება საბოლოოდ შეიცვალა. 10 ივლისს, გამთენიისას, გორის რაიონულ საავადმყოფოში აპენდიციტის მწვავე ტკივილით შეიყვანეს და ერთ საათში ოპერაციაც ჩაუტარეს. ერთი შეხედვით მარტივი ოპერაცია ჩვენი რესპონდენტისთვის ყველაზე მძიმე და აუტანელი ფიზიკური თუ სულიერი ტკივილების დასაწყისი გახდა, რომელიც ამ დრომდე ახსენებს თავს. ექიმებმა ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი დიაგნოზი – “მცოცავი ინფექცია“ დაუსვევს, რომელიც ნელ-ნელა მთელ სხეულს ეუფლება და ტრაგიკულად მთავრდება.

-მოგვიყევით თქვენი ავადმყოფობის შესახებ? საიდან დაიწყო თქვენი ჯანმრთელობის პრობლემები?
-14 წლის ასაკში ჩამიტარდა აპენდიციტის ოპერაცია, თუმცა ექიმების დაუდევრობით, ქირურგიული ჩარევა ჩემთვის სავალალოდ დასრულდა. ოპერაციის დროს, სტერილიზაციის ნორმები არ იყო დაცული, რამაც ჭრილობაში ინფექციის შეყვანა გამოიწვია. ოპერაციის გაკეთებიდან მეორე დღეს, საშინელი ტკივილები დამეწყო, ვთხოვდი ექიმებს დახმარებას, თუმცა მეუბნებოდნენ, რომ ეს თანმდევი პროცესის მახასიათებელი ტკივილი იყო, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. ჭრილობამ დაიწყო დაჩირქება, საჭირო გახდა კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა, თუმცა კვლავ უშედეგოდ.

შემდგომ დედაჩემმა თითქმის მთელი პოსტსაბჭოთა ქვეყნები შემომატარა, მიკეთებდნენ ოპერაციებს, მაგრამ ავადმყოფობა მაინც პროგრესს განიცდიდა.

20 წლის ასაკში დავოჯახდი, ექიმის ნებართვით, გავაჩინე ორი შვილი. ამის შემდგომ, ჩემი შვილებზე გადავიტანე ყურადღება და ვცდილობდი, მიმევიწყებინა ჩემი დაავადება, თუმცა გორის სამხედრო ჰოსპიტალში წელიწადში რამდენჯერმე მიკეთებდნენ ქირურგიულ ოპერაციებს, რათა დროებით მაინც შეეჩერებინათ “მცოცავი ინფექცია”. გამუდმებით მქონდა მაღალი სიცხეები, ფეხზე ვიდექი, ვშრომობდი, ჩემი არაჩვეულებრივი შვილების გამო.

-როდის გახდა ავადმყოფობასთან გამკლავება უკვე შეუძლებელი?
-2011 წლის გაზაფხულზე უკვე ფეხზე დგომაც აღარ შემეძლო. დავდექი არჩევანის წინაშე – შვილები ანუ ბრძოლა სიცოცხლისთვის და აუტანელი ტკივილები, რომლის ფინალიც სიკვდილია. იცით, მე არ დავამარცხე სიკვდილი, ის ოთომ და თამუნამ დაამარცხეს ( შვილები. პირველად აქ შეუწითლდა ქუთუთოები). ქართული მედიცინა უძლური აღმოჩნდა ჩემი დაავადების წინაშე, ამიტომ აუცილებელი გახდა ჩემი საზღვარგარეთ წასვლა და მკურნალობა, რომელიც 80 000 ევრო ჯდებოდა. ასეთი თანხა ჩემი ოჯახისთვის წარმოუდგენელი იყო. ჩემი შვილები განცხადებებს ავრცელებდნენ, დახმარებას და დედის გადარჩენას ითხოვდნენ ( ისევ შეუწითლდა ქუთუთოები. ჩვენი რესპოდენტი რატომღაც ცრემლების დამალვას ცდილობს). ჩემმა ოთომ სტატუსიც კი დადო, სადაც წერდა, რომ საავადმყოფოში ჩავარდნილ ცნობილ ხალხს თუ ეხმარებოდნენ, მის დედასაც უნდოდა დახმარება, რადგან მის დედას ყველაზე მაგარი პროფესია – “დედობა” ჰქონდა.

ახლობლების დახმარებით, მომიგროვდა მცირე თანხა. გადავწყვიტე, კიევის გავლით, არალეგალურად, გადავსულიყავი საფრანგეთში. დღემდე მახსოვს აეროპორტში ჩემს შვილებთან გამომშვიდობების წუთები ( ისევ შეუწითლდა ქუთუთოები), მე არ ვიცოდი, ჩამოვიდოდი თუ არა ცოცხალი, მე არ ვიცოდი, ვნახავდი ისევ ჩემს შვილებს, მაგრამ…. მაგრამ უკან დასახევი გზა არ მქონდა.

ჩავფრინდი კიევში, ერთი ზურგჩანთით. იმ წუთებში, ჩემი სულიერი ტკივილი უფრო მეტი იყო, ვიდრე ფიზიკური, ცხოვრებაში პირველად დავტოვე ჩემი შვილები და არ ვიცოდი, კვლავ თუ შევძლებდი მათ ნახვას. არა, სიკვდილის არ მეშინოდა… ჩემი ოთოსი და თამუნასი მეშინოდა ( კვლავ შეუწითლდა თვალები).

-როგორ აღმოჩნდით საფრანგეთში, კერძოდ სამბრიოს საავადმყოფოში?
-სანამ საფრანგეთამდე ჩავაღწევდი, იყო კიევისა და პოლონეთის საავადმყოფოები და საზღვრები, რასაც ორი კვირა მაინც დასჭირდა. განსაკუთრებთ მძიმე იყო პოლონეთის საზღვარი, სადაც იყო სპეციალური ტაქსი, რომლითაც ქართველები გადაჰყავდათ საფრანგეთში. მივედი ტაქსისთან, თუმცა დანარჩენმა მგზავრები, ჩემი თანამემამულეები, მძღოლს სთხოვდნენ, მე არ ჩავესვი ტაქსიში, რადგან შესაძლებელი იყო, გზაში მომკვდარიყავი, ფეხზე ძლივს ვიდექი. ვთხოვდი ტაქსის მძოლს, რომ მოეცა შანსი, არ დავეტოვებინე, ვპირდებოდი, რომ ვიცოცხლებდი საფრანგეთამდე. ალბათ, შევეცოდე და მომცა წაყოლის უფლება.

18 საათი გზაში ვიყავით, გაჩერების უფლება არ გვქონდა, რადგან შეიძლება დავეკავებინეთ ყველანი, გზაში გამეხსნა ჭრილობა, თუმცა დროულად ბავშვის საფენები დავიდე ( პამპერსი), რათა სხვა მგზავრებს არ გაეგოთ და გზაში არ დავეტოვებინე. როგორც იქნა, მივაღწიე საფრანგეთში, სადაც ჩემი მეგობარი ლანა დამხვდა, რომელიც წლებია, პარიზში ცხოვრობდა. ჩემმა მეგობარმა სასწრაფოდ სამბრიოს საავდმყოფოში გადამიყვანა, სადაც 5 თვე დამტოვეს.

-როგორი იყო მკურნალობა სამბრიოს სამედიცინო დაწესებულებაში და რა შედეგით დასრულდა?
– რომ დამინახეს საავადმყოფოში, ასეთ მდგომარეობაში, პანიკა შეიქმნა. დღის განმავლობაში ჩამიტარეს ყველა სახის გამოკვლევა და როგორც მითხრეს, ყველაფერს გააკეთებდნენ, რომ ინფექციის ბლოკირება მოეხდინათ, რომელიც კისრის არემდე იყო ასული. გადარჩენის გარანტიები მათაც ვერ მომცეს. დღის განმავლობაში რამდენჯერმე შევყავდი საოპერაციო ბლოკში, ვერაფერს ვგრძნობდი. მუცლის არეში ჩამიდგეს აპარატი, რომელსაც მკაცრად აკონტროლებდნენ. მე მწამდა, რომ გადავრჩებოდი. ამის იმედის და რწმენას საქართველოში დატოვებული შვილები მაძლევდნენ. მკურნალობა-რეაბილიტაცია 5 თვე გაგგრძელდა. ფრანგი ექიმების წყალობით, გადავრჩი.

-როგორი იყო ოჯახის წევრების რეაქცია, როდესაც საქართველოში დაბრუნდით და გამოჯანმრთელებული დაგინახეს?
-მხოლოდ მეუღლე დამხვდა აეროპორტში. შუა ღამისას, მძინარე ბავშვებთან შევედი ოთახში. ეს იყო განცდა, რომელიც მთელი ცხოვრება გამყვება. “დედი“, – დავუძახე მათ. პირველმა თამუნამ (შვილი) გაახილა თვალი და დამაშტერდა. ვეღარ ვინძრეოდით ვერც ერთი, თითქოს გავქვავდით. ის ღამე იყო ჩემთვის ყველაზე ბედნიერი. მე ჩემი შვილების გვერდით დავიძინე. ჩემი შვილების დღემდე მადლობელი ვარ, მე ერთხელ ვაჩუქე მათ სიცოცხლე, ისინი კი ყოველ წამს მჩუქნიან, მათმა სიყვარულმა კარზე მომდგარი სიკვდილი დაამარცხა.
-მქონდა განცდა, რომ ინტერვიუს დროს ტირილი გინდოდათ, თუმცა თავს იკავებდით. რატომ?
-( ეღიმება ) ძალიან ბევრი ვიტირე ცხოვრებაში. ახლა, როდესაც გამოვჯანმრთელდი, ტირილის დრო არ მაქვს, არ უყვართ ჩემს შვილებს  როდესაც მათი დედა ტირის. ან რაღა მაქვს სატირალი? პირიქით, მიხარია სიცოცხლე, რომელიც ყველაზე მაგარი რამეა… მიხარია, რომ ჯანმრთელი ვარ, მე უფალმა და ჩემი შვილების სიყვარულმა კიდევ ერთხელ მომცა სიცოცხლის შანსი. 110 ოპერაციის შემდეგ, ადამიანი რომ გადარჩები და შენი ყოველი დილა შვილებთან საუბრით, ფინჯანი ყავით და შემდეგ ბაღჩაში ფუსფუსით იწყება, შენი აზრით, ტირილის მიზეზი გექნება?
ჩემი პასუხი მარტივი იყო – არა !

ნინო ბერძენიშვილი

კომენტარები

სხვა სიახლეები